მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიჰგებებოდნენ კაცობრიობის მხსნელს
მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიჰგებებოდნენ კაცობრიობის მხსნელს
მირქმა
მიგებება (მირქმა) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ერთ-ერთია თორმეტი დიდი ქრისტიანული დღესასწაულიდან, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 2/15 თებერვალს ზეიმობს.

ამ დღესასწაულით ეკლესია იხსენიებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებიდან. შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, როცა დედაკაცი მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის შემდეგ ჰქონდა უფლება ღმრთის ტაძარში შესვლისა. საშოს გამხსნელი ყოველი წული უფლის წმინდად იწოდებოდა და ოჯახი ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო, შესაწირავი მიერთმია ღვთისთვის: ღარიბი ოჯახისთვის დადგენილი იყო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი.

ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა უფალს სამადლობელი და განსაწმენდელი მსხვერპლი შესწირეს, კერძოდ, ორი ხუნდი მტრედისა. თუმცა ყოვლადწმინდა ქალწულს - დედას ღვთისას არ სჭირდებოდა განწმენდა, რადგან ქორწინების გამოუცდელად შვა მან წყარო სიწმინდისა, მაგრამ თავისი ღრმა სიმდაბლით რჯულის განწესებას მაინც დაემორჩილა.

იმ ხანებში იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სვიმეონი. გადმოცემით, იგი იყო ერთ-ერთი სამოცდაათთაგანი, რომლებიც ძველი აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდნენ. ძველი აღთქმის წიგნები ებრაულიდან ბერძნულად ალექსანდრიაში მცხოვრებ ებრაელთათვის ითარგმნა კუნძულ ფაროსზე ეგვიპტის მეფე პტოლემეოს II-ის დროს, 271 წელს ქრისტეს შობამდე. სვიმეონი თარგმნისას დააეჭვა ესაია წინასწარმეტყველის იმ სიტყვებმა, რომელიც აუწყებდა, რომ მაცხოვარი ქალწულისგან იშვებოდა. იფიქრა, სიტყვა "ქალწული" შეცდომით ეწერა და მოინდომა მისი შეცვლა "ქალით", მაგრამ ამ დროს ღმერთმა მას ანგელოზის პირით აუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქალწულისგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ ნახავდა. მართალი სვიმეონიც სასოებით მოელოდა აღთქმული მესიის მოსვლას.

ღვთის შთაგონებით, მოხუცი ტაძარში იმ დროს მივიდა, როცა იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა რჯულით დადგენილი წეს-ჩვეულება აღესრულებინათ. სვიმეონმა ხელში აიყვანა ღვთაებრივი ყრმა, აკურთხა ღმერთი და წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა ქვეყნის მაცხოვარზე: "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა" (ლუკა 2,29-32).

მართალმა სვიმეონმა უწინასწარმეტყველა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: "აჰა, ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის... და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულით ზრახვანი" (ლუკა 2,34-35).

"დაცემულებში" ქრისტესადმი ურწმუნონი მოიაზრებიან, "აღდგენილებში" - მორწმუნენი. წმინდა ტიმოთე იერუსალიმელი წერს: "არა თუ სვიმეონ თვისითა გონებითა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაითა ეტყოდა ქალწულსა მას უფლისათვის: დაცემად ურწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად - მორწმუნეთათვის... რამეთუ დაეცა იუდა და აღდგა მატათია; დაცემაი მარცხენითისაი მის ავაზაკისაი და აღდგომაი - მარჯუენითისაი მის, რამეთუ ჰრწმენა და მყის სამოთხე მოიპოვა, ხოლო იგი ურწმუნოებითა დაეცა და წარწყმდა".

რაც შეეხება ღვთისმშობლისადმი თქმულ სიტყვებს - "თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი": იგულისხმება უფლის ჯვარცმა და ყოველივე ამის მხილველი, სხვებთან ერთად, თვით დედა იყო ღვთისა, ამიტომაცაა ეს გაუსაძლისი ტკივილი ღვთისმშობლისა ამ წინასწარმეტყველებაში ასეთი მძაფრი სიტყვებით წარმოჩენილი. ისევ წმინდა ტიმოთე იერუსალიმელს მოვუსმინოთ: "ოდეს ჯუარს აცუეს იესო ჰურიათა და მზესა მოაკლდა ნათელი და კლდენი განსქდეს, ამისთვის, ვითარცა მახვილმან განვლო სულსა მისსა. ამას მახვილსა იტყოდა სვიმეონ, რომელი იგი ურვაი მოწევნად იყო ქალწულისა და მისი წინავე აუწყა".

იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

"და იყო ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულითგან თვისით. და ესე იყო ქვრივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარება ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალემს შინა" (ლუკა 2,36-38). მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიჰგებებოდნენ კაცობრიობის მხსნელს.

ქრისტეს შობამდე ყოველი მართალი მამაკაცი და დედაკაცი ქვეყნის მომავალი მაცხოვრის - მესიის რწმენით ცხოვრობდა და სასოებით მოელოდა მის მოსვლას (შემდგომში იუდეველთა ნაწილმა დაკარგა მესიის ჭეშმარიტი გაგება. მათ გაამიწიერეს ეს ცნება. მესია გააიგივეს ხორციელ მეფესთან, რომელიც ამქვეყნიურ დიდებას მოუტანდა ისრაელს და პოლიტიკურად და ეკონომიკურად გააბატონებდა მთელ მსოფლიოზე. ამგვარი მსოფლმხედვისა და შეგნების ლოგიკური შედეგი იყო ის, რომ იუდეველთა უმრავლესობამ ვერ იცნო ჭეშმარიტი მესია - იესო ქრისტე, რომელიც მიწიერ ხელისუფლებას კი არა, ცათა სასუფეველს ქადაგებდა).

ღვთის მიგებების (მირქმის) დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულებს განეკუთვნება. მაგრამ, მიუხედავად ადრეული წარმოშობისა, იგი VI საუკუნეზე ადრე არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565 წ.წ.) ბიზანტია, განსაკუთრებით ანტიოქია, შეუწუხებია ჯერ მიწისძვრებს, შემდეგ კი საშინელ ჭირს, რომელსაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა. ამ საყოველთაო უბედურების დროს ერთ-ერთ ღვთისმსახურ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მორწმუნეებს საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მიგებების დღესასწაული.

მართლაც, იმ წელს, როცა უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ლიტანიობა აღასრულეს, უბედურებანი, რომელნიც ბიზანტიას დაატყდა თავს, შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა, საზეიმოდ აღენიშნათ უფლის მირქმის დღესასწაული.

მირქმის დღესასწაული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ იესო ქრისტე დედამიწაზე გამოჩნდა ნამდვილი კაცობრივი სხეულით და არა მოჩვენებითით, როგორც ამას დოკეტიზმი (მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან, ნიშნავს "მიმაჩნია", "მგონია"; სწავლება, რომლის მიხედვითაც ქრისტე მოჩვენებითად განხორციელდა და არა - ჭეშმარიტად. დოკეტისტები ასწავლიდნენ, რომ უფალმა ადამიანური ბუნება მოჩვენებითად შეიმოსა. მოციქულებმა ადრევე ამხილეს ეს ცრუ სწავლება, რომელიც გნოსტიკურ სისტემაში შედიოდა) ქადაგებდა.

მიგებების (მირქმის) დღესასწაული არის ზეიმი ადამიანის მიგებებისა, შეხვედრისა უფალთან - იესო ქრისტესთან და გვასწავლის, რომ ვინც რჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებასა და სასოებას უფალი აუცილებლად სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას მიაგებს.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1