ღვთაებრივმა ჩვილმა თავისი შობით ხელმეორედ გვშვა უკვდავებაში
ღვთაებრივმა ჩვილმა თავისი შობით ხელმეორედ გვშვა უკვდავებაში
ადამიანი უკვდავია, მაგრამ მადლში უკვდავებას, ჩვენი ბუნების სრულყოფას მუდმივი მცდელობა, სიკეთეში შობა და ნიჭების ღვთივსათნო გამოყენება სჭირდება. ადამიანობის ადამიანურად წარმართვა შეუძლებელია უფლის გარეშე, რადგან მადლისმიერი ცხოვრება, მართებული სიცოცხლე მხოლოდ ღვთის მიმბაძველობითაა შესაძლებელი. ჩვენთვის მაგალითი მხოლოდ ღმერთია, რომლისგანაც ნათელი ფერებით ვიხატავთ და ვძერწავთ ჩვენს ყოფიერებას, მიმართულებას, ამქვეყნიური არსებობის ხარისხსა და ვარგისიანობას. თითოეული ადამიანი მხატვარი და შემოქმედია საკუთარი სულის სილამაზისა. წუთისოფლის ფურცელზე ყოველწუთიერად აისახება ჩვენი ნაშრომის, ნამოქმედარის მშვენიერებაც და სიმახინჯეც, ნათელიც და ბნელიც. ყოველ ჩვენგანში დევს ნიჭი, ძალა, საშუალება უფლის მსგავსებისა - სადაც ხატებაა ღვთისა, იქვეა შესაძლებლობა, უნარი მისი მსგავსებისა.

ადამიანი ერთხელ იბადება ამ ქვეყანაზე, მაგრამ მრავალჯერ იშვება და კვდება მადლისა და სათნოებისთვის. დედის მუცლიდანვე ჩასაფრებულია კაცობრიობის მტერი, რომ ფუჭ არსებობად აქციოს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ წინასწარმეტყველი დავითი დასძენს: "რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან. შენდამი განვმტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი" (ფს. 70,5-6). სწორედ მადლისმიერ მფარველობაზე, შეწევნაზე საუბრობს მეფსალმუნე - წუთისოფელში მოვლინებამდე ღვთისგან ვართ შობილნი მადლსა და სიკეთეში, ნუგეშსა და მფარველობაში. სანამ მშობელი დაიწყებს ზრუნვას, უფალი დედის წიაღშივე ზრუნავს ჩვენზე და უკვდავებისთვის გვამზადებს. მშობელზე ერთგული და საყვარელი ჩვენთვის არავინაა ამქვეყნად, მაგრამ რამდენად დიდი და აღმატებულია ის, ვინც მშობლისა და შვილის ეს საოცარი, საიდუმლო ურთიერთობა შობით, აღზრდით, სიყვარულითა და თავგანწირვით შეკრა და გაამშვენიერა.

უფალზე ფიქრი მშობელია სათნოებათა სიმრავლისა, ნიჭთა მრავალფეროვნებისა, სულიწმინდისეულ ტკბილ ნაყოფთა შეგრძნება-გათავისებისა. უფალზე ფიქრი დასაბამია ნუგეშისა, მწუხარების განქარვებისა, იგია აღდგომა სიმდაბლისა და დაცემა ამპარტავნებისა, ქვეყნიერების სიმდიდრის არარად შერაცხვა და განდიდება უბრალოებისა. გახსენება ყოველთა მშობლის ბაგაში შობისა მხილებაა ფუფუნებისა და განცხრომისა.

ღვთაებრივმა ჩვილმა თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლში, სიცოცხლესა და უკვდავებაში. სადაც ბაგაა უფლისა, იქვეა სამარე ბოროტებისა. სიცოცხლის წყარო მოვიდა მიწაზე, დროში, რათა დროში მყოფნი მარადიულობასა და სიხარულს ვზიარებოდით. კაცობრივი ბუნება დადუმებულა ამ საოცარი საიდუმლოს ხილვით. ქმნილებათათვის მარად ამოუცნობი იქნება ეს საიდუმლო, რადგან ამოუცნობია თავად უფალი.

მაცხოვრის ხორციელი შობა არ შემოისაზღვრება მისი მხოლოდ ამქვეყნიური შობით; მორწმუნეთა გულში უფალი ყოველწუთიერად იშვება და მოსავს მათ სხვადასხვაგვარად ნაქსოვი მადლის სამოსით. ქრისტიანის გული უნდა იქცეს უბრალო ბაგად, მაცხოვრის შობის ადგილად, რათა მასშიც იშვეს, გაიზარდოს, ევნოს, მოკვდეს და აღდგეს უფალი. ქრისტე ყოველი ადამიანისთვის იშვა და მოევლინა წუთისოფელს, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობამ დაუხშო შემოქმედს გულის კარი. უფალი დღემდე გვიკაკუნებს გულის კარზე და არ შეწყვეტს კაკუნს, ვიდრე არსებობს ამქვეყნიური ცხოვრება, მაგრამ მრავალი ბოროტი, უმადური მასპინძელივით მიდის ამ ქვეყნიდან - მისი სულის კარი ღვთისთვის დაკეტილი რჩება. ვისთვისაც ქრისტე არ შობილა გულში და არც ცდილობს მის პოვნას თავისი ცხოვრებით, მისთვის არც ხორციელად შობილა, განკაცებულა იგი.

უფალმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანის გულში შობილიყოს ღმერთკაცი, თითოეულის გონებაში ამოტვიფრულიყოს სახარებისეული სიბრძნე და რწმენის გზაზე მავალთა სულში დამკვიდრებულიყოს სულიწმინდა, რათა საღვთო მადლის ამ ერთი და სამი სამყოფელით - გულით, გონებითა და სულით იდიდოს წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ბეჭდვა
1კ1