11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს
11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა, როგორც ქრისტიანთა მწუხარების გამოხატულება დიდი წინასწარმეტყველის მოწამეობრივი აღსასრულის გამო. (მას მეფე ჰეროდემ თავი მოკვეთა).


იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წმინდანია, რომელსაც ყოვლად წმინდა სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შემდეგ მიაგებენ პატივს.
იოანე ნათლისმცემელი უფლის წინამორბედი გახლდათ, მისი მშობლები- მღვდელი ზაქარია და ელისაბედი იყო, რომელნიც მართალნი იყვნენ ღვთის წინაშე. იოანეს შობა სასწაულებრივად მოხდა, რადგანაც ზაქარიაც და ელისაბედიც ხანში შესულნი იყვნენ. თუმცა, შეისმინა ღმერთმა ზაქარიას ლოცვა და მთავარანგელოზ გაბრიელის ენით აუწყა ტაძარში მყოფ ზაქარიას, რომ მისი ლოცვა შესმენილი იყო და ელისაბედი უშობდა ძეს, რომელსაც დაარქმევდნენ იოანეს (მადლი უფლისა). ბავშვობიდანვე სულიწმინდით აღივსებოდა და მრავალ ხალხს მოაქცევდა უფლისკენ. იგი უშუალო ნათესავი იყო მაცხოვრის, მისი და უფლის პირველი შეხვედრა მუცელშივე მოხდა, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელისაბედს ესტუმრა: "ყრმა იგი აღორძინდებოდა და გამტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს ვიდრე გამოცხადებამდე მის ისრაელისა მიმართ". იოანე უდაბნოში იზრდებოდა. სახარებიდან ვიცით, რომ იგი ველური თაფლის და მკალის გარდა არაფერს იხმევდა. ტანზე აქლემის ბეწვი ემოსა და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. ის იყო უდიდესი ადამიანთა შორის, რაზედაც თავად მაცხოვარმა ბრძანა: -ამენ გეტყვით თქვენ, არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოვანეს, ნათლისმცემელისა, ხოლო უმცირეს სასუფეველსა ცათა უფროის მისა არს (მათ. 1.11).
იოანემ 30 წლის ასაკში დაიწყო ქადაგება. მაცხოვრის ნაზარეთში ცხოვრების დროს, მან იცოდა ისრაელიანთა ცოდვები და ღმერთდავიწყებულ საზოგადოებას სინანულისკენ მოუწოდებდა. "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი". იგი იყო ხიდი ძველს და ახალ აღთქმას შორის. წმინდა მამათა თქმით, იგი მანათობელ ლამპარს ჰგავდა, რომელსაც უნდა გაენათებინა გონება და სული ადამიანებისთვის, რათა მიეღოთ მზე ყოველთა მაცხოვარი ჩვენი უფალი. იგი იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა ზედა. ამზადებდა გზას დიდებით მომავალი უფლისთვის.
6




ბეჭდვა
1კ1