უფალი გამობრწყინდა, მოვიდა ცხადად და ფარულად შეეწია გონებას, შესახებელი გახადა თავისი მადლი და აჩვენა ადამიანებს
უფალი გამობრწყინდა, მოვიდა ცხადად და ფარულად შეეწია გონებას, შესახებელი გახადა თავისი მადლი და აჩვენა ადამიანებს
"იოანე ნათელსცემდა წყლითა, ხოლო თქვენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა... მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქვენ ზედა და იყვნეთ ჩემდა მოწამე... ვიდრე დასასრულამდე ქვეყანისა", - ამ სიტყვებით ანუგეშა მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები და ამაღლდა ზეცად.

ძე ღვთისას ამაღლებიდან მეათე დღეს ცეცხლის ენების სახით ზეციდან გარდამოხდა სულიწმინდა. ამ ათი დღის განმავლობაში წმინდა მოციქულები პეტრე, იოანე, იაკობი, ანდრია, ფილიპე, თომა, ბართლომე, მატთეოსი, იაკობ ალფესი, სიმონ მოშურნე (კანანელი) და იუდა იაკობისი განუწყვეტლად ლოცულობდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ყოვლადწმინდა მარიამი, მენელსაცხებლე დედები და იესო ქრისტეს ხორციელი ძმები.

წმინდა მოციქულმა პეტრემ მოუწოდა მაცხოვრის ათივე მოწაფეს და მიმართა, იუდა ისკარიოტელის ნაცვლად, რომელმაც ოცდაათი ვერცხლის სანაცვლოდ გასცა იესო, ას ოცი მოწაფიდან გამოერჩიათ ერთ-ერთი, რათა მოციქულთა რიცხვი ისევ თორმეტი ყოფილიყო, როგორც თვით მხოლოდშობილმა ძემ აირჩია თავდაპირველად. მაშინ დააყენეს იოსები, რომელსაც ბარსაბა ერქვა და მოგვიანებით იოსტოსი ეწოდა, და მატათა. ერთხმად წარმოთქვეს ლოცვა: "შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელი გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისა ამის და მოციქულებისაი". წილი ყარეს. მოციქულობის ღვაწლი ერგო მატათას, რომელმაც უფლის სიტყვა საქართველოში იქადაგა. მისი საფლავი, ერთ-ერთი ვერსიით, აჭარაში, კერძოდ გონიოშია.

ხოლო იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, როცა მოციქულები ერთად იყვნენ შეკრებილნი, ზეციდან შემაძრწუნებელი ქუხილის ხმით გარდამოვიდა სულიწმინდა და აღივსო მთელი სახლი, განიყო ცეცხლის ენების მსგავსად და თორმეტ მოციქულს დაადგა თავზე. ღვთიური მადლითა და სულიწმინდის ნიჭებით აღივსნენ მაცხოვრის მოწაფეები. ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენაზე და იერუსალიმში, სადაც თავი მოეყარათ "კაცთა ღმრთის მოშიშთა ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე", უქადაგეს ქრისტიანობა თითოეულს თავის ენაზე. წმინდა ლუკა მახარებლის მიერ აღწერილი "საქმე წმინდა მოციქულთაი" მოგვითხრობს, თუ რა გაოცებულნი დარჩნენ იერუსალიმის მკვიდრნი: "პართნი, უჟიკნი, ელამიტელნი, მკვიდრნი შუა მდინარისანი, ჰურიასტანისანი და კაბადუკიაისანი, პონტოისანი, ასიაისანი, ფრიგვაისანი, პამფილიისანი, ეგვიპტისანი, ადგილისა ლუბიისანი, კვირინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი", როდესაც უფლის სადიდებელს მშობლიურ ენაზე ისმენდნენ.

მოეფინა სულიწმინდა ყოველ ხორციელს და აღსრულდა იოელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი უფლის აღთქმა: "მივფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო". ქვეყანა, საცდურით სავსე, აივსო ღვთიური სიბრძნით. ჭეშმარიტების ნათელი მოეფინა ადამიანთა სულებს.

დღესაც სულიწმინდის მადლით ვივსებით ყოველი ქრისტიანი, უდიდესი სიხარულით რომ ვდღესასწაულობთ სულთმოფენობას. "უფალი გამობრწყინდა, - წერს წმინდა იოანე ოქროპირი, - მოვიდა ცხადად და ფარულად შეეწია გონებას, იხსნა ათასნი ბრალისაგან და განაშორა ბევრი სიკვდილს, შესახებელი გახადა თავისი მადლი და აჩვენა ადამიანებს".
ბეჭდვა
1კ1