ალავერდის მადლი ეფინება საქართველოს
ალავერდის მადლი ეფინება საქართველოს
ალავერდის დიდებული ტაძარი მრავალი სიწმინდის სავანეა. აქ განისვენებს მისი დამაარსებლის წმინდა იოსებ ალავერდელის წმინდა გვამი.

მას შემდეგ, რაც ღირსმა იოანე ზედაზნელმა თავისი თორმეტი მოწაფე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაუშვა სამოღვაწეოდ, წმინდა იოსები კახეთში დამკვიდრდა.

გადმოცემით, ამბა იოსები ბავშვობიდანვე ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აწამეს. სწორედ ამ ცხოველსმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით მიაღწია წმინდა მამამ ალავერდს, რომელიც იმ დროს უდაბური, უკაცრიელი და უნაყოფო ადგილი იყო.

ველურ ცხოველთა შორის განმარტოების ღვაწლს შემდგარი მამა იოსები უფლის განგებით ნახა მიუვალ ადგილებში სანადიროდ გამოსულმა ერთ-ერთმა დიდებულმა. როგორც კი იხილა წმინდა ბერი, მაშინვე მიხვდა, რომ მის წინაშე ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ჩამოხტა ცხენიდან, თაყვანისცემით მიეახლა, მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და ამ უკაცრიელ ადგილას ყოფნის მიზეზი. ეპისკოპოსმა მასში კეთილგონიერი ადამიანი დაინახა და ამიტომ არ დაუმალა თავისი ვინაობა. დიდებული წმინდა მამას ტაძრის აშენებას შეჰპირდა და შეასრულა კიდეც დანაპირები. ალავერდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააშენა.

ამბა იოსების დაუცხრომელი ქადაგებით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. წმინდა მამამ უამრავი მოწაფე შეიძინა, მეუდაბნოეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. წმინდა იოსებმა ტაძარში ერთი მყუდრო და ბნელი ადგილი მოძებნა და იქ მოღვაწეობდა მარხვითა და მღვიძარებით.

KARIBCHEხანგრძლივი ქადაგებითა და შრომით ფიზიკურად მოუძლურებულმა წმინდანმა იგრძნო აღსასრულის მოახლოება, შეკრიბა მოწაფეები, აკურთხა, დაარიგა, დაუდგინა წინამძღვარი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმინდა ბერი მის მიერვე აშენებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ალავერდის საკათედრო ტაძრის სამკვეთლოსთან დღესაც არის ამბა იოსების საფლავი, სადაც მრავალი სასწაული აღესრულება.

ყოველ წელიწადს, 28 სექტემბერს, საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენებას. ალავერდში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება ეს დღესასწაული, რომელსაც ალავერდობა უწოდეს. იგი ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, იწყება და ერთი კვირა გრძელდება. აქ არა მარტო კახეთიდან, არამედ მთელი საქართველოდან ჩამოდიან მორწმუნეები მოსალოცად.

ალავერდის ტაძარი მემატიანეა მრავალჭირნახული საქართველოსი. აქ განისვენებენ კახეთის მეფენი. წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალმა ალავერდში დააკრძალვინა გამაჰმადიანებული კონსტანტინეს მიერ მუხანათურად მოკლული მამამთილის მეფე ალექსანდრესა და მაზლის უფლისწულ გიორგის ცხედრები.

საქართველოს თავზე კვლავ დატრიალდა უბედურება. გარდაიცვალა წმინდა დედოფლის მეუღლე დავითი, კახეთში გამეფდა მისი შვილი თეიმურაზი, მაგრამ მძვინვარე შაჰ-აბასმა მძევლად წაიყვანა მეფე თეიმურაზის ორივე ვაჟი. მათ თან გაჰყვა დედოფალი ქეთევანიც. გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა შვილიშვილები, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. წმინდა დიდმოწამეს მთელი ათი წლის მანძილზე უმალავდნენ შვილიშვილების ხვედრს.

დედოფალი იტანჯებოდა "საპატიო" ტყვეობაში. დაუცხრომელი მარხვითა და ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია მისი სხეული. მაინც მხნედ იყო, დედობრივ მზრუნველობას არ აკლებდა მის გარშემო მყოფ ქართველ ტყვეებს.

მრისხანე შაჰი ხედავდა, რომ წმინდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ სამშობლოს. უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისთვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდე მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როდესაც წმინდა ქეთევანმა შვილიშვილების ბედი შეიტყო: ლევანმა სატანჯველს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ალექსანდრე კი შეიშალა.

დედოფალი რომ ვერ დაიყოლია, შაჰმა გადაწყვიტა, ყველაზე სასტიკი სიკვდილით დაესაჯა სამშობლოსა და სარწმუნოების ერთგული წმინდა ქეთევანი.

KARIBCHEმოედანი, სადაც წმინდა ქეთევანი აწმეს ხალხით გაავსეს. გახურებული შანთების, სპილენძის ქვაბებისა და ცეცხლის წინ უდრეკად მდგარმა დედოფალმა მხოლოდ ერთი რამ სთხოვა ჯალათებს: "დედის ნაშობნი ხართ თქვენც და სიშიშვლით ნუ შეურაცხმყოფთო".

წმინდა დედოფალმა ენით აუწერელი წამება დაითმინა. უსჯულოებმა გახურებული ქვაბი დაამხეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს. არ შედრკა დედოფალი. ბოლოს კი გახურებული ბარით გაუპეს შუბლი.

წმინდა სულმა დატოვა ნაწამები სხეული. ჯალათებმა გვამი ნადირთა სათრევად დააგდეს, მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთმა სასწაული მოავლინა - წმინდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლითა და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმინდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა 1723 წლამდე, ალავერდის მორიგი აოხრების დროს კი დაიკარგა.

26 სექტემბერს საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ქეთევანი სიმბოლოა სარწმუნოებისა და სამშობლოს ერთგულებისა. ასეთი წამება მხოლოდ სულიერად მტკიცე, უფლის წმინდა ნებას მინდობილ ადამიანს შეუძლია დაითმინოს. ყოვლადსახიერმა ღმერთმა წმინდა დიდმოწამე ქეთევანის მეოხებით მოგვმადლოს სულიერი სიმტკიცე და გონიერება ყოველ ქართველს, რათა მუდამ გვახსოვდეს წმინდა დედოფლის მოწამებრივი ღვაწლი და მთელი საქართველოსთვის გაწეული მისი დედობრივი ამაგი თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წმინდა ცხოვრებით დაგვეფასებინოს.
ბეჭდვა
1კ1