მირქმა ადამიანის უფალთან შეხვედრის დღესასწაულია
მირქმა ადამიანის უფალთან შეხვედრის დღესასწაულია
აღსრულდა აღთქმა - იშვა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ხოლო შობა მისი სასწაულებრივი იყო: თვით მთავარანგელოზმა გაბრიელმაც კი, რომელმაც მარიამს ახარა, რომ სულიწმინდისგან შობდა ძე ღვთისას, არ უწყოდა, როგორ, რა გზით მოხდებოდა განკაცება უფლისა. იშვა იესო ქრისტე და დედა მისი, ყოვლადწმინდა მარიამი, ქალწულად დარჩა, ამიტომ იწოდება მარადქალწულად.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, როდესაც სამოცდაათი განსწავლული ბიბლიის ებრაული ენიდან ბერძნულად თარგმნას შეუდგა, სვიმეონ მართალს წმინდა წერილის ის ადგილი შეხვდა, სადაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ ქალწული შობს ქრისტეს. მას მოუწადინებია, სიტყვა "ქალწულის" "ქალით" შეცვლა, რადგან შეცდომად მიუჩნევია, მაგრამ ანგელოზი გამოსცხადებია და უთქვამს, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქალწულისგან შობილ მესიას არ იხილავდა.

მოსეს სჯულის მიხედვით, მშობიარობიდან ორმოცი დღის შემდეგ დედა ვალდებული იყო, მისულიყო ტაძარში და განსაწმენდელად მსხვერპლი შეეწირა. ეს კანონი ამჟამადაც სრულდება დედაეკლესიაში - მღვდელმსახური დედას განწმედის ლოცვას უკითხავს, ყრმას კი ლოცავს. თუკი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელმაც ადამის შვილთა შორის ერთადერთმა შვა შვილი უმტკივნეულოდ და რომელიც განწმედას არ საჭიროებდა, მორჩილებით აღასრულა სჯული - მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ტაძარში მიიყვანა, რაოდენ ვალდებულნი ვართ ჩვენ, ცოდვილნი, აღვასრულოთ ეს კანონი - მივიყვანოთ შვილი უფალთან, რომელმაც უდიდესი სიხარულით დაგვასაჩუქრა - დედობრივი სიყვარულის განცდა მოგვმადლა. უფალთან მიყვანა კი ტაძარში მხოლოდ ფიზიკურად მისვლას არ ნიშნავს; ამ დღეს უნდა მოინათლოს ყრმა, რათა იშვას სულიერად, მივიდეს შემოქმედთან.

ტაძრის კართან იესო ქრისტეს სვიმეონ მიმრქმელი მიეგება. იგი სულიწმინდის შთაგონებით მიხვდა, რომ ყრმა ის მესია იყო, რომელსაც ისრაელი და მთელი ქვეყანა ელოდებოდა. აიყვანა ხელში იესო ქრისტე და ღაღადყო: "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა". წლებით დამძიმებული სვიმეონი ხორცშესხმულ მესიას, ყრმა მაცხოვარს, შეევედრა, მშვიდობით განეტევებინა.

მირქმა - ეს არის დღესასწაული ადამიანის უფალთან შეხვედრისა. ამ დღეს ყოველი ჩვენგანი უდიდესი სიხარულით უნდა შევეგებოთ ყრმა მაცხოვარს და წარმოვთქვათ ეს საოცარი ლოცვა ღვთის წინაშე - ვითხოვოთ, რომ ჩვენი გარდაცვალება, ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრული მშვიდობიანი იყოს. ხოლო მშვიდობით მხოლოდ ის მიაბარებს სულს უფალს, ვინც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დაძლევს, ამქვეყნადვე გათავისუფლდება ბოროტებისგან, ცოდვებისგან, გაიმარჯვებს ყოველგვარ საცდურზე და საშინელ სამსჯავროზე პირნათლად წარდგება დამბადებლის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის უძველესი დღესასწაულია, VI საუკუნემდე გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565) ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ამ უბედურებას შავი ჭირის ეპიდემიაც მოჰყვა. ყოველდღე ათასობით კაცი იხოცებოდა. ასეთი განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ღვთისგან ეუწყა, რომ მირქმა ანუ მიგებება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როგორც კი ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულა მორწმუნე ერმა, ეპიდემია მაშინვე შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს დედაეკლესიამ განაჩინა, მირქმის დღესასწაული საზეიმოდ აღენიშნათ მაცხოვრის შობიდან მეორმოცე დღეს. ამ დღიდან მოყოლებული მართლმადიდებელი ეკლესია უდიდესი სიხარულით ზეიმობს მაცხოვრის ტაძრად მიყვანებას.
ბეჭდვა
1კ1