ფერისცვალება
ფერისცვალება
თაბორზე ქრისტემ ორი აღთქმა - ძველი და ახალი შეახვედრა და შეაერთა
მართლმადიდებლური სწავლებით, ამქვეყნიური ცხოვრება ადამიანისა სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა განუწყვეტელი, თანდათანობითი ფერისცვალება - გადასვლა მიწიერი, ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერ, წმინდა მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა დღითიდღე უნდა ახლდებოდეს, მაღლდებოდეს. თუ სიცოცხლეშივე არ ვიწყეთ მზადება, ღვთის სასუფეველს ვერასოდეს დავიმკვიდრებთ, ღვთაებრივი ნათლის ხილვის ღირსი ვერ შევიქნებით, რამეთუ რასაც ამსოფლად შევიძენთ, ის გაგვყვება საგზლად იმ ქვეყნადაც. რა ფერსაც მიიღებს სული ამქვეყნიურ ცხოვრებაში, იმავე ფერით წარდგება შემოქმედის წინაშეც.

ფერისცვალების შესახებ გვესაუბრება ვაზისუბნის ცხრა ყრმათა კოლაელთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი გურამ გურამიშვილი.

- მამაო, გთხოვთ განგვიმარტოთ, რა მოხდა ფერისცვალებას, რით განსხვავდება ის სხვა დღესასწაულებისგან.

- თორმეტ დიდ დღესასწაულთაგან ფერისცვალება ყველაზე თვალნათლივ მოგვიწოდებს ნათლისაკენ, სიწმინდისაკენ, იმ პირველყოფილი ნათლისაკენ, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ბიწიერება. წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ უფალმა თავის მოწაფეთაგან პეტრე, იაკობი და იოანე გამოირჩია და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს მიეძინათ. უეცრად ისინი ძლიერმა სინათლემ გამოაღვიძა და იხილეს, რომ იესოს ფერი ეცვალა - სახე მისი მზისებრ გაბრწყინდა, სამოსი მისი განსპეტაკდა, ვითარცა თოვლი, და თვალისმომჭრელ ნათელს გამოსცემდა. ამ დროს უფლის წინაშე წარდგნენ წინასწარმეტყველნი - მოსე და ილია. მაცხოვარს იმ ვნებებზე ესაუბრებოდნენ, იერუსალიმში რომ მოელოდა. როცა წინასწარმეტყველებმა განშორება დააპირეს, პეტრემ მოძღვარს მიმართა: "უფალო, კარგია აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებთ სამ კარავს: შენთვის, მოსესთვის და ილიასთვისო". ამ დროს ნათლის ღრუბელმა დაფარა მოწაფენი, ზეციდან კი ხმა მოესმათ: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ". მოციქულები შეშინდნენ და მიწაზე დაემხნენ, მაგრამ იესომ ანუგეშა ისინი: წამოდექით, ნუ გეშინიათო. ადგნენ და იესო ჩვეული სახით იხილეს...

ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილულად უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - შეუქმნელი, მარადიული ნათელი. ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით აღავსებდა. ამიტომაც იყო, პეტრემ იესოს სამი კარვის დადგმა და თაბორის მთაზე დარჩენა რომ სთხოვა. მოციქულს სურდა, მადლი, რომელიც მათ გარშემო ტრიალებდა, დიდხანს არ განშორებოდათ. იმდენად აღტაცებულიყო გაბრწყინებული მაცხოვრის ხილვით, ყოველივე მიწიერი, მთის ძირას რომ დარჩა, არარაობად მიაჩნდა.

არ შეიძლება, არ გაგვიჩნდეს კითხვა: კი მაგრამ, რატომ აირჩია მაცხოვარმა სწორედ ეს სამი მოციქული? რატომ სამი და არა ერთი ან შვიდი? საქმე ის გახლავთ, რომ იმ დროისთვის ამ უდიდესი მოვლენის - უფლის ფერისცვალების დასატევად სულიერად მზად მხოლოდ ეს სამნი იყვნენ: პეტრე - სარწმუნოებით უპირატესი მოციქულთა შორის, იოანე - სიყვარულით უპირველესი და იაკობი - მოწამებრიობით გამორჩეული.

ხილულ სამყაროში მზე უბრწყინვალესია მნათობთა შორის, ამიტომ, როცა სურს, ფერნაცვალი უფლის ბრწყინვალება წარმოგვიდგინოს, მახარებელი მას მზეს ადარებს. თუმცა მზის ფიზიკურ, ბუნებრივ ნათებას ღვთაებრივი, ზეციური ნათელი უსაზღვროდ აღემატება!

- მთაზე მოციქულებმა მოსე და ილიაც იხილეს. რატომ სწორედ ისინი?

- ამით სახარება გვმოძღვრავს, რომ რასაც ძველი აღთქმა გვასწავლიდა, ახალი აღთქმა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე აგვირგვინებს. თაბორზე ერთმანეთს ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი და ახალი აღთქმის სამი რჩეული მოციქული შეხვდნენ. წმინდა გრიგოლ პალამას თქმით, ეს მთა იქცა ერთგვარ ხატად ეკლესიისა, რომელშიც ქრისტემ ორი აღთქმა - ძველი და ახალი შეახვედრა და შეაერთა; ამავე დროს ისიც გაგვიცხადა, რომ თვითონაა ჩვენი მაცხოვნებელი და მომცემელი ორივე აღთქმისა.

საინტერესოა, როგორ მიხვდნენ პეტრე, იაკობი და იოანე, რომ ის ორნი, მაცხოვარს რომ ესაუბრებოდნენ, სწორედ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი - მოსე და ილია - იყნენ. ეს მართლაც საოცარია, ისინი ხომ მათ არასდროს ენახათ. შესაძლოა, იმ ძალამ, რომელმაც მოსე და ილია ღვთაებრივი, ზეციური სამყაროდან ხილულ სამყაროში გადმოიყვანა, მოციქულებს შინაგანი, სულიერი თვალი აუხილა და მათი ვინაობა შეაცნობინა. ან იქნებ მათი სახელები წინასწარმეტყველებთან საუბრისას თვით უფლის ბაგეთაგან მოესმათ...

მაცხოვრის ფერისცვალებისას ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა გამოჩენა ქრისტეს დიდებას ზრდიდა მოწაფეთა თვალში, მათ რწმენას უფლისადმი განამტკიცებდა და კიდევ ერთი დასტურიც გახლდათ იმისა, რომ ის კაცობრიობის მხსნელია. წინასწარმეტყველნი, მოსე - ერის სჯულმდებელი და ილია - ამ რჯულის აღმსრულებელი, მათ უფალს, იესო ქრისტეს ემსახურებიან.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ თაბორის მთაზე ცხონების სამი გზა წარმოჩინდა: სათნოებისა, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა. პირველ ორს ილია და მოსე წარმოადგენენ, ღვთისმეტყველებისას კი თავად უფალი.

ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია - იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას. იესომ ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა - ჩვენი ცხონება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს.

- მამაო, ამ დღეს ხილს რატომ აკურთხებენ?

- ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იმ სიწმინდეს იბრუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი.

- თუ შესაძლებელია, ადამიანმა შინაგანი ფერისცვალება ეკლესიური ცხოვრების გარეშეც განიცადოს?

- ყოველი ჩვენგანი ხორცისა და სულისაგან შედგება. ხორცი ადრე თუ გვიან მიწად იქცევა, ნათქვამია: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევიო..." შესაბამისად, ხორციელი ყოფაც დროებითია, წარმავალი. სულიერი ცხოვრებაა საუკუნო. ამიტომაც არა მარტო ხორციელ სიამტკბილობაზე უნდა ვიფიქროთ, სულიერ განწმენდასა და ფერისცვალებაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომელიც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით: ლოცვით, მარხვით, გულწრფელი აღსარებით, ხშირი ზიარებით... მიიღწევა. წმინდა მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერ ჭრილობებს კურნავს და ცოდვით გახრწნილ სულს აახლებსო.

საგულისხმოა, რომ ქრისტემ ფერი ლოცვის დროს იცვალა. ამით უფალმა კიდევ ერთხელ მოგვცა სწავლება ლოცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და განსაცვიფრებელი ძალმოსილების შესახებ. ყოველდღიური გულმხურვალე ლოცვით ფიზიკური თვალისაგან უხილავად მლოცველის სულიერი ფერისცვალება ხდება. ლოცვა ხომ სულის სუნთქვაა, სუნთქვის გარეშე კი სულის სრულყოფა წარმოუდგენელია.

სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, მთავარია, გულში ჰყავდეს უფალი და ეკლესიაში სიარული აუცილებელი აღარაა. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. ქრისტიანული ცხოვრების არსი პიროვნული სრულყოფისკენ, სულიერი ფერისცვალებისკენ სწრაფვაა და ამ მიზნის განხორციელებაში ეკლესიური წესების დაცვით გარდამოსული ღვთიური მადლი გვეხმარება.

- რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი ფერისცვალებისთვის საეკლესიო საიდუმლოებებში ხშირი მონაწილეობა?

- ადამიანის ბუნების ჭეშმარიტი სრულყოფა წარმოუდგენელია ღვთიური მადლის შემწეობის გარეშე. ეს მადლი განსაკუთრებული ძალით საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულების დროს ვლინდება, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდება ქრისტიანს სულიერ ცხოვრებაში. ეკლესიის მამები სინანულს "მეორედ ნათლობას", "ნათლობის განახლებას" უწოდებენ. ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით ვხდებით ეკლესიის წევრნი, ვადგებით ღვთის სასუფევლის გზას. მეორედ ნათლობის - სინანულის წყალობით, მისი ცრემლით კი ადამიანს ძალუძს, ცოდვისგან განიბანოს, დაცემული წამოდგეს, წყლულებისგან განიკურნოს და უფლისკენ მიმავალი გზა განაგრძოს. სამწუხაროდ, ბევრი მოინათლება და ჰგონია, ამით ყველაფერი დამთავრდა. არადა პირიქითაა, ნათლობით იწყება სწორედ ეკლესიური ცხოვრება.

ზიარების საიდუმლოთი ადამიანი ქრისტეს, სულიწმინდის მადლს უერთდება, რომელიც მის არსებას განწმენდს და განანათლებს, მის სულიერ და ხორციელ ძალებს განამტკიცებს და ბოროტისაგან იცავს. აღსარებითა და ზიარებით პიროვნებაში სულიერი ფერისცვალება ხდება, შინაგანი წონასწორობა აღდგება. ღმერთი მწუხარებისგან დათრგუნულს ნუგეშს აძლევს, შურისძიების სურვილით შეპყრობილს - მიტევების მადლს, აფორიაქებულს - სიმშვიდეს, დაჩაგრულს კი სულიერ ძალას. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ ჩვენი სულის მკურნალი სულიწმინდის მადლი.

- ხშირად ქურდები, მეძავები, ნარკომანები ეკლესიური ცხოვრების წყალობით ძველ გზას დააგდებენ, მათი წარსული კი ზოგიერთს მაინც აბრკოლებს...

- მართლაც, უამრავი შემთხვევა ვიცით, როცა გზაშეცდენილი ადამიანები ეკლესიურ ცხოვრებას სულმთლად შეუცვლია. მოგეხსენებათ, ნარკომანია დღევანდელი საზოგადოების უდიდესი საწუხარია. ღვთის წყალობით, არიან ჩვენში ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მოინდომეს და უფლის შეწევნით შეძლეს კიდეც თავიანთი წლობით გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი იპოვეს, გათავისუფლდნენ ნარკოტიკებისგან. ვფიქრობ, ისინი სხვებისთვისაც კეთილი მაგალითის მიმცემნი არიან. ქურდმაც, მეძავმაც, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ცოდვილი მდგომარეობა, ჯვარი აღიღეს და უფალს შეუდგნენ, მართლაც იცვალეს ფერი. ამიტომ ასეთი წარსულის ადამიანების ტაძარში ხილვა არ უნდა გვაბრკოლებდეს; ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალი ცოდვილთათვის მოვიდა და არა მართალთათვის. თუ ეს ადამიანები გვაბრკოლებენ რწმენის გზაზე, ეს ჩვენს მცირედმორწმუნეობას უნდა დავაბრალოთ.

პატრიარქის კურთხევით, რამდენიმე მოძღვარს საშუალება გვეძლევა, პატიმრები მოვინახულოთ, ვანუგეშოთ ისინი. უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორ ხდება მათში ფერისცვალება. სასჯელი და საპყრობილეში ყოფნა უდიდესი განსაცდელია, თუმცა ბევრისთვის ეს განსაცდელი თვალის ახელის მიზეზად იქცევა ხოლმე. საზოგადოდ, ღვთისგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება, რათა საკუთარი სულიერი მდგომარეობა თვითონვე შეიმეცნოს. ბევრი პატიმრობისას მონათლულა, ბევრს ციხეში დაუწყია ეკლესიური ცხოვრება, ბევრიც სრულიად შეცვლილა. ის კი არადა, ოჯახის წევრებსაც მოუწოდებენ ხოლმე, ეკლესიურად იცხოვრეთო. პირად საუბრებში ძალიან ბევრს უღიარებია, უფალმა იმიტომ დაუშვა ჩემზე ეს განსაცდელი, რომ ეკლესიური ცხოვრება დამეწყოო. მაგრამ უნდა ვისწავლოთ, რომ არ დაველოდოთ განსაცდელს და ღვთისკენ ისე გადავდგათ ნაბიჯი.

- რთულია მიღწეული სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება?

- ხშირად ადამიანი მოდის ეკლესიაში, გრძნობს განსაკუთრებულ მადლს, ხედავს, როგორ იცვლება მისი შინაგანი მდგომარეობა ამ მადლის ზემოქმედებით, მაგრამ გადის დრო და ბოროტი მას ღვთის სახლს განაშორებს ხოლმე. ჩვენი წინაპარი ადამი, ნაცვლად იმისა, რომ მორჩილად და რუდუნებით შესდგომოდა უფლის მსგავსებისაკენ მიმავალ გზას, ეშმაკს მიენდო, აკრძალული ხილი იგემა და სიწმინდიდან უკეთურობისკენ იცვალა ფერი. ამგვარად, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უფალთან კავშირის დარღვევის მიზეზი რომ არ გახდეს, აუცილებელია, სულიერი აქტიურობის შენარჩუნება შევძლოთ. უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, ადამიანმა სულიერ კიბეზე აღმასვლა რომ დაიწყოს. გვახსოვდეს: ადამიანი სუსტია, ცოდვილი, მაგრამ დაცემის შემდგომ უნდა მოიკრიბოს ძალა, რათა კვლავ აღდგეს, აღიღოს ჯვარი, რომელიც უფალმა უბოძა და ბოლომდე მიიტანოს იგი, რამეთუ ამაშია მისი ცხონება. ქრისტიანის ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლაში მარტონი არა ვართ, უფალია ჩვენთან. მწუხარებისა და განსაცდელისთვის მუდამ მზად უნდა ვიყოთ. თაბორი გოლგოთას უსწრებს წინ, ქრისტიანისთვის კი გოლგოთა უსწრებს თაბორს.

- მამაო, ერში თუა შესაძლებელი ფერისცვალება?

- სულიერი გაძლიერება ყველგანაა შესაძლებელი, სადაც ადამიანი ამას მოინდომებს. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ერში ვიქნებით თუ მონასტერში, მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი იტვირთოს და ქრისტეს შეუდგეს. უფალი თავად გამოარჩევს, ვინ უნდა ემსახუროს ერში და ვინ - მონასტერში. ჩვენი სულიერი ცხოვრება თანდათან უნდა იცვლებოდეს, უმჯობესდებოდეს. გამუდმებით უნდა ვადევნოთ თვალი ჩვენს გრძნობებსა და განცდებს, რათა ისინი ცოდვაში არ გადაიზარდოს. პეტრეს, იაკობისა და იოანეს დარად, მხოლოდ სულით გამოწრთობილი ადამიანები იხილავენ უფლის დიდებას.

მინდა, საუბრის დასასრულს "კარიბჭის" მკითხველს ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მხნეობა, ჩვენს ქვეყანას კი მთლიანობა და ერთობა. ღვთის სადიდებლად გვეცხოვროს, ამინ!
ბეჭდვა
1კ1