ადიდებენ ყოვლადწმინდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა
ადიდებენ ყოვლადწმინდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა
უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი გამოარჩია.

ძველი აღთქმის წიგნებში მრავალგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელს ის დახშულ ბჭედ ეჩვენა: "რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2). ეს იმის ნიშანი იყო, რომ მარიამი იქნებოდა სიწმინდესა და დაურღვეველ ქალწულობაში და მისი წიაღიდან ამა სოფელს მხოლოდ ქრისტე ღმერთი მოევლინებოდა.

დედა ღვთისას თავიანთ კანონებში მარადქალწული უწოდეს მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრებათა წმინდა მამებმა, ხოლო როცა გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც ასწავლიდნენ, თითქოს მარიამს იოსებისგანაც ჰყავდა შვილები, ეკლესიის მამებმა ერთხმად აიმაღლეს ხმა, ამ სწავლებას მწვალებლობა და ერესი უწოდეს და საჯაროდ დაგმეს.

წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ქალწულს მეორე დიდებული სახელითაც იხსენიებს. ღვთისმშობელი - ასე უწოდა მას სულიწმინდის ჩაგონებით მართალმა ელისაბედმა: "და ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?" (ლუკა 1:43). "ვინც არ ცნობს მარიამს ღვთისმშობლად, ის მოეკვეთება ღვთიურობას", - ბრძანებდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდა ეკლესიამ საზეიმოდ დაამტკიცა თავისი სწავლება, რომ უფალ იესო ქრისტეს დედა ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და მარადქალწულია. დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: "მთისაგან ლოდი, თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), - რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობს, ხოლო ესაია ღაღადებდა: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვას ძე" (ეს. 7:14). მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა მისი უხრწნელი ქალწულობა იქადაგა, ეზეკიელმა სიწმინდის ბჭე უწოდა მას, დანიელმა - შეურყვნელი მთა, ხოლო ესაიამ - იესეს ძირად მოიხსენია.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება "შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და "დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

ყოვლადწმინდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამამისი, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, დედა კი, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის, აარონის, შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ.

ებრაელები უშვილობას ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ.

ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისთვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა ნება არ მისცა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვედრება. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად უმალვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს ტაძარში მსახურებისთვის უფალს შესწირავდა. უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც ეუწყა, რომ უფალმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი. ანას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს. გოგონა ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

შობა ყოვლადწმინდა ქალწულისა, რომელმაც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელი თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაემეტა და ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, გახდა "ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად". ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. ის არის "უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზენაესი სერაფიმთა".

დედა ღვთისა ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის სად ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ მალე უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინების ჟამი და ისიც აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეული მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინ არის ჯილდო, როცა ერთგულად მსახურებ უფალს. თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძველი სტილით - 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობელს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმინდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1