შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს
შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს
"შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა"
შობა ყოვლადწმინდა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი, მხსნელი ჩვენი იესო ქრისტე იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელი თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაემეტა, იქცა ღვთის ცოცხალ ტაძრად, როგორც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა "ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენი სულების მხსნელად".

ყოვლადწმინდა მარიამი ბერწი და მოხუცებული მშობლებისგან იშვა ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი იერუსალიმიდან სამი დღის სავალზე. "ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად?" - ამბობდნენ ურწმუნო ებრაელები, როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო იქ იშვა, მიუხედავად იმისა, რომ ძველებრაულად "ნაზარეთი" კურთხევას ნიშნავს.

წმინდა წერილის მცოდნე ებრაელებმა უწყოდნენ, რომ ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის ტომში უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ დავით მეფის შთამომავლებმა უფლებები დაკარგეს და როდესაც გაძლიერდა მაკაბელთა გვარი, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ტომებს გაუთანაბრდა.

სამეფო სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს რომ გადაეცა და რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, როცა ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დაითრგუნა, ებრაელებმა, ღვთის რჩეულმა ხალხმა, გააცნობიერა, რომ დანიელ წინასწარმეტყველის მიერ დათქმული ჟამი დადგა. მისი წინასწარმეტყველების მიხედვით, როდესაც უცხოტომელი ავიდოდა დავითის სამეფო ტახტზე, მაშინ იშვებოდა ძე ღვთისა, მხსნელი სოფლისა. ებრაელები მოუთმენლად ელოდნენ მესიას, რომელიც, მათი წარმოდგენით, უცხოტომელთა უღლისგან დაიხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.

სწორედ ამ დროს ნაზარეთში ცხოვრობდა ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი იოაკიმე და ანა. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანა აარონის ღვთისმსახურთა ტომიდან, მატთანის უმცროსი ასული გახლდათ. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი დედაა იოანე წინასწარმეტყველისა.

იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებს სუფთა გულით იცავდნენ. ისინი გვარიშვილობით კი არა, ღვთისადმი მორჩილებითა და გულმოწყალებით იყვნენ სახელმოხვეჭილნი. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ: ერთ მესამედს ეკლესიას სწირავდნენ, მეორეს ღარიბებსა და მოხუცებს უყოფდნენ.

ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უშვილობა გულს მწუხარებით უვსებდათ, მით უფრო, რომ, ებრაული ტრადიციის მიხედვით, უნაყოფობა ღვთის უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. მთელი ორმოცდაათი წელი აყვედრიდნენ უიდეველნი უშვილობას. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, ბერწ ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანა, რომელიც არაჩვეულებრივი მოკრძალებულობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად მათ ერთად იტვირთეს განსაცდელის სიმძიმე. ლოცვით, მარხვითა და ქველისმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ თუკი ყოვლისშემძლე უფალი ინებებდა, დაირღვეოდა ბუნების ყოველგვარი კანონი და შვილი ეყოლებოდათ.

დიდ დღესასწაულზე წესად ჰქონდათ იერუსალიმში ასვლა და ყოვლადმოწყალე ღვთისთვის მსხვერპლის შეწირვა. ერთხელ ტაძრის განახლების დღესასწაულზე მისული იოაკიმეს მიერ მირთმეული ძღვენი მღვდელმთავარმა ისახარმა არ მიიღო, უშვილობა აყვედრა და განუცხადა, რაღაც დაფარული ცოდვის გამო უფალმა კურთხევა მოგაკლოო. თანამემამულეებმაც მიაძახეს, რომ არ ჰქონდა უფლება, მათთან ერთად შეეწირა მსხვერპლი, რადგან ისრაელის თესლი არ შეექმნა. იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი შეურაცხყოფის ატანა, შინ აღარ დაბრუნებულა, უდაბნოს მიაშურა. ორმოცი დღე-ღამის განმავლობაში მართალი მოხუცი მარხულობდა, თვალცრემლიანი ლოცულობდა განუწყვეტლად. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა, გულმხურვალედ სთხოვდა უფალს, სირცხვილი და ყვედრება აერიდებინა მისთვის და სიბერეში შვილი მიემადლა.

როგორც კი ქმრის შეურაცხყოფის შესახებ შეიტყო, ანა მწარედ ატირდა. შინაურებისთვის ცრემლი რომ დაეფარა, ბაღში გავიდა, დაფნის ქვეშ დაჯდა და თვალცრემლიანი შეურყვნელი რწმენით შეუდგა ლოცვას. სწამდა, ყოვლადძლიერი უფალი კაცთაგან შეუძლებელს შესაძლებლად აქცევდა და შვილს უბოძებდა. ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში ჩიტის ბუდე დაინახა, უსუსური ბარტყებით სავსე. უფრო მეტი ვედრებით გადმოეღვარა ლოცვა გულიდან: "ვაი მე, უშვილოსა! ყოველთა უპყრიეს ნაშობი მუცლისა მათისაი ხელთა ზედა თვისთა, ყოველნი ნუგეშინისცემულ არიან შვილთაგან თვისთა, გარნა ჩემდა ხოლო უცხო არს სიხარული ესე. ვაი მე, უფალო! რომელსა ვემსგავსო მე? ვერცა ფრინველთა ზეცისათა, ვერცა მხეცთა ქვეყანისათა, რამეთუ მოაქუს შენდამი, ღმერთო უფალო, ნაყოფი თვისი და ჩემდა მარტოისა არს სიბერწე ესე. ვერცაღა ქვეყანასა ვამსგავსო თავი ჩემი, რამეთუ იგიცა აღმოაცენებს და აღორძინებულ ჰყოფს თესლსა და შემდგომად ნაყოფთა მოღებისა შენ გაკურთხებს, მამასა ზეცათასა. მე ხოლო ვარ ბერწ ქუეყანასა ამას ზედა. ვაი მე, უფალო, უფალო! მე ხოლო, ცოდვილი, დაკლებულ ვარ შვილთასხმისაგან. შენ, რომელმან ოდესმე გარდარეულსა მოხუცებულობასა შინა მიჰმადლე სარას ძე მისი ისააკი და რომელმან განაღე საშოი ანაისი, დედისა წინასწარმეტყველისა შენისა სამოელისა, აწ მოიხილე ჩემ ზედაცა და ისმინე ლოცვათა ჩემთაი. უფალო საბაოთ! შენ თვით უწყი ყუედრებაი უშვილოებისაი. ამისთვისცა დააცხრვე მწუხარებაი გულისა ჩემისაი და განმიღე საშოი ჩემი, და მე, ბერწი, ნაყოფიერ მქმენ, რაითა ჩემგან შობილიცა აკურთხევდეს, უგალობდეს და ადიდებდეს მოწყალებასა შენსა. ამინ!" - ღვთისმშობლის დედის მიერ წარმოთქმულ ამ ღაღადებას დღესაც აღავლენენ ყოვლადსახიერი ღვთის წინაშე უშვილო ქრისტიანები და ნუგეშს პოვებენ.

ლოცვის დამთავრებისთანავე ღვთის ანგელოზი წარდგა ანას წინაშე და ანუგეშა: "ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები - გეყოლება შვილი და შენი თესლისგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს". სიხარულით აღვსილმა ანამ ყოვლადძლიერი უფალი ადიდა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი! თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ - დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს".

ანგელოზის უწყებისამებრ, ანა იერუსალიმის ოქროს ჭიშკართან შეხვდა საყვარელ ქმარს. იოაკიმესაც გამოეცხადა უფლის წმინდა ანგელოზი და ყოვლადწმინდა მარიამის შობა ახარა. მათ ერთად შესწირეს უფალს სამადლობელი მსხვერპლი და შინ დაბრუნდნენ.

მარადის ქალწული მარიამის აკვანს ამქვეყნიური პატივი და დიდება არ შემორტყმია. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისთვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის უწყებისამებრ, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ძველებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამგვარად მთელი კაცობრიობის იმედად იქცა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი დღესასწაული, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში დადგინდა. ის ძველი სტილით - 8, ახალი სტილით კი 21 სექტემბერს აღინიშნება. ღვთისმშობლის შობის პირველი ტაძარი მოციქულთასწორმა დედოფალმა ელენემ აღმართა.

ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის ევას მწუხარება სიხარულით შეიცვალა.

ანას დისშვილმა ელისაბედმაც დეიდის ხვედრი გაიზიარა. მღვდელ ზაქარიაზე გათხოვილი ელისაბედიც უშვილო იყო. მართალი თანამეუღლენი უბიწოდ ცხოვრობდნენ ღვთის მცნებების აღსრულებით და გულმხურვალედ ევედრებოდნენ ყოვლადმოწყალე შემოქმედს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა ისინი.

ერთხელ, როცა მღვდელი ზაქარია მსხვერპლს სწირავდა უფალს, საკურთხეველში ღვთის წმინდა ანგელოზი გამოეცხადა და ახარა, რომ შემოქმედმა შეისმინა მისი და მისი ცოლის მართალი ელისაბედის ვედრება და უბოძებდა ვაჟს, რომელიც იქნებოდა "დიდ წინაშე უფლისა". ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში, რადგან ის და ელისაბედი უკვე მოხუცები იყვნენ. მცირედმორწმუნეობისთვის დასაჯა ღმერთმა ზაქარია და დაამუნჯა, ვიდრე არ აღსრულდა ანგელოზის მიერ წინასწარუწყებული. როცა მართალმა ელისაბედმა შვა ძე, სულიწმინდის შეგონებით ზაქარიამ ფიცარზე დაწერა ყრმის სახელი - იოანე და მყისვე დაუბრუნდა მეტყველების უნარი. აკურთხებდა ყოვლისშემძლე უფალს და სულიწმინდის მადლით აღვსილი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.

როცა ურჯულო ჰეროდემ მოგვებისგან მესიის დაბადება შეიტყო, სამეფო ტახტის დაკარგვის შეეშინდა და ბრძანება გასცა, ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა დაეხოცათ. მან დიდი წინასწარმეტყველისა და უფლის ნათლისმცემლის იოანეს სასწაულებრივი დაბადების შესახებაც იცოდა, ამიტომ მისი მოკვლაც გადაწყვიტა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა, მღვდელი ზაქარია კი იერუსალიმის ტაძარში ავიდა, რათა ღვთისმსახურება აღესრულებინა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ.

მდევრები რომ შენიშნა, ელისაბედმა ცრემლებით სთხოვა უფალს შემწეობა. მაშინ მის თვალწინ მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამასობაში ჰეროდეს მიერ გამოგზავნილი მეომრები ცდილობდნენ, ზაქარიასგან შეეტყოთ იოანეს ადგილსამყოფელი, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს და ტაძარში მოკლეს.

მართალი ელისაბედი მეუღლის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მიიცვალა. უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმინდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა, ვიდრე ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამი არ დადგა.

მართალი ელისაბედისა და ზაქარიას ხსენების დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს აღნიშნავს.
ბეჭდვა
1კ1