და ამაღლდა ზეცად
და ამაღლდა ზეცად
იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ზეციურისა და მიწიერის შერიგება
"ქრისტიანული დღესასწაულები ოქროს ჯაჭვის რგოლებს ჰგავს. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ეკლესია ზეიმობს ამაღლებას, ხოლო ამაღლებიდან მეათე დღეს სულისწმიდის გადმოსვლას - ღვთისმსახურების წლიური წრის დამაგვირგვინებელ აკორდს.

რა მნიშვნელობა და აზრი აქვს ბიბლიურ და საეკლესიო სიმბოლიკას? როგორ კავშირში არიან ერთმანეთთან საღვთო ისტორია და ლიტურგიკა? რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობა არა მხოლოდ წმინდა ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ მისტიკურად მათში ჩართვას და მათ სულიერ განცდასაც ნიშნავს.

სატაძრო ღვთისმსახურების, მისი იერსახეებისა და სიმბოლური წესების მეშვეობით ადამიანი ისტორიაში მომხდარი და საეკლესიო კალენდრის რიტმში განმეორებადი მოვლენების რეალური მონაწილე ხდება. უფლის ამაღლება, მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასრულება, ქრისტიანულ დღესასწაულთა გვირგვინია. ამაღლება, ძე ღმერთის თავის მარადიულ მყოფობაში დაბრუნებაა, რისი მოწმეებიც გახდნენ ქრისტეს მოციქულები და მოწაფეები. ამაღლება გვიხსნის, რომ ადამიანის სულიერ სრულყოფას არა აქვს საზღვარი.

ამქვეყნად რომ ცხოვრობდა, ქრისტემ თავი დაუქვემდებარა დროსა და ისტორიას. იმავდროულად იგი ამ ცნებებზე მაღლა იდგა, ვითარცა მათი შემოქმედი და მეუფე. იესო ნაზარეველის ცხოვრება ქრისტიანისთვის არა მარტო ისტორიული წარსული, არამედ აქტუალური აწმყო და უსასრულო მომავალიცაა.

ქრისტიანულ დღესასწაულებზე ჩვენ ვეხებით მარადიულსაც და დროებითსაც, ზეციურსაც და მიწიერსაც. დღესასწაული სულიერი ეონის მიწაზე, ტაძრის საკრალურ სივრცეში განცხადებაა".
არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი.

იაკობ აბაშიძე
(სამების ტაძრის დეკანოზი):

როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა "სასუფევლის საიდუმლოებებს", რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

მარკოზის სახარებაში აღწერილია იესო ქრისტეს ამაღლების დიდებული სურათი: აღდგომიდან მეორმოცე დღეს მაცხოვარი უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს და იერუსალიმიდან ზეთისხილის მთაზე წაიყვანა. გზაზე საუბრის დროს მან უბრძანა მათ, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან სულიწმინდის გადმოსვლამდე. მთაზე რომ ავიდნენ, იესომ აკურთხა მოციქულები და ამაღლდა ზეცად, ღრუბელმა შეიწყნარა იგი. ამ დროს მოციქულებს გამოეცხადა ორი კაცი სპეტაკი სამოსლით (უფლის ანგელოზები) და უთხრეს მათ: "კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქ. მოც. 1, 11), უფალი ამაღლდა და დაჯდა მამა ღმერთის მარჯვნივ.

მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ. Mმას სხვადასხვაგვარი - ონტოლოგიური, ზნეობრივი, სულიერი და ესქატოლოგიური მნიშვნელობა აქვს.

პირველი მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღვთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი - ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავდნენ, თვით ქერუბიმებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: "ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა" (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, "ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს" (ფილ. 3, 20).

უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური (ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებული) მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება.

ამაღლებას ზნეობრივი მნიშვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე. ჩვენი სამშობლო ზეცაა, მისი კარი ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისთვის ღიაა. ამიტომაც უწოდებს პავლე მოციქული ქრისტეს ჩვენს წინამორბედს ზეცაში. ამქვეყნად ცხოვრების დროს უნდა ვეცადოთ, ვძლიოთ ჩვენში დამკვიდრებულ ყოველივე მდაბალს, ვნებებსა და ცოდვებს. თითქოს მიწიდან ავმაღლდითო, ჩვენი გონება გავათავისუფლოთ ყოველივე იმისგან, რაც ხელს უშლის ჩვენი სულის ღმერთთან ერთობას, და ღმერთს მივაპყროთ.

ქრისტეს ამაღლების სურათის აღწერის დროს მარკოზ მახარებელმა ერთი სიმბოლური სახე გამოიყენა: "იესო დაჯდა მარჯუენით ღმრთისა". სარწმუნოების სიმბოლოშიც (მრწამსში) ვკითხულობთ: "და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა". რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა, მაშინ განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს, თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):

ორმოცი დღე გავიდა აღდგომიდან ამაღლებამდე. ორმოცი დღის განმავლობაში იესო თავის მოწაფეებთან იმყოფებოდა და ასწავლიდა მათ, იოანე ოქროპირის სიტყვით, "ზეცათა სასუფევლის საიდუმლოს". ქრისტეს აღდგომამდე მათთვის ეს საიდუმლო გაუგებარი და მიუწვდომელი იქნებოდა.

რიცხვი ორმოცი სულიერი გამოცდის დროისა და ამქვეყნიური ცხოვრების სიმბოლოა. ორმოცი წლის განმავლობაში მიჰყავდა მოსეს თავისი ხალხი აღთქმული მიწისკენ. ორმოცი დღე იმარხულა ქრისტემ, ვიდრე სასუფევლის სახარების ქადაგებას შეუდგებოდა. ორმოც დღეს იმყოფებოდა იგი დედამიწაზე ჯვარცმის შემდეგ, ეცხადებოდა მოციქულებსა და მოწაფეებს და ამზადებდა მათ ღმრთის მადლის მიღებისთვის, სახარების ქადაგებისთვის.

მოციქულთა ქადაგებაში შეიძლება გამოვყოთ სამი ეტაპი: ა) ქრისტეს მიერ მოციქულთა გაგზავნა თავიანთ თანამოძმეებსა და წარმართებთან მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დროს; ბ) მათი სამისიონერო მოღვაწეობა პალესტინაში ქრისტეს აღდგომიდან მის ამაღლებამდე; გ) მოციქულთა მსოფლიო ქადაგება სულიწმიდის გადმოსვლის შემდგომ. თითქმის ყველა მოციქულმა თავისი მოღვაწეობა და სახარების ქადაგების ჭეშმარიტება მოწამებრივი სიკვდილით დააგვირგვინა - საკუთარი სისხლით დაამოწმა.

ზეთისხილის მთისკენ რომ მიდიოდნენ, უფალი თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა იმ სასწაულმოქმედი ძალის შესახებ, რომელსაც რწმენა აძლევს ადამიანს. ზოგიერთს უკვირს, ამჟამად რწმენით რატომ აღარ ხდება ის საოცარი სასწაულები, რომელთა შესაძლებლობაშიც ქრისტე გვარწმუნებდა.

რწმენის სხვადასხვა ხარისხი არსებობს:

1. რწმენა, როგორც ჰიპოთეზური შესაძლებლობა და ალბათობა, რწმენა რაციონალისტებისა, რომელთაც რელიგიური გრძნობა დახშული და ჩამკვდარი აქვთ. ამგვარი რწმენა ვარსკვლავების ციმციმს ჰგავს, ღამის სიბნელეს ოდნავაც რომ ვერ აშუქებს.

2. ადამიანს სჯერა ღვთის არსებობა, მაგრამ გული სიყვარულით არ აქვს გამთბარი. ამგვარი რწმენა მთვარის ცივ, მკვდარ ნათელს ჰგავს.

3. რწმენა, რომელიც აერთიანებს ადამიანის გონებას, გრძნობას და ნებას, ხდება სულის უმთავრესი მოთხოვნილება, ადამიანის ცხოვრების მიზანი და აზრი. ამგვარი რწმენა მზის შუქს ჰგავს, რომლის სხივებსაც სითბო და სინათლე მოაქვს. ასეთი რწმენა სულიერი ღვაწლია, იგი სასწაულმოქმედი და ძლიერია.

სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე ზეცაში ავიდა. იბადება კითხვა: რომელ ზეცაში? წმინდა წერილში ზეცას სამი მნიშვნელობა აქვს: პირველი, ხილული ცა, ატმოსფერო - უზარმაზარი ცისფერი ოკეანე, რომელშიც ხომალდივით დაცურავს ჩვენი დედამიწა.

მეორე, კოსმოსური სივრცე. უკიდეგანო ვარსკვლავიანი ცა არა მარტო პოეტებს, ფილოსოფოსებსა და დიდ სწავლულებსაც ათრთოლებდა. "ორი რამ მაოცებს. ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში," - წერდა კანტი. კოსმოსიდან დაბრუნებულ გაგარინს რომ ჰკითხეს, ცაში ღმერთი თუ ნახეო, უპასუხა: "არა". ამ პასუხმა აღაფრთოვანა ანტირელიგიურად განწყობილი პრიმიტივისტები. გაგარინმა ვერ გაიგო, ან არ სურდა გაეგო, რომ კოსმოსში გაფრენა იყო მოძრაობა ფიზიკურ სივრცეში, "ნივთიერებათა სამყაროში" და მას სულიერ სფეროებთან კავშირი არ ჰქონდა.

მესამე, არამატერიალური, სულიერი ცა, მყოფობის სხვაგვარი ფორმა, რომელიც ფიზიკურ კატეგორიებსა და განზომილებებში არ მოიაზრება. ოღონდ ეს სფერო არის არა ანტისამყარო, არა ანტიმატერია, რისი არსებობაც ჰიპოთეზურად დაშვებულია მეცნიერებაში, არამედ - მარადისობის ეონი. ბიბლიური საკრალური ნიშნებისა და სახეების სისტემაში ხილული ცა სულიერი ცის სიმბოლოა მხოლოდ. სწორედ ეს იყო გამოხატული ამაღლების - ისტორიულად რეალური და მისტიკური მოვლენის დროს.

იესო ქრისტე ზეცად რომ მაღლდებოდა, მიწაზე დარჩენილთ აკურთხებდა. მოციქულები და მაცხოვრის მოწაფეები წარმოადგენდნენ პირველ ქრისტიანულ ეკლესიას. ზეცად ამაღლებული ქრისტეს სიყვარულით სავსე სახე არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ ღმრთისმიერი ლოცვა-კურთხევა მუდამ შეეწევა ეკლესიას და დაიფარავს საუკუნოდ.

ბეჭდვა
1კ1