რად ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა
რად ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა
"ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!" იესუ ქრისტეს ბრწყივნვალე აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები
- გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):


- ამ სიტყვებს უდიდესი ძალმოსილება აქვს და იგი მისტიურად გვაბრუნებს სულიერი სიხარულის, ზეიმის იმ ისტორიულ დროში, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი "ორმეოცთა დღეთა ეჩვენებოდა" (საქ. 1. 3.) მოციქულებს. აღდგომაში დაეჭვებული მოციქულები (არა მარტო თომა), ხელით ეხებოდნენ უფალს (ლუკ. 24. 36, 43.), რომელიც ღვთის სასუფეველზე მიუთხრობდა და იმ ცხოვრების წესზე რომელსაც დღეს მივსდევთ ქრისტიანები (დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: "საკვირაო სამოციქულო საკითხავების განმარტება", გვ. 42-44). "ქრისტე აღდგა" პირველად ანგელოზებმა წარმოსთქვეს და ახარეს მენელსაცხებლე დედებს. მისასალმებელი სიტყვები გახდა მოციქულებისთვის, რადგან ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს ახსენებდნენ "ქრისტე აღდგა" და პასუხიც შესაბამისი იყო "ჭეშმარიტად", ნამდვილად აღდგა უფალი. მთელს სამყაროს გადასცეს ეს სიხარული და ცნობა უფლის აღდგომის შესახებ. შემდგომ საუკუნეებში კი საზეიმო ხარება, ანგელოზთა და მოციქულთა შეხმატკბილებული დიალოგი ეკლესიის ორგანულ ნაწილად იქცა და მათ მსგავსად ჩვენ ვახარებთ ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას. შემდგომად დაფვლისა დიდი ლოდით დაგმანეს კარი ურიებმა. დამარხვის დროს საფლავთან იდგნენ წმინდა დედანი, რომელნიც გალილეიდან ჩამოვიდნენ უფლის მსახურებლად. გალილეა არის ჩრდილოეთი ნაწილი პალესტინაში, ესე იგი იმ ქვეყნისა, სადაც ცხოვრობდა უფალი იესო. შაბათს ყველანი სახლში იყვნენ და ნელსაცხებელს ამზადებდნენ (იგულისხმება მოციქულები გ.ს), წმინდა მენელსაცხებლე დედები წავიდნენ საფლავისკენ, შაბათს შემწუხრების შემდეგ, უშიშრად, სამწუხაროდ მათი სახელები არ არის ცნობილი, მხოლოდ ნახსენებია სახარებაში: მარიამ მაგდალინელი, მარიამ იაკობისა, სალომე, იოანნა და სხვანი მათ თანა(ლკ. 23. 55-56). შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მოციქულები და წმინდა დედები ერთად იყვნენ შაბათ საღამოს. აღსანიშნავია, რომ ცალ-ცალკე მიდიან და არა ერთად, რადგან არ მიიპყრონ ხალხის ყურადღება და საფლავთან შეხვდნენ ერთმანეთს. სხუანი ურიანი კი დღესასწაულობდნენ პასექს, ესენი კი გულდამძიმებულნი იყვნენ უფლის აღსასრულის გამო, ტიროდნენ და გოდებდნენ. დედებმა ნელსაცხებელი წაიღეს იმიტომ, რომ სრულიად არ იყვნენ დარწმუნებულნი უფლის აღდგომაში. იმ პერიოდში ღამე ხანმოკლე იყო და მალე გათენდა, მარიამ მაგდალინელი, რომელიც ხასიათით იყო სწრაფი და შრომის ამტანი სხვებთან შედარებით, ადრე მივიდა საფლავთან, ყველაზე უწინ და იხილა საოცრება, ლოდი გადაგორვებულია. იგი მსწრაფლ დაბრუნდა მოწაფეებთან და აუწყა: უფალი აღიღეს და არა უწყი სად დადეს იგი. მარიამს აზრადაც არც მოსვლია, რომ უფლის ანგელოზებმა გადააგორეს. ცხოვრების მომნიჭებელმა დათრგუნა სიკვდილითა სიკვდილი და აღსდგა. თუმცა დედებმა არც ის იცოდნენ დარწმუნებით მცველები იქნებოდნენ თუ არა, რადგან ამბობდნენ გზაში: ვინ გარდაგვიგოროს ლოდი საფლავისაგან, ხოლო საფლავს მიახლოებულებმა იხილეს ღია გამოქვაბული. ანგელოზმა უწყოდა რა ადამიანის სუსტი ნებისყოფა და უამრავი აზრებისკენ გონების მიდრეკა, მალევე აუწყებს: რად ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა? პეტრემ იმწამსვე ირწმუნა უფლის აღდგომა, როდესაც იოანესთან ერთად გამოქვაბულში ცარიელი სახვევები და პირსაფარი იხილა. წმინდა გრიგოლ დიდი წერს: "ქალმა, გველისაგან მიიღო პირველი სიცრუე, და ქალმავე თვით მკვდრეთით აღდგომილი უფლისაგან მოისმინა პირველი სასიხარულო ჭეშმარიტება; ვისი ხილვითაც გაზავდა სასიკვდილო სასმელი, იგივე ხელმა მოგვცა სასმელი ცხოვრებისა".

ბეჭდვა
1კ1