შენ იხილე და ირწმუნე
შენ იხილე და ირწმუნე
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განცდის მისტერიაა. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად აღსდგა!"

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა და აი, რატომ: სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა მაცხოვარი აღდგომის დღეს, საღამოს, იუდეველთა შიშით კარჩაკეტილ მოწაფეებს. დადგა შუაში და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა", - და უჩვენა მათ ხელები და ფერდი. მოწაფეებმა გაიხარეს ქრისტეს ხილვით (იოან. 20, 19-21).

მიუხედავად იმისა, რომ პეტრე და იოანე მოციქულებმა აღმდგარი მაცხოვრის სახვევები იხილეს, მიუხედავად იმისა, რომ მენელსაცხებლე დედებმა მათ ახარეს მაცხოვრის აღდგომა, მაინც უიმედოდ და გაურკვევლობაში იმყოფებიან. სწორედ ამ დროს ეცხადება აღმდგარი მაცხოვარი თავის დაბნეულ მოციქულებს. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს შეიტყო სხვა მოციქულებისგან, გული დაწყდა და თქვა: თუ მის ხელებზე ნალუსმნევს არ ვნახავ, მასში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში - საკუთარ ხელს, არ ვიწამებ! (იონ. 20,24-25). თომა მოციქულის ამგავრი განცხადება სრულებითაც არ არის საკვირველი, რადგან, ჯერ ერთი, მოციქულები სრული სისავსით განისწავლებიან და რწმენაში განმტკიცდებიან მხოლოდ სულიწმიდის მოსვლის შემდეგ, მეორეც, თომა მოციქულის ადგილზე სხვა რომელიმე მოციქულიც მსგავსადვე მოიქცეოდა, რადგან, როგორც აღნიშნული იყო, უფლის მოწაფეები, მიუხედავად მაცხოვრის აღდგომაზე უწყების მიღებისა, მაინც შიშით ჩაკეტილნი იყვნენ. უფრო მეტიც, რვა დღის შემდეგ, როდესაც უფალი კვლავ გამოეცხადა მათ, მოციქულები კვლავაც ჩაკეტილნი იყვნენ, არადა, როგორც წმინდა პავლე მოციქული შემდგომში იტყვის: თუკი ღმერთი ჩვენთან არის, ვიღასი უნდა გვეშინოდეს?! ასე რომ, თომა მოციქულის ე.წ. ურწმუნოება უჩვეულო არ ყოფილა. "რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო კარჩაკეტილში, დადგა შუაში და თქვა: მშვიდობა თქვენდა. შემდეგ უთხრა თომას: მოიტა აქ შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იოან. 20, 26-27). თომა პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. "შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა, - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა". მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება. ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევიგრძნობთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად - მარხვითა და ლოცვით, რადგან ქრისტიანი იესოსთან ერთად უნდა ავიდეს გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, მასთან უნდა თანაჯვარსეცვას, თანადაეფლას, რათა მასთან ერთად აღსდგეს მკვდრეთით და დაიმკვიდროს მისთვის გამზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა.

აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიაში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი (ბერძნ. - პური). ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება, რაც დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას ანუ თომას კვირას - არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, ავადმყოფობის ჟამს ან სხვა განსაცდელის დროს უნდა მივიღოთ როგორც სულიერი წამალი საკურნებელად სულისა და ხორცისა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1