ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
წმინდა მარიამის ტაძარში ყოფნა სულიწმინდის მიერ იყო ნაკურთხი
მოსეს რჯულის მიხედვით, ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ბავშვს შობდა, 40 დღე უწმინდურად ითვლებოდა, მდედრობითი სქესის ბავშვის დაბადებისას კი - 80 დღე. როგორც ჩანს, ძველი აღთქმის კანონების თანახმად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში დედა უწმიდურად ორჯერ მეტხანს იმიტომ ითვლებოდა, რომ მას სამყაროში ახალი ევა - ურჩობის მასწავლებელი - შემოჰყავდა.

მართალმა ანამ ახალშობილი მარიამი რჯულის აღსასრულებლად მიიყვანა იერუსალიმის ტაძარში, რათა უფლის წინაშე წარედგინა, რადგან ყოველ ახალშობილს "წმიდა უფლისაი" ეწოდებოდა.

ყოვლადწმინდა მარიამის მშობლებმა, მართალმა იოაკიმემ და ანამ, მოსეს რჯულისამებრ მიართვეს უფალს შესაწირავი. ახალშობილის მშობლებს ღმერთისთვის ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე უნდა შეეწირათ. გვრიტი ერთგულების სიმბოლოა, ამიტომ შესაწირად მიჰქონდათ იმის აღსანიშნავად, რომ ახალშობილი წმინდა მეუღლეობის შედეგად გაჩნდა. თუ მშობლებს გვრიტი არ ჰყავდათ, მტრედის მართვეებს წირავდნენ, რათა ჩვილის ცხოვრება მრავალშვილიანობის საწინდარი ყოფილიყო, მტრედი ხომ მრავალნაყოფიერი ფრინველია.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთი საოცარი შემთხვევა: როდესაც მარიამი ექვსი თვის იყო, მართალმა ანამ მიწაზე დასვა - სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ ვერა ფეხზე დგომას. მაშინ სასწაული მოხდა - მარადის ქალწულმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ დედასთან დაბრუნდა. გაოცებულმა დედამ ხელში აიტაცა ბავშვი, ადიდა უფალი და აღთქმა დადო: პატარა მიწას ფეხს არ დააკარებდა, ვიდრე უფლის სახლში არ მივიდოდა.

როდესაც წმინდა მარიამი ერთი წლის შესრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, უხუცესები და მეგობრები და სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა. მამის თხოვნით, სტუმრებმა ასე დალოცეს ყრმა: "ღმერთო მამათა ჩვენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა".

ყოვლადწმინდა ქალწულს ორი წელი შეუსრულდა და მართალმა იოაკიმემ აღთქმის შესრულება ისურვა - ერთადერთი ასულის უფლის სახლში მიყვანა, მაგრამ, ანას თხოვნით, რომელსაც დედის გული ამოქმედებდა, კიდევ ერთი წლით გადადო აღთქმის შესრულება.

წმინდა მარიამი ყველას აოცებდა გონიერებით. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა. ბრძენი მშობლები მას ღვთის სამსახურისთვის ამზადებდნენ და უყალიბებდნენ აზრს, რომ ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან.

"ისმინე, ასულო, და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა", - ბრძანებს დავით მეფსალმუნე. და აი, დგება კიდეც ღვთის ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დრო - ყოვლადწმინდა ქალწულმა უნდა დატოვოს მშობლების კერა და უფლის სახლში დამკვიდრდეს.

მართალ იოაკიმესა და ანას ტაძარში მიჰყავთ ასული. მარიამი წმიდათაწმიდაში შედის - ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ჩვენი ღვთის წიაღში დაბრუნების საწინდარი სწორედ დედა ღვთისას დაბადებაა.

საღვთო გადმოცემა დაწვრილებით მოგვითხრობს ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანების ამბავს.

მართალი იოაკიმესა და ანას სახლში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი - ნათესავებმა, მეზობლებმა... აქ იყო მარიამის თანატოლ ქალწულთა მთელი გუნდი - მათ იგი ტაძარში უნდა გაეცილებინათ. ყველანი გაემართნენ იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალზე იყო. ძველი აღთქმის კანონიკის მიხედვით, ტაძარში მსხვერპლშემწირველებს შვიდდღიანი მარხვა უნდა დაეცვათ და ლოცვით განწმენდილიყვნენ. ამ კანონის აღსრულების შემდეგ ანთებული სანთლებით ხელში გაემართნენ ტაძრისკენ. იოაკიმესა და ანას ხელში ეპყრათ სამი წლის მხოლოდშობილი ასული - მიმადლებული მარიამი. მათთან შესახვედრად ტაძრიდან ღვთისმსახურები გალობით გამოვიდნენ. საოცარი დღე იყო, ყველას უნდოდა, მონაწილეობა მიეღო ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანებაში.

ძველი აღთქმის ტაძრის საკურთხეველი ორი ნაწილისგან შედგებოდა: "საკუმელთა", რომელშიც მღვდლები წირავდნენ, და "ყოვლად დასაწველი" ანუ "წმიდათა წმიდა", სადაც მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ შესვლის უფლება, ისიც - წელიწადში ერთხელ, რათა საკუთარი და ხალხის ცოდვები სამსხვერპლო ცხოველის სისხლის პკურებით განეწმინდათ.

ტაძარში შემავალი კიბე თხუთმეტი საფეხურისგან შედგებოდა. წმინდა იოაკიმემ და ანამ ღვთისმშობელი პირველ საფეხურზე დააყენეს. ყველა განცვიფრდა, როცა ნახეს, როგორ აიარა სამი წლის ყრმამ თხუთმეტი საფეხური ისე, რომ ერთხელაც არ შეფერხებულა. კიბის თავში ღვთისმსახურებით გარშემორტყმული მღვდელმთავარი ზაქარია დაუხვდა. მან პირველი და მეორე კრეტსაბმელის გავლით "წმიდათა წმიდაში" შეიყვანა მარიამი. ღვთივჩაგონებით სალოცავად ადგილიც მიუჩინა. სხვა ქალწულებს კი, რომლებსაც სიყრმიდანვე სალოცავად მიიყვანდნენ ხოლმე ტაძარში, სასტიკად ეკრძალებოდათ ტაძართან მიახლოება, მათ ეზოში ამყოფებდნენ.

მოხუცებულმა მშობლებმა, როდესაც ასული ზეციური მამის ნებას დაუმორჩილეს, სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს და შინ დაბრუნდნენ. საყვარელ ასულთან გამოთხოვების გამო არ ტიროდნენ, არც მარტოობის დარდი აწუხებდათ; მადლობას უძღვნიდნენ ღმერთს, რომელმაც მოხუცებულობის წლებში ღვთაებრივი საჩუქარი მიმადლა მათ, ხარობდნენ, რომ უფალმა ამის ღირსი გახადა.

სამი წლის მარიამი ტაძრად მიყვანების შემდეგ ქალწულთა სავანეში დააბინავეს, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. უფროსი ქალწულები, მღვდელმთავრის კურთხევით, წმინდა წერილის კითხვასა და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. პატარა მარიამი ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა, დანარჩენ დროს კი სავანეში ატარებდა.

ქალწული მარიამი ტაძარში განსაკუთრებული სისპეტაკითა და სიწმინდით ცხოვრობდა. მისი ცხოვრების წესი ღვთისადმი განსკუთრებულ მოწიწებას აღძრავდა. დადგენილი კანონისამებრ, წმინდა მარიამი ალიონზე დგებოდა და, გადმოცემის მიხედვით, დღეში სამჯერ ლოცულობდა: დილით, შუადღისას და ნაშუადღევის შემდეგ.

საეკლესიო საგალობლებში არის მოწმობა იმის შესახებ, რომ მარადის ქალწულს წმინდა ანგელოზები ეცხადებოდნენ, ყოველდღიურად ნახულობდნენ, ზეციურ საკვებს უძღვნიდნენ და ესაუბრებოდნენ. წმინდა მარიამის ტაძარში ყოფნა სულიწმინდის მიერ იყო ნაკურთხი.

ხელსაქმედ სელისა და მატყლის დართვა ჰქონდა, უმეტესწილად საღვთისმსახურო შესამოსელს ქარგავდა აბრეშუმით. ასე იზრდებოდა წმინდა მარიამი უფლის სახლში.

მას მალე გარდაეცვალა მოხუცი მშობლები. ყოვლადწმინდა მარიამმა ქალწულების აღთქმა დადო ღვთის წინაშე, რომ დარჩებოდა ტაძარში და უფლის ნებას დაემორჩილებოდა.
ბეჭდვა
1კ1