სულო ჭეშმარიტებისაო
სულო ჭეშმარიტებისაო
ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება
სახარებისეული სიუჟეტი გვამცნობს, რომ ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმიდის - მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმინდა პეტრე მოციქულის პირველმავე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას "მეუფეო ზეცათაო"....

წმინდა მამები ამბობენ, რომ ჭეშმარიტი მიზანი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა, არის სული წმიდის მოხვეჭა, ხოლო ლოცვა, მღვიძარება, მარხვა, მოწყალება და ყველა სხვა ქრისტესათვის გაწეული მოღვაწეობა, მხოლოდ და მხოლოდ საამისო საშუალებებია.

გვესაუბრება მეტეხის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფაელი (ხაჭაპურიძე).

ბიბლიურ "შესაქმეშივე" ჩანს სულიწმიდის რაობა
- "დაბადების წიგნი" გვამცნობს: "სული ღმრთისაი იქცეოდა ზედა წყალთა". - ამ მუხლის განმარტებისას თითქმის ყველა საეკლესიო მამა ერთ აზრს გამოთქვამს: მათ მიაჩნიათ, რომ აქ საუბარია წმინდა სამების მესამე ჰიპოსტასზე - სულიწმიდა ღმერთზე. ზოგიერთები კი მცდარად ფიქრობენ, რომ თითქოს აქ მოიაზრება "უძლიერესი ქარი" ან უბრალოდ "ღვთის მაცოცხლებელი ძალა".

წმინდა ბასილი დიდი განმარტავს, თუ რატომ ცდებიან ისინი: "იმიტომ, რომ მას (სულიწმიდა ღმერთს) უპირატესად და გამორჩევით აქვს წმინდა წერილში ეს სახელი და სხვა არავითარი სული არ იწოდება ღვთისად, გარდა წმიდა სულისა, რომელიც არის შემავსებელი ღვთაებრივი და ნეტარი სამებისა". ებრაულ დედანში სიტყვა "იქცეოდას" ანუ "იძვროდას" ნაცვლად არის "ათბობდა".

წმინდა ბასილის (და მასთან ერთად ეფრემ ასურის) შენიშვნით, ამ სიტყვებით წმიდა სული სიმბოლურად აისახება ფრინველის (მტრედის) სახით, რომელიც გაშლილი ფრთებით აზის კვერცხებს და გადასცემს მათ სასიცოცხლო სითბოს. უფლის ნათლობისას იორდანეზე წმიდა სული, როგორც ცნობილია, მტრედის სახით მოივლინა.

წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი წერს: "რჩებოდა ოდენ მოქმედების სისრულის სულიწმიდაში ასახვა, როგორც წერილ არს: სიტყუითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა - ყოველი ძალი მათი (ფს. 32, 6)... სულის დახმარებით ქვეყანა აკავებდა ახალი არსებების თესლებს, რომლებიც როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, უნდა აღმოცენებულიყვნენ: გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი (ფს. 109, 30)".

უფალი სულიწმიდა, ღმერთი ჩვენი მონაწილეობდა აგრეთვე შექმნათა დანარჩენ დღეებში; იობი მის შესახებ ამბობს: სული საღმრთოი არს, რომელმან შემქმნა მე" (იობი 33, 4).

სულიწმიდის სამგვარი გამოვლინების შესახებ კაცობრიობაში
- დიდი მოძღვარი წმინდა მაქსიმე აღმსარებელი აღნიშნავს სულიწმიდის სამგვარ გამოვლინებას.

მისი განჩინებით, სულიწმიდა, ერთი მხრივ, მარტივად მყოფობს ყველაში და ყველაფერში, განსაკუთრებით კი მოაზროვნე ქმნილებებში. ეს "მარტივი მყოფობა" სულიწმიდისა, ნიშნავს არსთ არსებობის შემამტკიცებლობას, მათ განჭოლვას წინაგანგებითი ძალით, მათში ბუნებითად შთათესილი უნარის, მათ ბუნებისეულ თესლთა ანუ მათი ბუნებიდან მომდინარე მართებული აზრების ამოქმედებას, რისი შედეგიცაა თვით უკიდურეს ბარბაროსებში და მომთაბარეებში (ნომადები, მწყემსები, მოხეტიალეები) სიკეთისა და მშვენიერების (ეს ორი ცნება ბერძნულში გამთლიანებულია ერთ ტერმინად - მშვენიერება და კეთილმშვენიერება) მრავალგზისი გამოვლინება. ყველა ამგვარი გამოვლინების წყარო და სათავე სწორედ სულიწმიდაა.

მეორეგვარი გამოვლინება სულიწმიდისა სახეზეა იმათ შორის, რომლებსაც რჯული აქვთ, რომლებიც რჯულს არიან შედგომილნი. შესაბამისად, სულიწმიდის მეორეგვარი გამოვლინება არის, ერთი მხრივ, რჯულმდებლობითი და მცნებათდამცველობითი ანუ მამხილებლობითი მცნებათა დარღვევისათვის, მეორე მხრივ კი - ქრისტესეულ საიდუმლოთა წინასწარმაუწყებლობითი და ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებით გამასხივოსნებლობითი. ამგვარი მეცნიერების მფლობელნი წადიერად გადადიან ძველიდან ახალზე, აჩრდილისებრიდან - საიდუმლოებითზე ანუ ჭეშმარიტზე.

მესამეგვარი გამოვლინება სულიწმიდისა საკუთრივ ქრისტიანულია, ანუ ეს გამოვლინება აღესრულება ქრისტიანთა შორის, რაც (გარდა ზემოთქმული სიკეთეებისა) გულისხმობს ყველაზე არსებითს - ღვთის შვილობის, ღვთისადმი ძეობილობის მადლისმიერ საბოძვარს მათთვის სარწმუნოების მიერ, ანუ მათში სულიწმიდის, სულიწმიდისეული სიბრძნის შთამკვიდრებულობას (ესაა "განმაღმრთობელი შთამკვიდრებულობა"), მათდამი როგორც თავისიანებისადმი გაზრახებას სულიწმინდისას მარტივი და უნივთო ცოდნის გზით, სულიწმიდის მიერ მათი გონების გარდაქმნას ანუ განღმრთობისკენ გონებითად მათ დასახვას, დატვიფრვას, გადატვიფრვას (გელათური ტერმინი "გარდატვიფრვაი" კარგად ესადაგება აღნიშნულ მოვლენას) ზენა უხრწნელი აზრების მიერ.

რა მნიშვნელობა აქვს სულთმოფენობის დღესასწაულს
- სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმინდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, ებრაელებისათვის სჯულის მიღების დღე უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ეს დღე სულიწმიდის მოფენის გარდა, წმიდა სამების დღესასწაულია. პატრიარქმა თქვა, რომ ეს დღე მთელი საქართველოსთვის მადლიერების დღე უნდა იყოს, რათა ქართველმა ერმა მადლობა შესწიროს წმიდა სამებას მისი დიდი წყალობისთვის.

"მადლიერების დღე ის დღეა, როცა ჩვენი ერი მადლობას ეტყვის უფალს და უფალი მეტ წყალობას მოიღებს ჩვენზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმიდის მოფენის დღეს, რომელიც არის, ასევე, წმიდა სამების დღესასწაული, იყოს ჩვენი ერისა და ქვეყნის მადლიერების დღე უფლის წინაშე", - ბრძანა პატრიარქმა.

წმინდა სამება იფარავს ქართულ ეკლესიას და ქართველ ხალხს. "ხშირად ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ეს მადლი და წყალობა უფლისა და ვასკვნით, რომ ეს არის მადლი სულისა წმიდისა, ღვთის საჩუქარი და წყალობა", - აღნიშნა უწმიდესმა და უნეტარესმა.

სულთმოფენობის დღესასწაულის აღნიშვნის საეკლესიო ტრადიცია
- ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

ეკლესიები, წმიდა ხატები, მინდვრის ყვავილებითა და მცენარეებით ირთვება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულის შუაში დამაგრებული სანთლებით მიდიან, რომელიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.

მორწმუნე მრევლი ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს, მთელ წელიწადს ინახავს. ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს.

ბეჭდვა
1კ1