ამ სიყვარულის პირველი ნაყოფი ანგელოზთა დასი იყო
ამ სიყვარულის პირველი ნაყოფი ანგელოზთა დასი იყო
შემოქმედმა ღვთაებრივი სიყვარულით სიცოცხლე მიანიჭა გონიერ არსებებს, რომლებიც შეიცნობდნენ და სიყვარულითვე უპასუხებდნენ მას. ამ სიყვარულის პირველი ნაყოფი ანგელოზთა დასი იყო - უფალმა ჯერ შექმნა სულნი უსხეულონი, გონიერნი და თავისუფალნი, შემდეგ კი არარსობიდან არსობაში მოიყვანა ხილული სამყარო.

ღმერთმა ანგელოზებს მრავალი ნიჭი უბოძა და ზეციურ სასუფეველში დაასახლა. ამის მიუხედავად, უფლის სხვა ქმნილებათა მსგავსად, არც ანგელოზნი არიან სრულყოფილნი; სრულყოფილი მხოლოდ თავად ღმერთია, ყოველი არსების შემოქმედი.

საკუთარი სიდიადით მოხიბლული ზოგიერთი ანგელოზი გაამპარტავნდა და ეს სიამაყე გახდა მათი დაცემის მიზეზი. პირველად სატანა აუმხედრდა შემოქმედს, მას სხვებიც მიჰყვნენ. ღვთისაგან განდგომილი ნათლის ანგელოზები წყვდიადის მოციქულებად გადაიქცნენ, შემოქმედის ერთგულებმა კი სრულყოფილ ნეტარებას მიაღწიეს, წმინდა ნათლით შემოსილნი ღვთიური დიდებით ბრწყინავენ და მარადიული მშვენიერების ჭვრეტით აღფრთოვანებულნი უფლისადმი უსაზღვრო სიყვარულით არიან სავსენი, ნეტარებენ, აქებენ და ადიდებენ ყოვლისშემძლე ღმერთს. უფალიც მათი მოქმედებით მართავს სამყაროს. ისინი მისი ერთგულნი არიან, უზენაესი მათ დედამიწაზე გზავნის ადამიანებისთვის ზეციური მამის ნების საუწყებლად - ანგელოზი ხომ მაცნეს, მაუწყებელს ნიშნავს. ქმნილებათა შორის უფალმა ისინი უმაღლეს საფეხურზე დააყენა. ანგელოზთა გონებასა და შემეცნებას სხვა საზღვარი არ აქვს, იმის გარდა, რაც შემოქმედის სიბრძნის წყალობით მიეცათ. ანგელოზებს ყველა ცოცხალ არსებაზე აღმატებული შესაძლებლობანი გააჩნიათ, რომელთა საშუალებითა და ღვთის ნებით მიწიერ სამყაროზე ზემოქმედება ძალუძთ.

ანგელოზთა შესახებ ცნობილია სოკრატეს, პლატონის, ბერძენ და რომაელ სწავლულთა აზრები, მაგრამ ნაშრომების სახით ჭეშმარიტი სწავლებები ამის თაობაზე საეკლესიო მოღვაწეებმა დაგვიტოვეს - წმინდა დიონისე არეოპაგელმა, წმინდა გრიგოლ ნაზიანზელმა, წმინდა ბასილი დიდმა, წმინდა იოანე ოქროპირმა, ნეტარმა ავგუსტინემ და სხვებმა.

წმინდა მამათა და სწავლულთა მოძღვრება ერთხმადაა დადასტურებული მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. ეკლესია გვახსენებს ანგელოზთა და ადამიანთა მჭიდრო კავშირს. ძველი და ახალი აღთქმა განუწყვეტლივ გვესაუბრება ანგელოზებზე, მათი შემეცნების შემდეგ ნათლად ვგებულობთ, თუ რა მონაწილეობას იღებენ ანგელოზები ღვთის ნების აღსრულებაში და როგორია კაცთა მოდგმისადმი მათი ღვაწლი.

წმინდა წერილში არაერთგზის არიან ნახსენებნი უფლის ანგელოზები, ისინი ეცხადებოდნენ პატრიარქებს - აბრაამმა ერთხელ უმასპინძლა კიდეც მათ, ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა, როდესაც ის უფალს მსხვერპლად საკუთარ ძეს, ისააკს სწირავდა; აგარს უდაბნოში ანგელოზმა სცა ნუგეში; იაკობმა ზეციურ კიბეზე მოსიარულე ანგელოზები იხილა; ესაია გახსნილ ზეცაში ტახტზე მჯდომ ღმერთსა და მის მადიდებელ ანგელოზებს ხედავდა; ბეთლემელ მწყემსებს ანგელოზმა ამცნო იესოს შობა, ანგელოზებივე გალობდნენ - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"; პეტრე საპყრობილიდან ანგელოზმა გამოიყვანა; უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როცა ანგელოზები ეცხადებოდნენ მოციქულებს, მოწამეებს, წმინდანებს და უბრალო ადამიანებსაც.

მოციქულთა გადმოცემით, ანგელოზთა რიცხვი უთვალავია.

ზეციური მხედრობისთვის დამახასიათებელია საოცარი წესრიგი. ღვთაებრივმა გონმა ისინი 9 დასად დაყო, რომლებიც სამ იერარქიად ერთიანდება. ნიკიტა სტიტათას (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფის) მიხედვით ეს იერარქია ასე ნაწილდება: საყდარნი, ქერუბიმნი, სერაფიმნი - პირველი სამეული; უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი - მეორე სამეული და მესამე სამეული - მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა, იგი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. მასზე დაგმეს და უარყვეს ანგელოზებისათვის ღვთაებრივი პატივის მიგება და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დაამტკიცეს.

მთავარანგელოზთა კრება 21/8 ნოემბერს აღინიშნება - მარტიდან (ადრე აქედან იწყებდნენ წელიწადის ათვლას) მეცხრე თვის (ანგელოზთა ცხრა დასის შესაბამისად) მერვე დღეს, რომელიც სიმბოლურად მეორედ მოსვლას ნიშნავს.

იმის შესახებ, თუ ზეციურ ძალთა რომელ დასს ეკუთვნიან მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. წმინდა გრიგოლი დიდის მიხედვით, მთავარანგელოზებს ანგელოზთა წინამძღვრობა ევალებათ. არის შეხედულება, რომ მთავარანგელოზი მიქაელი მთელ უხორცო დასთა წინამძღოლადაა დადგენილი, პავლე მოციქულის მოწაფე, წმინდა დიონისე არეოპაგელი კი, პირიქით, იმასაც შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ისინი საკუთრივ ანგელოზთა ანუ რიგით მეცხრე - ყველაზე უმდარეს დასს ეკუთვნიან, უბრალოდ, გამორჩეული ღირსებების გამო, მთავარანგელოზები ეწოდათ.

რა ადგილიც არ უნდა ეკავოთ ამ ანგელოზებს ზეციურ მხედრობათა იერარქიულ დასში, წმინდა წერილიდან ჩვენთვის ყველაზე მეტად ისინი არიან ცნობილნი.

არსებობს გადმოცემა, რომ მთავარანგელოზი მიქაელი, რომლის სახელი ებრაულიდან ითარგმნება როგორც "რომელი ვითარცა ღმერთი", შეებრძოლა ღვთის წინააღმდეგ ამხედრებულ სატანას, დაამარცხა იგი და მის მოციქულებთან ერთად ზეციდან გადმოაგდო, დანარჩენ ანგელოზებს კი უფლის ერთგულებისკენ მოუწოდა.

მთავარანგელოზი მიქაელი წინამძღვრობდა ებრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლისას, დღისით - ღრუბლის, ღამით კი ცეცხლოვანი სვეტის სახით მიუძღოდა აღთქმული მიწისაკენ, მან მოწყვიტა ებრაელების მდევნელი ეგვიპტელები, მან დაიცვა გახურებულ ღუმელში ცოცხლად შეყრილი ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც ვერ დაითანხმეს კერპების თაყვანისცემაზე. საღვთო წერილში კიდევ ბევრგანაა ნახსენები მთავარანგელოზის შემწეობა.

ალექსანდრიის პატრიარქმა ტიმოთემ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის - წმინდა პროხორეს სახლში იპოვა წიგნი, რომელშიც პროხორეს ანგელოზისაგან თავისი დიდი მასწავლებლისთვის ნაუწყები სიტყვები ჰქონდა ჩაწერილი. გთავაზობთ მისგან ამონარიდს: "ებრაელებმა მაცხოვარი უწყალოდ რომ აცვეს ჯვარს, მთავარანგელოზი მიქაელი ისე შეძრწუნდა, რომ მისი მწუხარებისაგან ცა და ქვეყანა განკრთა. ოდეს მაცხოვარი აღსდგა მკვდრეთით, მთავარანგელოზმა მიქაელმა გადააგორა უფლის საფლავის ქვა და ახარა მენელსაცხებლე დედათ. მანვე შეაჩერა სატანა და წაართვა ყოველივე, რაც ჰქონდა მას. ღმერთმა მიჰმადლა მთავარანგელოზ მიქაელს დიდი ძალა და დართო ნება, თვით ჯოჯოხეთის ტანჯვაში მყოფი სულების გადარჩენისა: უფალმა მიანიჭა მას ციურ ძალთა წინამძღოლობა და უფლება, ყოველი წლის 6 (ახ.სტ. 19) სექტემბერს ქერუბიმთა და სერაბიმთა ნავით, ანგელოსთა და წმინდანთა თანხლებით, მიუახლოვდეს განწირულთა სულებს. ამ დიდმნიშვნელოვან დღეს იგი მუხლმოდრეკილი და პირქვედამხობილი ლოცულობს ტანჯული სულებისათვის მანამ, ვიდრე ღმერთი არ შეიწყალებს ადამიანებსა და ყოველივე სულიერს დედამიწაზე". როგორც წიგნი გვამცნობს, იოანე ღვთისმეტყველმა თავად იხილა, როგორ ამოჰყავდა მთავარანგელოზ მიქაელს თავისი ფრთებით ცოდვილთა სულები ჯოჯოხეთის ტბიდან.

ამ მოთხრობამ ტიმოთეს დიდი ნუგეში სცა და მრევლს მთავარანგელოზის თაყვანისცემისაკენ მოუწოდა.

მთავარანგელოზ მიქაელს ხატებზე ჯავშნით გამოხატავენ, მის მიმართ განსაკუთრებით დემონურ ცთუნებათა დროს ლოცულობენ.

მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს სწორედ ის აუწყებდა იესო ქრისტეს მოსვლას, ღვთისმშობელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა მაცხოვრის მასში განხორციელების, ასევე ზაქარიას - იოანე ნათლისმცემლის, უფლის წინამორბედის, დაბადების შესახებ. მთავარანგელოზი გაბრიელი წმინდანებს მათი ამქვეყნიდან განსვლის ჟამს ამცნობს. იგი სამოთხის რტოთი გამოისახება, რომელიც მან ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა.

მთავარანგელოზი რაფაელი ადამიანებს სნეულებათაგან იცავს. ყრმა ტობიას რაფაელ მთავარანგელოზი ახლდა შორეულ მოგზაურობაში, სამშობლოში მასთან ერთად დაბრუნდა და მის მოხუც მამას თვალის ჩინი დაუბრუნა...

მთავარანგელოზ რაფაელს ხატებზე მარჯვენაში მაკურნებელი წამლის ჭურჭელი უჭირავს, მარცხენაში კი ჭაბუკი ტობია.

მთავარანგელოზი ურიელი ბერ-მონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გონებას გვინათლებს, რათა ღვთიური საიდუმლოებები და წმინდა წერილი შევიმეცნოთ.

მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა. საეკლესიო გადმოცემით, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი. მთავარანგელოზი ურიელი ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით გამოისახება.

სელაფიელი მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს ლოცვისას უხილავად შეეწევა. მას ასევე ევედრებიან ავადმყოფობებისას, რომლებსაც კანკალი ახასიათებს (მალარია, ეპილეფსია). მთავარანგელოზი სელაფიელი მლოცველის მდგომარეობაში გამოისახება - თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი, ზოგჯერ კი ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

მთავარანგელოზ სელაფიელს განსაკუთრებით ლოცვის დასაწყისისას ევედრებიან, მისგან ყურადღებიან და ღრმა ლოცვაში შემწეობას ითხოვენ.

ეგუდიელი უფლის მადიდებელია. ის მოღვაწეებს განამტკიცებს და შუამდგომლობს შემოქმედთან, იგი მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედაც ითვლება. ხატებზე მას მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი, ხოლო მარცხენაში სამტოტიანი შოლტი უჭირავს, რაც ზარმაცებს და უდებებაში მყოფთ შეახსენებს, რომ გონს მოგებამდე ცხოვრებაში ბევრი სასჯელი და მწუხარება დაატყდებათ, გვირგვინი კი გულმოდგინეებისთვისაა განკუთვნილი.

ვარახიელი კეთილ საქმეებზე უფლისმიერ კურთხევას იძლევა. იგი ადამიანებისთვის მოწყალებას გამოითხოვს. ძირითადად კი მოწამეთა, ქრისტეს აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატებზე მის სამოსელს ამშვენებს სულიწმინდის ნიჭთა სიმბოლო - ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე.

იერომიელი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა. იგი ხატებზე სასწორით ხელში გამოისახება.

***
უფალი იესო ქრისტე გვეუბნება: "ამინ, თქვენ იხილნეთ ცანი განხმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და დაღმავალნი ძესა ზედა კაცისასა" (იო. 1,51). ანგელოზები მადლის მოსაცემად გვევლინებიან, ღმერთთან კი ჩვენი მადლიერება და ლოცვა მიაქვთ. ვინ უნდა იყოს უფრო ძლიერი, გულმოდგინე შუამავალი, ერთგული დამცველი, თუ არა ეს კეთილშობილი სულები, რომლებიც ცოდვით დაცემულ ადამიანებს თავიანთ ძმებს გვიწოდებენ.

21 ნოემბერს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძართა დღესასწაულია - ქუთაისის მწვანეყვავილასი, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რ.), დიმის (ბაღდათის რ.), ერკეთის (ჩოხატაურის რ.), გრემის, შუამთის (თეკლესეული). მათი მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს, ჩვენ კი ვევედროთ მთავარანგელოზებს, რომ შემწედ გვექმნენ "ყოველთა განსაცდელთა, ურვათა და მწუხარებათა შინა", განგვინათლონ გონება და გაგვაძლიერონ უფლისა და მოყვასის სიყვარულში.

მოამზადა
მარი აშუღაშვილმა
ბეჭდვა
1კ1