უფალი კიდევ ერთხელ გამოეცხადა მოციქულებს და მიჰმადლა მშვიდობა
უფალი კიდევ ერთხელ გამოეცხადა მოციქულებს და მიჰმადლა მშვიდობა
ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის ქადაგება (1995-1996 წ.წ.):
-სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს არის მეორმოცე დღე ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან, ჩვენ გავხდით მონაწილე იმ დიდი ზეიმისა, რასაც ჰქვია ამაღლება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, დიდი ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენ მოწმე გავხდით კიდევ ერთხელ შევხვედროდით უფალს, მის წმინდა ამაღლების დღესასწაულს. რა თქმა უნდა, მოციქულების მსგავსად, უფალმა გვაკურთხა, დაგვლოცა და მოგვცა იმის საშუალება, რომ ნუგეშინისმცემელი მადლი, როგორც მოციქულების თავზე გარდამოვიდა, ისე გარდამოვა ჩვენზეც, ყოველ ჭეშმარიტ ქრისტეს მიმდევარ ადამიანზე, რომლებიც ამ ეკლესიური საიდუმლოებების მიხედვით მივყვებით ქრისტიანულ გზას. რა თქმა უნდა, სულიწმინდის მადლი გადმოვა როცა ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, ეს არის ის საიდუმლოებები, რომლებიც დედა ეკლესიამ დააწესა, ნათლობიდან დაწყებული, დამთავრებული შვიდგზის ზეთისცხებით. ყველგან მონაწილეობს სულიწმინდის მადლი.

უფალი კიდევ ერთხელ გამოეცხადა მოციქულებს და მიჰმადლა მშვიდობა. როგორც სული, ისე შევიდა დახშულ კარში და - მშვიდობა თქვენთანა - მიმადლა მათ. თავიდან, რა თქმა უნდა, უგრძნებელობა გამოჩნდა მოციქულების მხრიდან და ჯერ კიდევ ვერ იწამეს მათ, მაგრამ, შემდგომ როდესაც კიდევ გაუმეორა - მშვიდობა თქვენთანა, გაკვირვებულები იდგნენ. უფალს სურდა ეს გაუგებრობა გაეფანტა და - გაქვთ რამე, ძმანო, ჭამადი? - მიმართა მოციქულებს. მათ მიუპყრეს თევზისაგან მწვარისა და თაფლისაგან გოლეული. მასთან ერთად მოიღო ნეშტი და შემდგომ კი დაუწყო გადმოთარგმანება ძველი წინასწარმეტყველებისა და იმ განმარტებისა ფსალმუნთა, "მაშინ, განიხვნეს გონებანი მათნი და შეიცვნეს უფალი".

უფალმა კიდევ ერთხელ დალოცა, კიდევ ერთხელ აკურთხა და იერუსალიმიდან ბეთანიამდე გაიყვანა ამ დალოცვაში, ამ კურთხევაში ნელ-ნელა ამაღლდა ზეცად ელეონის მთიდან. კურთხევას რომ აძლევდა, განცვიფრებული მოციქულები შეჰღაღადებდნენ ზეცად აღმავალ უფალს. ამ დროს სპეტაკმოსილი, ორი ანგელოზი ეუბნება მათ -"რასა შეჰყურებ და უცქერი ზეცას"? როგორც აღმავალი ხედავთ უფალსა, ასევე მოვიდეს მეორედ მოსვლის ჟამსო. მართალია, უფალი ამაღლებულია, მამის მარჯვნივ ზის, იმ სულიერ საყდარზე ცათა სასუფეველში, იქიდან გვაკურთხებს და ყოველ ჩვენთაგანთან ახლოს არის დღესასწაულებშიც, ლხინშიც და გაჭირვებაშიც.

უფრო მეტად აქტიურნი უნდა გავხდეთ საეკლესიო ცხოვრებაში, რათა სულიერი, ზეციური სასუფეველი დავიმკვიდროთ, ცხონება დავიმკვიდროთ. ამას გვასწავლის დედა ეკლესია და ამაში უნდა მიიღოს მონაწილეობა ყოველმა მართლმორწმუნემ. თუკი არ მიიღებს, ის ქრისტეს მიმდევრად აღარ ჩაითვლება.

მრავალ ამაღლების დღესასწაულს დაგვასწროს ღმერთმა!
ბეჭდვა
1კ1