სულიწმინდის გარდამოსვლა
სულიწმინდის გარდამოსვლა
მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულები ერთად შეიკრიბნენ. მოულოდნელად ხმაური ატყდა, თითქოს ქარმა დაბერაო და იქ მყოფთა თავზე ცეცხლის ენები დაირხა. სულიწმინდის მადლით მაცხოვრის 70 მოციქული სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა. ხმაურზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. ბევრმა ვერ ახსნა ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი, მაგრამ ვინც იწამა უფლის სიტყვები, მიხვდა, რომ ადამიანებს აღუდგათ და განუმტკიცდათ ის კავშირი, რომელიც ბაბილონის გოდოლის შენების დროს დაკარგეს. სულიწმინდის მადლი კი გადმოვიდა უფლის მოწაფეებზე, რომლებსაც უნდა ექადაგათ მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი სარწმუნოება.

ეს იყო განსაკუთრებული დღე. ამ დღეს დაარსდა ქრისტეს ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ზეციურ სამეფოს დედამიწაზე. მისი პირველი მეთაურები იყვნენ მოციქულები, რომლებსაც უფლის ხელდასხმით მიეცათ ნიჭი ქრისტეს წიაღში ადამიანთა მოსაწოდებლად. მას შემდეგ ადამიანებს აღარ ემუქრებათ საშიშროება ღმერთთან კავშირის გაწყვეტისა, რადგან ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია, ყოველი მორწმუნე ადამიანი - სხეულის ნაწილი, გაერთიანებულია ხილული და უხილავი სამყარო, ის, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის მიუწვდომელია და მხოლოდ მადლის მიერ გარდაქმნილი ადამიანის შინაგანი ბუნებისთვის არის მისაწვდომი. ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანის ბუნება გაცილებით აღმატებულია, ვიდრე პირველქმნილი ადამიანებისა, მიწიერ სამოთხეში რომ ცხოვრობდნენ.

ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის აღსადგენად ქრისტემ, ძე ღვთისამ, ეკლესია დააარსა, ამისთვის კი თავისი ნებით ჯვარცმა და სისხლისღვრა დაითმინა. მცდარ გზებზე ხანგრძლივად მოხეტიალე ადამიანებს საშუალება მიეცათ, დაბრუნებოდნენ თავის საწყის მდგომარეობას და ის წყლულები, ავადმყოფობა თუ სისუსტეები, რომლებიც ამ გზაზე დაუგროვდათ, ღვთის საყდარში მიეტანათ ზვარაკად, სანაცვლოდ კი მიეღოთ სულიწმინდის ნაყოფი: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, თავშეკავება, სიკეთე, რწმენა.

***
სულთმოფენობას სულიწმინდის დღე მოჰყვება.

სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს კი საქართველოს მართლმადიდებელი სამწყსო აღნიშნავს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული ერთ-ერთი უძველესია საქართველოს ეკლესიაში. იგი თითქმის ქართლის მოქცევის თანადროულია, ანუ ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის დროსაა დაწესებული. საბერძნეთიდან მოსულმა მღვდლებმა მირიანს ჯვრის აღმართვა შესთავაზეს. ღამით მეფეს ჩვენებაში ანგელოზმა მიუთითა მცხეთის მახლობლად, არაგვის მეორე ნაპირზე ბორცვი, რომელზეც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ჯვრის აღმართვიდან ცოტა ხნის შემდეგ, სახელდობრ, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, დიდი სასწაული იხილეს: ჯვარს დაადგა 12 ანგელოზით გარშემორტყმული და 12 ვარსკვლავისაგან შედგენილი გვირგვინით შემკობილი სვეტი ნათლისა, იხილეს აგრეთვე ცეცხლოვანი ალი, მზეზე სამგზის ბრწყინვალე: ჯვარზე უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ.

ქართლის მოქცევაში მცხეთის ჯვრის აღმართვას მრავალი სასწაული უკავშირდება. სწორედ ამ ადგილზე აუგიათ ჩვენს წინაპრებს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ჯვრის მონასტერი.
ბეჭდვა
1კ1