სულიწმინდის მადლი
სულიწმინდის მადლი
გლახაკნი - მდიდრებად, მეძავები - უბიწოებად და ავაზაკები წმინდანებად აქცია
უდიდესი საუნჯე მართლმადიდებლობისა, ძალა და სიდიადე საღვთო სიტყვისა, რომლითაც მონადირებულია მთელი ქვეყნიერება, "ახალ ტიკებში ჩასხმული ახალი ღვინო", გასაღები რწმენისა, რომლითაც გაღებულია კარიბჭე ზეციური სასუფევლისა და გადმოღვრილია სურნელება სიცოცხლისა, მეთევზურთა ბადე, რომელიც შემდგომში კაცთა შემომკრებ ბადედ - ეკლესიად იქცა, მოციქულთა იარაღი და ნაყოფი მათი მოღვაწეობისა, განმაბრწყინებელი წმინდანთა, მოწამეთა, მღვდელმთავართა, მონაზონთა და წარმომაჩენელი მათი სიბრძნისა და გონიერებისა - სულიწმინდა, რომლის მიერ ამოტვიფრულია თითოეული ასო, თითოეული სიტყვა წმინდა წერილისა, სული სიცოცხლისა, რომელიც მაცოცხლებელია თითოეული ქმნილებისა, როგორც ხილულის, ისე უხილავისა; ჭეშმარიტი სიბრძნე, მეცნიერება, ფილოსოფია ქრისტიანული ყოფისა, რომელიც უცხოა ცრუ ფილოსოფიისთვის, გამოუთქმელი სიხარული მართლმადიდებლობისა; ზეციური მადლი, რომელმაც გლახაკნი - მდიდრებად, მეძავები - უბიწოებად და ავაზაკები წმინდანებად აქცია; განგებისეული უღლის დამატკბობელი და ცხოვრებისეული ტვირთის შემამსუბუქებელი; სიწმინდე, რომლითაც და რომელშიც წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა განიჭვრიტება და რომლის გარდამოვლინებაც ასე ძვირფასია ჩვენთვის, რამეთუ ძვირფასია თავად იგი (ქრისტე), რომელმაც აღგვითქვა მისი მონიჭება.

უფლის აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე სულიწმინდის მადლი ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა. სწორედ რომ ცეცხლის სახით, რამეთუ ცეცხლს თვისება აქვს წვისა, თბობისა და ნათებისა, ასევე, მათაც, წმინდა სულით აღვსილებმა, თავიანთი ნათელით გაანათეს ქვეყნიერებაზე არსებული წყვდიადი ურწმუნოებისა, უგუნურებისა, უღმერთოებისა, ცეცხლოვანი სიტყვის ძალით დაწვეს და მოაშთეს ყოველი ბოროტება კერპთმსახურებისა და ღვთაებრივი სიყვარულის მადლით გაათბეს და გაალღვეს ადამიანთა გაყინული გულები. სულთმოფენობის წმინდა დღესასწაული ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღეა, ჭეშმარიტი სარწმუნოების კლდეზე დაშენებული მებრძოლი ეკლესიის დღე, რომლის თავი თავად ქრისტეა, სულიწმინდა კი სუნთქვაა მისი, რომლის მაცოცხლებელი ძალა კრავს და აერთიანებს მართლმადიდებლობას, როგორც ერთ სხეულს, ერთ ორგანიზმს საყოველთაო ჭეშმარიტებისა.

ჩვენი ცხოვრების არსი, გზა სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა, მისკენ სწრაფვაა. არა აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფები - მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ჰაერში, ყველგან მასზე უნდა ფიქრობდე, ყოველივეში მის მაცოცხლებელ ძალას უნდა გრძნობდე და მისთვის უნდა ცხოვრობდე. სიმდიდრე საფასის რაოდენობითა და ხარისხიანობით განისაზღვრება, ქრისტიანობა (სულიერი სიმდიდრე) კი - სულიწმინდის მადლის მოპოვებით. ოქრომ რომ ბრწყინვა დაიწყოს, ათასგვარი მინარევისაგან უნდა გასუფთავდეს ცეცხლში გამოწრთობით, ადამიანის სული რომ ცოდვისაგან გათავისუფლდეს, ცხოვრებისეულ ქურაში უნდა გამოიწვას ღვთაებრივი ცეცხლის ზემოქმედებით. არავითარ ზნეობრივ დარიგებას, განსწავლას, მწიგნობრობას არ შეუძლია გაზარდოს ადამიანი სულიერად, გარდაქმნას იგი სიკეთეში, ასწავლოს სიყვარული, სიმდაბლე, მორჩილება, გამოიღოს რაიმე კეთილი ნაყოფი, თუ ყოველივე ეს მარადიული სულით ნაკვები, ნასაზრდოები არ იქნება. ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა მადლის მიღმა დარჩენილი "სიბრძნე", მზაკვრობით გაჯერებული ამაო მეცნიერება, რომელიც არარაობად იქცა ყოვლადძლიერი ღმერთის წინაშე. "ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან" (ფს. 50,13), - ევედრება უფალს სულიერების უდიდესი ოსტატი დავითი თავის უკვდავ საგალობელში, რამეთუ იცის, რომ "ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი, დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი" (ფს. 38,6-7), რომ სულიერი სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა სულიწმინდისგან მოწყვეტა, მისგან სიშორე და რომ მხოლოდ ღმერთთან მყოფობაშია ადამიანის მარადიული ნუგეში, საუკუნო ნეტარება.

უფლის წმინდა ტაძარი საბრძანებელია საღვთო სულისა, რომელშიც ზეციური, ანგელოზური მსახურება აღესრულება, ტარიგი დაიკვლის და მარადის ქრისტე შეიწირება. ეკლესიაში მაცხოვარი გვაჭმევს თავის წმინდა ხორცს და გვასმევს თავის წმინდა სისხლს, ტაძრის გარეთ კი თავად უნდა ვიყოთ შეწირულნი ღვთისადმი ჩვენი ცხოვრებით. მრავალი ფიქრობს, რომ ქრისტიანული ქცევა, ზნეობა მხოლოდ ეკლესიაშია საჭირო, მხოლოდ მის წიაღში მოქმედებს საღვთო მცნებები. ნურავინ შეეცდება, ზღვარი გაავლოს ღმერთსა და ადამიანს, ეკლესიასა და წუთისოფელს შორის, ხელი შეუშალოს მათ ერთობას, რამეთუ რაც სულმა (სულიწმინდამ) შეკრა და შეამტკიცა, მას ვერაფერი დაარღვევს. ადამიანი, რომელიც ტაძარში დადის და ერში კვლავ მგლური კანონებით ცხოვრობს, იმ მოციქულს ემსგავსება, რომელმაც დიდი მადლი მიიღო უფლისაგან და ოცდაათ ვერცხლად მიჰყიდა ის ამა სოფელს. სულიწმინდა უსაზღვროა, დაუსაბამოა, კეთილად წარმმართველია სამყაროსი, რომლის მაცოცხლებელი ძალა თითოეულ ქმნილებაშია ასახული. სულიწმინდა სიწმინდის მთესველი სულია, რომელიც მხოლოდ სათნო ცხოვრების წესით მოიპოვება. თესლის ხელში ჭერით მცენარე არ აღმოცენდება, არამედ აუცილებელია მისი მიწაში ჩარგვა; არც სულიწმინდისეული მადლის მომუშაკებაა შესაძლებელი მათთვის, რომელნიც ცხოვრების წიგნს, წმინდა წერილს, მხოლოდ სამაგიდო წიგნად მიიჩნევენ, არ "თესავენ" მასში არსებულ ცხონების სიტყვებს თავიანთი კეთილი საქმეებით. არ არსებობს შრომა - ძალისხმევის, მადლი კი შესაბამისი ღვაწლის გარეშე.

სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მშვენიერი ყვავილებით ივსება, იმოსება დედაეკლესია. ყვავილი საოცარი ქმნილებაა ღვთისა, რომელიც თავისი სილამაზით, კეთილსურნელებითა და უბრალოებით გამოირჩევა. ჭეშმარიტი ქრისტიანი ყვავილის მსგავსია თავისი მართალი ცხოვრებით, რამეთუ მასავით უბრალოა გონებით, მშვენიერია სიყვარულის ძალით და "კეთილსურნელოვანი" - სულიწმინდისმიერი მადლით. საოცარია ძალა და მადლი ამ ზეციური დღესასწაულისა, რამეთუ იგი მარადის ქრისტეს ეკლესიის, სამოციქულო ეკლესიის ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვების მახარებელია. ამინ!
ბეჭდვა
1კ1