გერგეტობა
გერგეტობა
ღვთაებრივი სიყვარულის დღე
"ეს რა ხალხია ქართველები, ძნელად მისასვლელ მთის წვერებზე აგებენ ტაძრებს. ნეტავ რატომ შვრებიან ასე?" - აღნიშნავს ფრანგი მოგზაური შარდენი. ის ამას ბარის სალოცავებზე ამბობდა. მაშ, რაღა ითქმის იმ სალოცავებზე, ცისა და მიწის გასაყარზე რომ აუშენებიათ ქართველთ... ერთ-ერთი ასეთია გერგეტის სამება. ტაძრის დღესასწაულზე საუბრისას საჭიროა ვიცოდეთ თვით ტაძრის მოკლე ისტორია. მასალებზე მუშაობისას დახმარება ამავე მონასტრის წინამძღვარს იღუმენ იოსებს (თავაძე) ვთხოვეთ.

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს და მდინარეების თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის აუზებს მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაშია საქართველოს მთიანეთის პატარა ქალაქი ყაზბეგი (ძვ. სტეფანწმინდა) და მისი მიმდებარე ისტორიული პროვინცია - ხევი, ადრინდელი შუა საუკუნეების წინარეთი. ქვეყნის თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - წილკნისა და დუშეთის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, ჩრდილოეთიდან - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე კი - ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

ქვეყნის სახელმწიფოებრივი სიმტკიცის ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენი მხარე, შიდა ქართლის ჩრდილოეთი კარიბჭე - ხევი, წილკნის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. ხევის მოქცევა კი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელი ტომების გაქრისტიანებას უკავშირდება და წმინდა მეფე მირიანის ძეს - ბაქარს მიეწერება, რომელმაც "მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი".

გერგეტში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მაღალმთიან სოფელში, სტეფანწმინდისა დ ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, აღმართულია ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი.

სამების მთაზე XIV საუკუნემდე ჯვრის არსებობის ფაქტი დამოწმებულია თეიმურაზ ბატონიშვილის "ივერიის ისტორიაში", სადაც ნათქვამია, რომ სამების მთაზე წმინდა ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს.

საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც სამებასთან არ ყოფილიყო დაკავშირებული. ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და მას ძველ დროში თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ძნელბედობის ჟამს სწორედ აქ ხიზნავდნენ საკათალიკოსო სამკაულებს და, ამავე მიზეზით, გარკვეული დროის განმავლობაში აქ ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი.

1981 წლის 16 ივლისს, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მშობლიურ მხარეში მოსალოცად ჩაბრძანდა, წირვა-ლოცვა გერგეტის წმინდა სამების ტაძარში პირველად აღავლინა და, როგორც ქადაგებისას ბრძანა, პირველად იგრძნო ღმერთთან ასეთი სიახლოვე და ღვთაებრივი სიყვარული. მას შემდეგ უწმინდესი გერგეტობას, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის დღეს, ისე აღნიშნავს და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას სწორედ ამ ტაძარში აღავლენს.

16 ივლისს ყველა, ვისაც აქ უცხოვრია თუ უბრალოდ უყვარს ეს წმინდა ადგილი, გერგეტში იკრიბება და ერთად აღნიშნავს ამ ლამაზ დღესასწაულს - ღვთაებრივი სიყვარულის დღეს.

"არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი... უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა, ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება", - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

უფალმა მოგვცეს ღვთაებრივი სიყვარულის ძალა!

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძე
ბეჭდვა
1კ1