იესოს ჯვრის თოთხმეტწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებაც 14 სექტემბერს - ჯვართამაღლებას აღინიშნება
იესოს ჯვრის თოთხმეტწლიანი ტყვეობიდან დაბრუნებაც 14 სექტემბერს - ჯვართამაღლებას აღინიშნება
"ჯვარო,შემწეო მორწმუნეთაო!"
"ჯვარო, მფარველო ყოვლისა სოფლისაო! ჯვარო, მშვენიერებაო ეკლესიათაო! ჯვარო, სიმტკიცეო მეფეთაო! ჯვარო, შემწეო მორწმუნეთაო! ჯვარო, დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო! დიდება, უფალო, ჯვარსა შენსა პატიოსანსა!" - ასე ადიდებს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვარს, რომელიც უდიდესი სულიერი ძალაა და ყოვლადმოწყალე ღმერთმა კაცობრიობას ბოროტი ძალის ძლევისათვის უბოძა - მისი ძალით ითრგუნება ყოველი ბოროტი.

ჯვარი კაცობრიობას ძე ღვთისას ჯვარცმით მიეცა. პირველ საუკუნეებში რომის იმპერიაში ჯვარზე გაკვრა ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი იყო - ასე უდიდეს დამნაშავეებს სჯიდნენ. იესო ქრისტე საკუთარი ნებით ეცვა ჯვარს, რათა ჩვენ სიკვდილის მეუფებისგან გამოვეხსენით და სამოთხეში დავებრუნებინეთ, თავისი წმინდა სისხლით განწმინდა ჯვარი და მოგვანიჭა ფარად, დამცველად ბოროტის ყოველი მანქანებისგან.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმინდა ადგილების ხსოვნა, სადაც მაცხოვარი ევნო და დიდებით აღდგა. მაგალითად, იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი. მოგვიანებით ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა.

ასე მიივიწყეს ეს უდიდესი სიწმინდეები, ვიდრე თვით უფალმა არ ინება მათი დაბრუნება კაცობრიობისთვის. ეს მოხდა მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მან სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე, როცა იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: "ამით სძლო!" უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა მოწინააღმდეგეს.

სიხარულით აღვსილმა იმპერატორმა მიზნად დაისახა, მოეძებნა ის ხის ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აცვეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იერუსალიმი მოოხრებული იყო, იმპერატორმა მაინც გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე და თან გაატანა წერილი, რომელშიც პატრიარქ მაკარს სთხოვდა, ხელი შეეწყო წმინდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, გაემგზავრა იერუსალიმში. დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან წმინდა ჯვრის შესახებ შეეტყო - მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

დედოფალი ფრიად დაშვრა. უფალმა შეიწირა მისი თავდადება და მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. ღვთის შეწევნით, იპოვეს მაცხოვრის საფლავი. მის მახლობლად კი აღმოჩნდა სამი ჯვარი. აქვე იყო პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა სამენოვანი წარწერით - "იუდეველთა მეფე" და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელს მიამსჭვალეს ქრისტე.

რომ ამოეცნოთ, მოპოვებული ჯვრებიდან რომელი იყო ქრისტესი, სამივე რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. ერთ-ერთის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა, ნიშნად იმისა, რომ ეს იყო უფლის ჯვარი. უამრავმა ქრისტიანმა მოიყარა თავი სიწმინდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარს სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჯვრის ამაღლება იწყო, ხალხი კი კრძალვით სცემდა თაყვანს ამ უდიდეს სიწმინდეს და გულმხურვალედ წარმოთქვამდა: "უფალო, შეგვიწყალენ".

წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. ამ სასწაულთა მხილველმა მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მაშინვე მოინათლნენ. ნათლისღებისას უიდას კვირიაკე დაარქვეს. ის მოგვიანებით იერუსალიმის ეპისკოპოსიც გახდა. იულიანე განდგომილის ზეობისას (361-363) კი მოწამებრივად აღესრულა (მისი ხსენების დღე 28 ოქრომბერია).

წმინდა ელენე დედოფალმა ის ადგილები, სადაც მაცხოვარი მიწიერი ცხოვრებისას მოღვაწეობდა, ტაძრებით შეამკო. ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის ბრძანებით, დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა. ამ ეკლესიას გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათი წელი შენდებოდა. მისი კურთხევა 335 წლის 13 სექტემბერს მოხდა, 14 სექტემბერი კი პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულად დაწესდა.

ამავე დღეს იხსენიება იესო ქრისტეს ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა - სწორედ ამ დღეს თოთხმეტწლიანი ტყვეობის შემდეგ სპარსეთიდან იერუსალიმში დაბრუნდა მესიის ჯვარი.

იმპერატორ ფოკას ზეობისას (601-610) სპარსეთის მეფემ ხოსრო მეორემ ბიზანტიელთა მხედრობა დაამარცხა. დაარბია იერუსალიმი, წმინდა პატრიარქი ზაქარია ტყვედ ჩაიგდო და თან წაიღო უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. სიწმინდე თოთხმეტი წელი იმყოფებოდა ურჯულოთა ხელში, სპარსეთში. როდესაც იმპეტარორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან, სიროესთან, ცხოველმყოფელი ჯვარი ბიზანტიას გადმოეცა.

დიდი ზეიმით შემოაბრძანეს მესიის ჯვარი იერუსალიმში. იმპერატორი ჰერეკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმინდეს აღდგომის ტაძრისკენ. გვერდით მიჰყვებოდა პატრიარქი ზაქარია. უეცრად იმპერატორი შედგა და გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. წმინდა პატრიარქმა აუხსნა, რომ უფლის წმინდა ანგელოზი ეღობებოდა წინ და გზას არ უთმობდა, გზას, რომელიც კაცობრიობის გამოსასყიდად ჯვარმოკიდებულმა იესომ სიმდაბლით განვლო. მაშინ იმპერატორმა მყის მოიხსნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანისამოსით შემოსილმა დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმინდე აღდგომის ტაძარში.

ჯვართამაღლების დღესასწაულზე წარმოთქმულ სიტყვაში წმინდა ანდრია კრიტელი ბრძანებს: "ჯუარი ამაღლდების და სავსებაი ეკლესიისაი შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოხსენებაიცა ჯუარისაი მიზეზ იქმნებოდა სიხარულისა და მორიდება - მჭმუნვარებისა". მაშ, განვიშოროთ ყოველგვარი მწუხარება და მხიარულნი მივეახლოთ უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, რომელიც მოწყალე შემოქმედმა ბოროტ ძალთა დასათრგუნად და ფარად სიმტკიცისად გვიბოძა, რათა გავძლიერდეთ რწმენაში და ჯვარი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა უფალმა, იესოს მსგავსად, მორჩილებითა და თავმდაბლობით ვზიდოთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების გზაზე, გარდაცვალების შემდგომ კი მართალნი წარვდგეთ ყოვლადსახიერი უფლის წინაშე.
ბეჭდვა
1კ1