გამოანათა მოწყალებამ და დიდმა დღემ სიხარულისამ
გამოანათა მოწყალებამ და დიდმა დღემ სიხარულისამ
ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახლით - 7 იანვარს) აღსრულდა წინასწარმეტყველება: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაცხოვარი სოფლისა, იშვა ყოვლად უბიწო ქალწული მარიამისგან. ეს მოხდა იუდეის ბეთლემში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიუსის დროს. იმპერატორის ზეობისას გაიცა ბრძანება, რომის იმპერიაში, რომლის პროვინციაც გახლდათ პალესტინა, საყოველთაო აღწერა ჩაეტარებინათ. ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი და მართალი იოსები ქალაქ ბეთლემში ჩავიდნენ, რათა იქ ჩაწერილიყვნენ კეისრის ქვეშევრდომთა სიაში.

აღწერის ჟამს მარიამი სულიწმინდისგან იყო მიდგომილი. იოსებმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა იმ გამოცხადებაზე, რომელიც წმინდა ქალწულს ჰქონდა. როდესაც იოსებმა მარიამის მიდგომილება შეამჩნია, არ ისურვა მისი შერცხვენა და განიზრახა, ფარულად გაეშვა იგი. ეს რომ დააპირა, უფლის ანგელოზი ეჩვენა სიზმრად და უთხრა: "იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ, მოიყვანე მარიამი, ცოლი შენი, რადგან ვინც მასში ჩასახულია, სულიწმინდისგან არის და შობს ძეს და უწოდე სახელად იესო, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან".

ბეთლემში არც ერთ სასტუმრო სახლში ადგილი არ აღმოჩნდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები, დაღლილ-დაქანცულნი, იძულებულნი გახდნენ, ქალაქგარეთ გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი, რომელსაც მწყემსები საქონლის სადგომად იყენებდნენ. სწორედ აქ იშვა მაცხოვარი.

"დღეს ბეთლემი ზეცისა მობაძავ იქმნა: ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი მაქებელად ჰქონან, მზისა წილ მზეი იგი სიმართლისაი მიუწვდომლად დაიტია... და ნუ იძიებთ, ვითარ დაიტია, რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნების წესი, რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოხდა და იხსნა და თანამორბედ ყო ყოველივე ღმრთისა".

უფლის განკაცება, ღვთის განხორციელება - ეს იყო საკვირველი, კაცთა გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლო, რომლის სრულყოფილად გააზრება შეუძლებელია, ვინაიდან ამქვეყნად მოხდა ის, რაც ამქვეყნიურზე გამოუთქმელად მაღლა დგას. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ამბობს: "რაი-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი? მშობელსა ვხედავ და შობილსა განვიცდი თუალითა, ხოლო სახესა მას შობისასა ვერ ძალ-მიც მიწდოლვად. იძლევის ბუნებაი, იძლევიან წესნი სრბისანი, ოდეს-იგი ღმერთსა ჰნებავნ, რამეთუ არა ბუნებით იყო საქმე იგი, არამედ უფროის ბუნებისა საკვირველებაი იგი: უქმ იქმნა ბუნებაი, არამედ იქმნა უფლისა იგი ნებაი".

თუკი კაცობრიობისთვის მაცხოვრის შობა, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩა, ზეციური სამყარო ძე ღვთისას ხორციელად შობამ შეძრა. ანგელოზთა დასი, რომელიც მწყემსებს გამოეცხადა, "აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი" (ლუკა 2:13-14).

მწყემსები გაოცებულნი შესცქეროდნენ მგალობელი ანგელოზების გუნდს და როცა ისინი კვლავ ზეცად ავიდნენ, ერთმანეთს უთხრეს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რაც უფალმა გვაუწყაო. გაეშურნენ ბეთლემისკენ და იხილეს ბაგაში მწოლიარე ყრმა, რომელსაც მოკრძალებით სცეს თაყვანი.

ღმერთი განკაცდა, შემოქმედმა ადამიანის სიყვარულის გამო მოკვდავის სახე მიიღო: "რომელი-იგი არს ბრწყინვალებაი დიდებისაი და ხატი ძლიერებისა მისისაი" (ებრ. 1:3). "...თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი" (ფილ. 2:7).

ქრისტეს შობა აღმოსავლელ მოგვებსაც (ვარსკვლავმრიცხველებს) ეუწყათ ახალი, უჩვეულოდ კაშკაშა ვარსკვლავის გამოცხადებით. ეს ვარსკვლავი უძღოდა მოგვებს მაცხოვრისკენ. ისინი ეახლნენ ღვთაებრივ ყრმას, თაყვანი სცეს მას და მიართვეს ძღვენი: ოქრო, მური და გუნდრუკი. ოქრო - როგორც მეფეს; მური - როგორც ადამიანს (მიცვალებულებს მურით ასუნნელებდნენ); გუნდრუკი - როგორც ღმერთს.

შობის დღესასწაულს ყოველივე სულიერი სიხარულით ივსება. ზეიმობენ ცათა შინა ანგელოზები და ხარობენ ადამიანები, რამეთუ დაემხო კერპთა ძალაუფლება, შეიმუსრნენ ბომონები და მეუფებს ქრისტე უკუნისამდე.

უფლის მიმართ მოგვთა თაყვანისცემის თაობაზე წმინდა სახარება გვიამბობს: "ხოლო მათ, ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაი მარიამის თანა, დედისა თვისისა, და დავარდეს და თაყუანი-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური" (მათე 2:10-12).

წმინდა ეფრემ ასური, IV საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, შობაზე საუბრისას ამბობს: "გამოანათა მოწყალებამ და დიდმა დღემ სიხარულისამ. ნურავინ იქნება მოწყენილი და ძვირისმოხსენე. ეს არის დღე, როცა უფალმა თავი დაიმდაბლა და განკაცდა ჩვენივე ხსნისთვის. დაე, ნუ ეთაკილება ამიერიდან მართალს ცოდვილთან საუბარი, მდიდარს - ღარიბთან ერთად ტრაპეზი".

იესო ქრისტეს ხორციელად შობის მოსახსენიებლად წმინდა ეკლესიის მიერ ძველთაგანვეა დაწესებული დღესასწაული. დასაბამს იგი ჯერ კიდევ უფლის წმინდა მოციქულთა დროიდან იღებს. მოციქულთა ერთ-ერთ პირველ დადგენილებაში ნათქვამია: "დაიმარხეთ, ძმანო, დღენი სასწაულებისანი, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, დღე ქრისტეს შობისა, რომელიც მეათე თვის (მარტიდან) ოცდამეხუთე დღეს აღნიშნეთ ხოლმე".

იესო ქრისტეს ხორციელად შობა - ეს არის უდიდესი დღესასწაული - საფუძველი და დასაბამი ყველა სხვა დღესასწაულისა, ეს არის ზეიმი და გამოუთქმელი სიხარული მართლმორწმუნეთა, რომელიც ღვთის მადლითა და სახიერებითაა გაჯერებული.
ბეჭდვა
1კ1