მართლმადიდებლობის ზეიმი
მართლმადიდებლობის ზეიმი
დიდმარხვის პირველ კვირას ეკლესია აღნიშნავს "მართლმადიდებლობის ზეიმს". ეს ტრადიცია დასაბამს IX საუკუნიდან იღებს. როგორც ცნობილია, მეშვიდე მსოფლიო კრებამ (787 წ.) დაამტკიცა ხატებისა და სხვა საეკლესიო სიწმიდეების თაყვანისცემის ჭეშმარიტება. თუმცაღა მწვალებლობა ამ კრების შემდეგაც არ ჩამქრალა და აგრძელებდა ბრძოლას საღმრთო სწავლების წინააღმდეგ. დედეოფალმა თეოდორამ ხატმბრძოლი მეუღლის, იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, 842 წლის 18 თებერვალს მოაწვევინა საეკლესიო კრება ხატთაყვანისცემის აღდგენისათვის. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლება ხატთა თაყვანისცემის შესახებ. კრებაზე გადაწყდა განეკვეთათ ის სასულიერო პირები, რომელთაც არ სურდათ თავისი მწვალებლობის უარყოფა. ამავე კრებაზე დადგინდა, რომ მორწმუნეთა ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად ყოველწლიურად აღესრულებინათ "მართლმადიდებლობის ზეიმის" წესი. ხატების თაყვანისცემის აღდგენის საზეიმოდ აირჩიეს დიდმარხვის პირველი კვირა. ამ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ წმიდა სოფიას ტაძარში შეკრიბა მართლმადიდებელი სამღვდელოება და კრების მონაწილენი. იქ იყო დედოფალი თეოდორა თავის ვაჟთან ერთად. ტაძარში შეკრებილნი ხალხთან ერთად ლიტანიობით – ხატებით, ანთებული სანთლებით, გალობით გაემართნენ ქალაქის შუაგულისაკენ. ამის შემდეგ აღსრულდა სადღესასწაულო წირვა. ლიტანიობისა და წირვის დროს ხატები ამაღლებულ ადგილას იყო დასვენებული. ამ დღეს მართლმადიდებლობის დღე ეწოდა. გადმოცემით "მართლმადიდებლობის ზეიმის" წესი წმ. პატრიარქმა მეთოდემ შეადგინა.

ბეჭდვა
1კ1