გელათობა და ღვთისმშობლობა ერთ დღეს აღინიშნება
გელათობა და ღვთისმშობლობა ერთ დღეს აღინიშნება
"მეორე იერუსალიმი - სხვა ათინა"
ქუთაისიდან 11 კილომეტრის მოშორებით, საამო ჰავითა და ანკარა ცივი წყაროს წყლით შემკულ ულამაზეს ბუნებაში სიწმინდე ჩაძირულა - ეს გელათის მონასტერია.

დავით აღმაშენებელს 1106 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე დაუწყია მონასტრის მშენებლობა და მის ვაჟს, დემეტრეს, დაუსრულებია 1126 წელს. ამ პერიოდიდან იწყება გელათობის დღესასწაულის აღნიშვნაც.

"მეორე იერუსალიმი, სხვა ათინა" უწოდეს მას - სულიერებისა და მეცნიერების ცენტრი. მონასტერმა გაამართლა აღმშენებლის იმედი და, მართლაც, სიწმინდისა და სწავლა-განათლების კერად იქცა.

საქართველოს სამი სამეფო მონასტრიდან (დავითგარეჯი, შიომღვიმე, გელათი) გელათის მონასტერი გამორჩეულია მასში დავანებული სიწმინდეებით, განსხვავებული ტიპიკონითა და წეს-ჩვეულებებით. გელათისა და გელათობის შესახებ საინტერესო მასალის მოძიებაში დაგვეხმარა გელათის სასულიერო აკადემიის ლექტორი ლევან ტყეშელაშვილი.

ტრადიციები
მეფე საშობაოდ ადიოდა გელათში და ძღვენს სწირავდა.

ყოველი მეფე-დედოფალი თავის მოსახსენიებელ დღეს აწესებდა. წმინდა თამარსაც სპეციალური წესით იხსენიებდნენ, მადლს მიაგებდნენ მის სულს.

დავითის დროიდან ყოფილან გელათში მწირი ბერები, რომლებიც ერისთვის განსაკუთრებულად მკაცრი ტიპიკონით ლოცულობდნენ. უკანასკნელი მწირი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გარდაცვლილა.

ბევრი სხვა წესიც არსებობდა, მაგრამ XIX საუკუნეში, გელათის მონასტრის "გაუქმების" შემდეგ, ისინიც დაიკარგა.

საბედნიეროდ, არ დაკარგულა ის განძი, რომელსაც წმინდა მონასტერი მრავალი საუკუნის მანძილზე საკუთარი კალთით იფარავდა...

სიწმინდეები
უფლის სამსჭვალი - რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა გელათში.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი - რომელზეც ნათქვამია: "რომელი დაიწერა ფიცარსა ზედა ბაგისასა, რომელსა ზედა მისვენებულ იყო პირველსაუკუნო ყრმა". ხატი დაწერილი ყოფილა იმ ბაგის ფიცარზე, რომელზეც იშვა მაცხოვარი. შემდეგ ის მოირთო და ხახულის ღვთისმშობლის ხატად მოგვევლინა.

გარდა ამისა: მაცხოვრის თმა, წვერი და სხვა სიწმინდენი.

ასევე წმინდანთა ნაწილები: წმინდა გიორგისა, თეოდორე ტირონისა, წმინდა ნიკოლოზისა, იოანე ოქროპირისა და სხვა აურაცხელი სიწმინდე. ამ სიწმინდეთა დიდი ნაწილი ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გადასვენებული. გელათის დიდი სანაწილე ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ინახება.

***
21 სექტემბერს ქრისტიანული სამყარო ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ქუთაისისთვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია - ამ დღეს მთელი ქალაქი გელათში იკრიბება. გელათობა და ღვთისმშობლობა ერთ დღეს აღინიშნება, გელათის მონასტერი ხომ ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. ქალაქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სტუმრობს. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მორწმუნენი სიწმინდეებს მიეახლებიან და ეზიარებიან მადლს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატესა და უწმინდესი ილია II-ის ბაგეთაგან რომ მოეფინება ტაძარსა და სრულიად საქართველოს.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1