23 ნოემბერი გიორგობაა
23 ნოემბერი გიორგობაა
ქურმუხის წმინდა გიორგი
"უფალო ღმერთო და ქურმუხის ტაძარო, თქვენ დამიფარეთ" - საქმის დაწყებამდე ყოველი მართლმადიდებელი ინგილო ასე აღავლენს ლოცვას. იგი უზენაესს არც მაშინ ივიწყებს, როცა ყოველდღიურ სუფრას მიუჯდება და შოთს გატეხს...

დაიჩაგრნენ ინგილოები. ძალზე ბევრი ავნო მათ მუსლიმან სასულიერო პირთა მძლავრობამ. თუ გვინდა, პირნათელნი ვიყოთ ღვთის, ისტორიის, საკუთარი სინდისისა და ბოლოს, წმინდა წამებულთა, დასაღუპად განწირული ხალხის წინაპართა წინაშე, დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, გადავარჩინოთ", - წერდა 1892 წელს მღვდელი ლეონიდე ოქროპირიძე, შემდგომში - კათოლიკოს-პატრიარქი.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ის ტკივილი კი არ განელებულა, პირიქით - უფრო გამწვავდა. ჰერეთშიც, როგორც მთელ საქართველოში, უამრავი პრობლემაა და ეს კუთხე დღესაც ძველებურად ითხოვს ჩვენგან თანადგომას და დიდ სიყვარულს.

ეს ულამაზესი და მადლიანი მხარე შარშან, 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე მოვინახულე და მოვილოცე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჰერეთს ყოველ წელს სტუმრობენ საქართველოდან ჩასული მომლოცველები და ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მსახურებას ესწრებიან. ეს დღე ყველასთვის დაუვიწყარია. წელს რომელ ტაძარში იდღესასწაულებენ ჰერები გიორგობას, მხოლოდ უფალმა უწყის...

არადა, რაც 1997 წელს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია დაარსდა და მის მღვდელმთავრად მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) დადგინდა, მას შემდეგ ამ მხარეში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა...

შესაძლოა, მავანს ჰგონია, რომ ქურმუხის ტაძარი ქართული არ არის და ჩვენი ქვეყნის წარსულთან საერთოც არაფერი აქვს. ასეთნი მწარედ რომ ცდებიან, ამაზე ყველაზე უკეთ ჩვენი მადლიანი ისტორიის ფურცლები მეტყველებს.

KARIBCHE

ქურმუხის გუმბათიანი ეკლესია XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ტაძარს რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ჰერების გადმოცემით, წელიწადში ერთხელ - აღდგომა დღეს, დედა ღვთისმშობელი აღებს ქურმუხის ქვეშ გამოქვაბულის კარს, გამოდის და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამ დროს გამოფრინდება ოქროს მამალი და ყივილს მორთავს. მას ახლომახლო სოფლის მამლებიც აძლევენ ბანს. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, გამოსულა მარიამ დედა და თმის ვარცხნა დაუწყია. მიჰპარვია ერთი თათარი და მისი დაჭერა მოუნდომებია, მაგრამ ხელი გაშეშებია, ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შებრუნებულა გამოქვაბულში და კარიც დახშულა. თათარი შეწევნას შევედრებია ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის. მართლაც განკურნებულა და ქრისტიანობა მიუღია.

ერთ ურწმუნო ვაჭარს ქარავნით აქეთ გამოუვლია, მაგრამ პატივი არ უცია ქურმუხისთვის და წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემებიც გაუქვავებია. დღეს ქურმუხის ფერდობზე დაყრილ ლოდებზე მორწმუნეები სანთლებს ანთებენ.

ქურმუხამდე მისასვლელად გრძელი, ტყიანი აღმართი უნდა აიარო. გიორგობას აქაურები ამ გზას ფეხშიშველი მიუყვებიან. სწამთ, ასე უფრო შეიწირავს წმინდა გიორგი მათ ლოცვას. დღესასწაულს კი ერთმანეთს ასე ულოცავენ - "შეგეწიოს!" პასუხიც არ აყოვნებს - "დაგიმადლოს!"

ნაქულბაქევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი
შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს, რომ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, დიღმის მეურნეობაში, ნაქულბაქევის მამათა მონასტერია დაფუძნებული. თუმცა მახვილი თვალი ქალაქის განაპირას უთუოდ შეამჩნევს ფირნიშს, რომელიც მონასტრისკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს.

ამ ადგილს ოდესღაც ნაქულბაქევი რქმევია. სპარსულად "ქულბაქი" ბაზარს ნიშნავს. ძველად აქ თურმე ბაზრობა იმართებოდა. მონასტრის დამფუძნებლებმა ადგილს ისტორიული სახელი შეუნარჩუნეს და მონასტერს ნაქულბაქევი უწოდეს.

KARIBCHEმამათა მონასტერი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2005 წლის აპრილში დაარსდა. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესიაც მაშინ იქცა მონასტრის ნაწილად. ამ ერთნავიანი ტაძრის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. მხოლოდ ის ვიცით, რომ ის IX-X საუკუნეებით თარიღდება. იყო თუ არა აქ მონასტერი, ესეც უცნობია. ეკლესიაში ღვთისმსახურება არც ათეისტური რეჟიმის ბატონობისას შეწყვეტილა. ტაძარი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა ტარიელ სიკინჭალაშვილმა განაახლა 1995-1996 წლებში. მას აქეთ ამ საოცარი მადლით სავსე საყდარში რამდენიმე მოძღვარმა იმსახურა - მამა ბარნაბმა, მამა თეოდორემ, მამა ლუკამ. დაარსების დღიდან მონასტრის წინამძღვრობა მღვდელმონაზონ იოანეს (გვაჯაიას) დაეკისრა.

- ჩვენი მონასტერი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამიტომ გასაკეთებელიც ბევრია. ყოველი მხრიდან ვგრძნობთ ღვთის წყალობას, ლოცვა-კურთხევას. ვლოცულობთ, რომ მონასტერი მადლმოსილებით დამშვენდეს, აღორძინდეს და ისეთ ადგილად იქცეს, სადაც ყველას გაუხარდება მოსვლა.

გვყავს მგალობლები, მედავითნე. მრევლიც, ღვთის მადლით, იზრდება. გაკეთდა ახალი კანკელი, მოიხატა საკურთხეველი. უწმინდესისგან მივიღეთ ლოცვა-კურთხევა, დაგვეწერა წმინდა გიორგის დიდი ხატი, რომელიც მრევლში დაბრძანდება.

მონასტერს მადლს მატებს მასში დავანებული სიწმინდეები - წმინდა გიორგის, 6000 ბერის წმინდა ნაწილები, სვეტიცხოვლის მირონმდინარე ძელის და წმინდა სერაფიმე საროველის ქვის ნაწილი.

აქ როგორ მოვედი? რამდენიმე თვის ნაკურთხი ვიყავი. მამა სერაფიმე (ჭედაია), ჩემი სულიერი მოძღვარი, და მეუფე პეტრე (ცაავა) უწმინდესთან ბრძანდებოდნენ საღამოს ლოცვაზე. ლოცვის შემდეგ პატრიარქს ნაქულბაქევის მონასტერზე ჩამოუგდია სიტყვა - მინდა, ბერი გავგზავნოო. დამიკავშირდნენ და ასეთი ბერის პოვნა მთხოვეს. უწმინდესს საპატრიარქოში ვეახლე. პატრიარქი მიცნობდა - სიონის ტაძარში თავად მაკურთხა დიაკვნად. სხვა ბერი აღარ უძებნიათ, უწმინდესმა ჯვარი გადამსახა და მითხრა: კარგი მონასტერი უნდა შექმნაო. ეს პასუხისმგებლობა მაფხიზლებს. მოვდუნდები თუ არა, მაშინვე პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მახსენდება.

ღმერთმა მრავალ გიორგობას დაგასწროთ!

თუ გსურთ, შეეწიოთ ნაქულბაქევის მამათა მონასტერს და მის აღმშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა, გთავაზობთ თი-ბი-სი ბანკის ანგარიშის ნომერს: 220101850.
ბეჭდვა
1კ1