გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა
საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
საეკლესიო კალენდარს და, საზოგადოდ, კალენდარს, რომელსაც ვიყენებთ, ქრისტიანული ეკლესია რომის იმპერიას დაესესხა, წარმართული მნიშნველობა გამოაცალა, შთაბერა ქრისტიანული სული და ისეთივე წმინდა გახადა, როგორც თვით ტაძარი და მის ასაგებად გამოყენებული ქვებია. თვით ტერმინი "ახალი წელიც" რომს უკავშირდება. ამის შესახებ მოგვითხრობს საღვთისმსახურო წიგნი "ჟამნი": "ინდიქტიონი ანუ ახალი წელი რომის კეისრისგან ამ მიზეზით განეწესა: როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ". მოხარკენი გადასახადს რომ გადაიხდიდნენ, "ლამპრებითა განიხარიან და ამას ყოველსა ერნი ყოფდეს" (სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა. მას აქეთ ახალი წელი სიხარულს, ზეიმს უკავშირდება, მაგრამ თუ რატომ, ეს ხალხს უკვე აღარ ახსოვს - ლ.მ.). პირველ ხუთ წელიწადს ხარკს სპილენძითა და რიკინით იხდიდნენ, მეორე ხუთეულში - ვერცხლით, მესამე ხუთეულში კი ოქროთი. ამის შემდეგ ისევ თავიდან იწყებდნენ.

ასეთი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დროსაც იყო ცნობილი - რაკი იუდეა რომის პროვინცია გალხდათ, ხარკს აქაც მთელ იმპერიაში გავრცელებული წელთაღრიცხვით იხდიდნენ.

ქრისტიანულმა ეკლესიამ, რაკი რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო, მაგრამ მთავარი მიზეზი სექტემბრის პირველი რიცხვის საეკლესიო ინდიქტიონად განწესებისა ის უფროა, რომ ამ დროს მეუფე ჩვენი იესო ქრისტე ნაზარეთში იუდეველთა შესაკრებელში შევიდა, წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: "ვითარმედ წელიწადი უფლისა შეწყნარებული", - და იქ მყოფთ საკუთარი თავი, ვითარცა მესია, წარმოუჩინა: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე" (ლუკ. 4:18-19). გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. ამ მოვლენების აღსანიშნავად ბერძნულ ეკლესიაში უძველესი დროიდანვე წელიწადის ათვლა პირველი სექტემბრიდან იწყება. ამავე დღეს ეკლესია უფალს მადლობას სწირავს გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი.

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი "კარიბჭე", № 8, სექტემბერი, 2004 წ.
ბეჭდვა
1კ1