სწორედ ცხონებისა და მარადიული სიცოცხლისთვის აღემართა ჯვარი
სწორედ ცხონებისა და მარადიული სიცოცხლისთვის აღემართა ჯვარი
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ყოველივე ამას კი წინ უსწრებდა სასწაული, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა: ერთხელ, ერთ-ერთი ბრძოლის დასასრულს (312 წელს, როცა კონსტანტინე დიდი ეომებოდა მაქსენტის), კონსტანტინე დიდმა და მთელმა ჯარმა დაინახეს ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: "ამით სძლიე!" მეორე ღამით იმპერატორს თვით იესო ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უთხრა, რომ ჯვრის ძალით სძლევდა მტერს, თან უბრძანა, ბრძოლაში ჯვარი წინ წაემძღვარებინა. იმპერატორი ასეც მოიქცა და გაიმარჯვა.

კონსტანტინემ ირწმუნა ჯვრის ცხოველმყოფელობა და აღინთო უფლის პატიოსანი ჯვრის პოვნის სურვილით, რომელზეც მაცხოვარი ევნო კაცთათვის. ამ მიზნით იერუსალიმში გაგზავნა დედა, მოციქულთა სწორი, წმინდა დედოფალი ელენე (+327წ.). პირველ ხანებში ძიება წარუმატებელი აღმოჩნდა. მაშინ იუდეველები დააშინეს და მათაც გაამხილეს მოხუცი იუდეველის - იუდას სახელი, რომელმაც ჯვრის ადგილსამყოფელი იცოდა. იუდა დიდხანს დუმდა. ბოლოს ღრმა თხრილში ჩააგდეს და გაამხილა, თუ სად იყო ჩაფლული ჯვარი.

დედოფალმა ელენემ დაანგრევინა კერპების ტაძარი, რომელიც ჩამარხულ ჯვრებზე იყო აგებული. იპოვეს მაცხოვრის სამარხი და გოლგოთა, შორიახლოს კი სამი ჯვარი. იქვე იყო ის ფიცარი, რომელზეც პილატემ სამენოვანი - ებრაული, ლათინური და ბერძნული - წარწერა გააკეთებინა ("იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათა") და ის ოთხი სამსჭვალიც, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმეს. იმისთვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო (როგორც ცნობილია, მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი - მარცხნივ, მეორე - მარჯვნივ. მარცხნივ გაკრული ავაზაკი გმობდა უფალს. მარჯვენა ძელზე დაკიდებულმა ავაზაკმა შერისხა ამ გმობისთვის და სთხოვა იესო ქრისტეს, რათა მოეხსენებინა იგი ცათა სასუფეველში. უფალმა აღუთქვა მას ცხონება და მართლაც, პირველი, ვინც მან სასუფეველში შეიყვანა, სწორედ ეს მონანული ავაზაკი იყო), პატრიარქმა მაკარიოსმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხებისთანავე იგი გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება ვერ შეძლო. მაშინ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შესძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა.

უფლის ცხოველმყოფელმა ჯვარმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა: განიკურნა მძიმედ დასნეულებული დედაკაცი. ამ სასწაულთა ხილვამ მოხუცი იუდა და მრავალი სხვაც ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იუდა, შემდეგში - კვირიკე, იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა და იულიანე განდგომილის დროს (361-369) მოწამებრივად აღესრულა.

კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი უფლის პატიოსანი ჯვრისა და სამსჭვალები. აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი თავის ნაშრომში "ივერიაში მოგზაურობა" გვამცნობს, რომ მაცხოვრის ოთხი სამსჭვალიდან ერთი ადრიატიკის ზღვაში გადააგდეს, მეორე კონსტანტინე დიდმა გამოიყენა თავისი ცხენის ლაგამისთვის, ხოლო დანარჩენი ორი მან საქართველოში გაგზავნა. ამ ორი სამსჭვალიდან ერთ-ერთი ამჟამად საქართველოს საპატრიარქოში ინახება, ერთი კი მე-17 საუკუნეში არჩილ II-მ რუსეთში წაიღო მანგლელი მიტროპოლიტის მიტრასთან ერთად. სამსჭვალი მიტრაში იყო ჩაკერებული.

სიკვდილისგან ადამიანთა მოდგმის გამოხსნაში განუზომელია ჯვრის მნიშვნელობა და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხედავენ ეშმაკის მანქანებით დაბრმავებულნი, რომელნიც უარყოფენ ჯვრის ცხოველმყოფელობას. ძალზე მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის სიტყვები ჯვრის შესახებ: "სიტყვაი იგი ჯვარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩვენ, ცხოვრებულთა ამათთვის, ძალ ღმრთისა არს" (1 კორ. 1,18).

ჭეშმარიტი მორწმუნენი და ქრისტეს სჯულის აღმსარებელნი უდიდეს პატივს მიაგებენ ჯვარს, როგორც ძლევისა და გამარჯვების დიად ნიშს, რადგან ჯვარი ეკლესიის ცხოვრებაა. ჯვარი არის მისადმი მოსავთა სიქადული, რომელმაც გამოგვიხსნა ბოროტის ტყვეობისგან, განგვარიდა სიკვდილსა და წარწყმედას. ამიტომაც იყო, რომ ჯვარცმისას მორწმუნენი წუხდნენ, ხოლო აღდგომისას მათი მწუხარება სიხარულმა შეცვალა. ჯვარმა ადამიანთა ბუნება ანგელოზთა ბუნებას მიაახლოვა და უხრწნელი ცხოვრების ღირსი გახადა, ღვთის მონობიდან ღვთის მეგობრობამდე აღიყვანა: "მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ" (ებრ. 2,12). ჯვრის ცხოველმყოფელობით და ძლიერებით ეშმაკი დაეცა და ყოველი მისი მსახური განიბნა. იძლია სიკვდილი და შემოვიდა უკვდავება.

უგუნურ სექტანტებს მიაჩნიათ, რომ ჯვარი მხოლოდ და მხოლოდ მკვლელობის იარაღია და უკვირთ, როგორ შეიძლება მისი თაყვანისცემაო; მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ: ჯვარი მკვლელობის იარაღი იქნებოდა, თუკი ჯვარცმას აღდგომა არ მოჰყვებოდა, ანუ ჯოჯოხეთის მეუფების დამხობა და ჩვენი გამოხსნის დასაბამი. ჯვარი მკვლეობის იარაღი კი არა, კაცობრიობის მოდგმის გამოხსნის იარაღია. ჯვარი ერთგვარი სატყუარა გახდა ეშმაკისთვის; დაცემულმა ანგელოზმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იესო ქრისტე ჯვარზე გაეკრათ, მაგრამ როცა ეგონა, ქრისტეს ჯვარცმით სძლია, სწორედ მაშინ აღმოჩნდა ძლეული. ჯვრით დაემხო მისი მეუფება ადამიანებზე. ჯვარი - ტკივილის, გლოვის და სიკვდილის სიმბოლო - გადაიქცა სიცოცხლის მომნიჭებელ და სიცოცხლეში შემყვან ძლევამოსილ, ცხოველმყოფელ ნიშად.

ამგვარად, აღმატებულია და დიადია ჯვრის საიდუმლოს ძალა, რომელმაც ბნელისგან გამოიყვანა და საუკუნო ნათელს აზიარა ადამიანი, რომელმაც გვასწავლა სიმართლე ღვთისა, სიყვარული და მშვიდობა. "ჯვარი იქადაგების და სარწმუნოებაი განმრავლდების, და ჭეშმარიტებაი ყოველსა სოფელსა მოეფინების; ჯვარი იქადაგების და მარტვილნი გამოჩნდებიან, და ქრისტეისა სარწმუნოებით განძლიერდებიან; ჯვარი იქადაგების, და აღდგომაი იჩინების, და ცხოვრებაი გამობრწყინდების; ჯვარი იქადაგების და ურწმუნონი მოიქცევიან და ცხოვრებასა მიემთხვევიან" (იოანე ოქროპირი).

ადამიანმა ჯვრის სასწაულებრივი ძალა და საოცარი მადლი ღრმად უნდა გააცნობიეროს სულის საცხონებლად, რადგან სწორედ ცხონებისა და მარადიული სიცოცხლისთვის აღემართა ჯვარი, აღემართა, რათა დაითრგუნოს სიკვდილი და მთელი ქვეყნიერება ჭეშმარიტებით აღივსოს.

წმინდა კირილე იერუსალიმელის გალობა და სადიდებელი სრულად, ყოვლისმომცველად წარმოაჩენს ჯვრის სიდიადეს:

"გიხაროდენ, ჰოი, ჯუარო საქებელო, შენ მიერ განთავისუფლდა ადამ წყევისა მისგან და მხიარული და განახლებული კუალად სამოთხედვე შევიდა და მოიღო პირველივე იგი ნეტარებაი... ჯუარი სიხარული არს ანგელოზთაი და მწუხარებაი ეშმაკთაი. ჯუარი სასუფეველი არს ეკლესიათაი და დამამხობელი საკერპოთაი. ჯუარი სანთელი არს ყოვლისა დაბადებულისაი და ნათელი სამარადისოი, ყოვლისა განმანათლებელი. ჯუარი ზღუდეი არს შეურყეველი და გოდოლი დაურღვეველი. ჯუარი სინათლეი არს მღვდელთაი და შუენიერებაი ერისაი. ჯუარი სიქადული არს მეფეთაი და ძლიერებაი მფლობელთაი... ჯუარი მცველი არს ქალაქთაი და მფარველი დაბნებისა ყოვლისაი. ჯუარი სიხარული არს მორწმუნეთაი და მწუხარებაი ურწმუნოთაი. ჯუარი წარმწყმედელი არს ეშმაკთაი და ყოველთა მორჩილთა მისთაი. ჯუარი საშინელება არს მტერთაი და განმაძლიერებელი მოყუარეთაი. ჯუარი სასოი არს ქრისტიანეთაი და შემაძრწუნებელი უქრისტოთაი. ჯუარი სიმტკიცე არს სჯულისაი და განმაქარვებელი წვალებისაი. ჯუარი მკურნალი არს ხელოვანი სულთა და ხორცთაი. ჯუარი ძალი არს უძლურთაი და ლხინებაი სნეულთაი... ჯუარი სიქადული არს მართლმადიდებელთაი და სატანჯველი მწვალებელთაი. ჯუარი მოძღვარი არს უბიწოთაი და მასწავლელი შეცდომილთაი. ჯუარი მცველი არს ქალწულთაი და სიმტკიცე მოსავთა მისთაი. ჯუარი სამკაული არს მონაზონთაი და შუენიერებაი კეთილად ცხორებულთაი... ჯუარი გზაი არს შეცდომილთაი და მომაქცეველი წარწყმედულთაი... ჯუარი წინამძღვარი არს მღვიძარეთაი და მფარველი მძინარეთაი. ჯვარი გზაი არს საღმრთოი, მომყვანებელი სამოთხედ. ჯუარი ბეჭედი არს ღმრთისაი, სიქადული ქრისტეის მორწმუნეთაი. ჯუარი ტაბლაი არს მშიერთაი და განმაძღებელი ქრისტეს მორწმუნეთაი".

მოციქულთა სწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იერუსალიმში ქრისტეს დიდებული აღდგომის სადიდებლად ტაძარი ააშენებინა, რომელიც თავის კედლებში გოლგოთასაც მოიცავდა და უფლის საფლავსაც. ეს ტაძარი ათი წელი შენდებოდა. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი ქრისტიანული წესით აკურთხეს. მეორე დღეს დაწესებულ იქნა დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის მსოფლიო ამაღლებისა (ჯვართამაღლება), რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 14/27 სექტემბერს ზეიმობს.

ჯვრის ამაღლების სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე სრულდება ე.წ. ჯვრის ამაღლების წესი: მწუხრის მსახურების შემდგომ (მწუხრი განასახოვნებს ძველი აღთქმის დროს: სამყაროს შექმნას, პირველი ადამიანების ცოდვით დაცემას, გაძევებას სამოთხიდან, მათ სინანულსა და ლოცვა-ვედრებას უფლის მიმართ, ხსნისა და ცოდვათა მიტევების იმედს და ბოლოს უფლის სულგრძელობასა და კაცთმოყვარებას ახალი აღთქმის დადებით) ჯვარს ღვთისმსახურები ათავსებენ სპეციალურ ლანგარზე და რთავენ ყვავილებით, ჯვრიანი ლანგარი იდება საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც დევს ხოლმე წმინდა სახარება, რომელსაც გადააადგილებენ. მაღალდასაჯდომელზე (მაღალდასაჯდომელი დგას საკურთხეველში, აღმოსავლეთის კედელსა და ტრაპეზს შუა, სადაც "წმინდაო ღმერთოს" გალობის შემდეგ, სამოციქულოს კურთხევისას, დაბრძანდება ეპისკოპოსი. მღვდელს მაღალდასაჯდომელზე დაჯდომის უფლება არა აქვს), შემდეგ კი კმევითა და გალობით ჯვარს გამოასვენებენ შუა ტაძარში და ათავსებენ ანალოგიაზე - მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ ემთხვიონ და თაყვანი სცენ მას. საღმრთო ლიტურგიაზე "სამწმიდაოს" ნაცვლად ("სამწმიდაო" ეწოდება ანგელოზთა გალობას, რომელსაც ისინი აღავლენდნენ წმინდა სამების მიმართ: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ") იგალობება: "ჯუარსა შენსა თაყვანის ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ". სამოციქულოდან იკითხება პავლე მოციქულის სიტყვა ჯვრის შესახებ: "რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ, ცხოვრებულთა ამათთვის, ძალ ღმრთისა არს" (I კორ. 1,18). სახარება კი მოგვითხრობს პილატესთან იესო ქრისტეს გასამართლებას და მის ჯვარცმას (იოან. 19,7-24).

დღესასწაულის შემდგომ, კმევის გასრულებისთანავე, ხდება ცხოველმყოფელი ჯვრის საზეიმოდ აღმართვა და შებრძანება საკურთხეველში, სადაც მას ტრაპეზზე დაასვენებენ.

დაბოლოს, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო ოდენ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის - ისევე როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტეს მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქმნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.

ტროპარი:
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!

კონდაკი
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობაი შენნი მოგვანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა, და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლად-ძლიერი.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1