ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
"აღსდგა ქრისტე და დაირღვენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი"
გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი დავით ლასურაშვილი:

- "დედამიწა ალბათ გაიხლიჩებოდა, ქრისტე რომ მკვდრეთით არ აღმდგარიყო," - წერს წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი. "ქრისტეს აღდგომა რომ არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ იარსებებდა... ქრისტეს აღდგომა არის ანი და ჰოე მთელ მის ღმერთკაცობრივ სიღრმეში, სიღრმესა და სიგანეში," - გვმოძღვრავს ღირსი იუსტინე პოპოვიჩი.

მაცხოვრის აღდგომის სიხარულის გაზიარების მოსურნემ მაცხოვრის ჯვარცმის ტკივილიც უნდა გაიზიაროს. აღდგომა ხომ ჯვარცმის გარეშე არ მომხდარა.

დიდ პარასკევს, იუდეის მღვდელმთავრების ბრალდებითა და რომის პროკურორის განაჩენით, ქრისტე ჯვარს აცვეს. ჯვარზე - როგორც მსოფლიო ტაძრის სამსხვერპლოზე, მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად შეიწირა მსხვერპლი. როგორც ერთ-ერთ ქადაგებაში არქიმანდრიტი რაფაელი ამბობს: "გოლგოთა ახალი აღთქმის ეკლესიის მთავარ წმიდათაწმიდად იქცა: მაცხოვრის გამოქვაბული საფლავი - მის საკურთხევლად, მისი გვამის ქვის სარეცელი - საღმრთო ტახტად". ქრისტე მოკვდა როგორც ადამიანი. მისი სული, მამამთავართა და წინასწარმეტყველთა სულების მსგავსად, ჯოჯოხეთში, სიკვდილის სამეფოში ჩავიდა. მათ, ვინც თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის განმავლობაში მესიას ელოდა, მხსნელის საჭიროებას განიცდიდა, ქრისტეს ადამიანური სულის სახით ჯოჯოხეთშიც შეიცნეს თავიანთი მესია.

მაცხოვრის ორმა ფარულმა მოწაფემ, იუდეველმა თავადებმა - ნიკოდიმოსმა და იოსებ არიმათიელმა, რომლებიც სინედრიონის წევრები იყვნენ, პილატეს, ჯვარცმულის დასაფლავების უფლება გამოსთხოვეს. პილატე დიდსულოვნებით, თითქოს ხელმეორედ სიცოცხლეს ჩუქნისო, დაეთანხმა მათ. ქრისტეს წმიდა გვამი დადეს საფლავში, რომელიც იოსებმა თავისთვის და თავისი შთამომავლებისთვის შეიძინა. ამ საფლავის სანაცვლოდ კი მან ზეცა და მარადიული სიცოცხლე მიიღო.

იოსებ არიმათიელი შემდგომში განდევნეს თავისი სამშობლოდან. მას პალესტინის ყველა კუთხეში უსაფრთებოდნენ. მხოლოდ რომის იმპერიის დასავლეთ რეგიონში - ბრიტანეთში, ალბიონის მთებში ჰპოვა მან თავშესაფარი და განსასვენებელი, მაგრამ უკვე არა როგორც იუდეველმა თავადმა, არამედ - მოციქულმა და ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა.

რაც შეეხება ნიკოდიმოსს, ის მწირად გადაიქცა თავის სამშობლოში, მათხოვრის სახით დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს სახარებას ქადაგებდა. ნიკოდიმოსი დაასაფლავეს სახელგანთქმულ გამალიელთან (წმინდა პავლე მოციქულის მასწავლებელი, რომელმაც შემდგომში ქრისტიანობა მიიღო) ერთად. ქრისტეს ჯვარცმიდან რამდენიმე წლის შემდეგ, იმპერატორმა ტიბერიუსმა პილატე გადაასახლა სასაზღვრო ქალაქ ვიენაში (თანამედროვე ავსტრიის ტერიტორია). აქ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე - ხრამში გადახტა. იუდეველი იერარქები ანნა (ანან) და კაიაფა ხალხმა დახოცა ერთ-ერთი ბუნტის დროს, როცა ისინი აღელვებული ბრბოს დამშვიდებას ცდილობდნენ. ქრისტეს მკვლელ ერს კი, რომელიც გაჰყვიროდა - "სისხლი მაგისი ჩვენზედა და შვილთა ჩვენთა ზედაო", ის აუსრულდა, რაც საკუთარ თავს უსურვა.

***
დიდ პარასკევს, იოსებმა და ნიკოდიმოსმა მენელსაცხებლე დედებთან ერთად ნელსაცხებელი სცხეს იესო ქრისტეს გვამს და დადეს გამოქვაბულ "საფლავში", რომელიც მთელი მსოფლიოსა და ყველა დროის ქრისტიანთა უწმიდეს ადგილად გადაიქცა. საშინელი და გაუგონარი ამბავი მოხდა: ადამიანმა გაასამართლა ღმერთი და სიკვდილი მიუსაჯა თავის შემოქმედს! დიდი პარასკევისადმი მიძღვნილ ქადაგებაში ღირსი მამა იუსტინე (პოპოვიჩი) სულისშემძვრელი სიტყვებით აფასებს ამ დღეს: "ჩემს სულიერ თვალს, როგორც უხსენებელი, ისე ჩაეჭიდა ბოროტი კითხვა: ნუთუ ადამიანი ოდესღაც კეთილი იყო, თუკი შეეძლო, რომ ჯვარს ეცვა ქრისტე? შენ გჯერა ადამიანის? გეამაყება მისი? შენ ოპტიმისტი ხარ? ოჰ, შეხედე ადამიანს, შეხედე კაცთა მოდგმას დიდი პარასკევის ზენიტიდან შეხედე ადამიანს, ღმერთკაცის მკვლელს და მიპასუხე: ეხლაც ოპტიმისტი ხარ? არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია? დაივიწყეთ ყველა დღე დიდ პარასკევამდე და დიდი პარასკევის შემდეგ, ჩაატიეთ ადამიანი დიდი პარასკევის საზღვრებში - ხომ არ არის იგი ყველა ბოროტების თვალსაჩინოება? ყველა საძაგლობის თავშესაყარი? ხომ არ შეიშალა დღეს მისგან დედამიწა? ხომ არ დაამტკიცა ადამიანმა დღეს ღმერთკაცის სიკვდილით, რომ ჭეშმარიტად დედამიწის სიგიჟეა? საშინელი სამსჯავროც კი, ძმებო არ იქნება უფრო საშინელი დიდ პარასკევზე. არა, ნამდვილად ნაკლებად საშინელი იქნება იგი, რადგან მაშინ ღმერთი განსჯის ადამიანს. დღეს კი ადამიანი სჯის ღმერთს".

...შუაღამე რომ გადავიდა, ქრისტე აღსდგა. მოხდა სასწაული, რომელსაც კაცობრიობას აუწყებდნენ წინასწარმეტყველნი, რასაც თვითონ ქრისტე იგავით ამცნობდა თავის მოწაფეებს. ზეციურმა შუქმა გააბრწყინა საფლავი. ეს ნათელი უფრო კაშკაშა იყო, ვიდრე ელვა ან ცეცხლის სვეტი, ებრაელებს რომ მიუძღოდა უდაბნოში. ზარდაცემული მცველები მკვდრებივით დაეცნენ მიწაზე. ებრაელმა მღვდელმთავრებმა რომ შეიტყვეს მომხდარის შესახებ, ადამიანთა გულებისა და ენების დაუფლების უნივერსალურ ხერხს - ქრთამს მიმართეს. როგორც არქიმანდრიტი რაფაელი ამბობს: "ოქროსგან გაკეთებული ისარი იოლად ხვდება მიზანში". ებრაელი მღვდელმთავრები საიდუმლოდ გაურიგდნენ მცველებს. მათ უნდა ეთქვათ, რომ ქრისტეს გვამი მისმა მოწაფეებმა მოიპარეს.

ჯვარცმის დროს მოციქულებმა (გარდა იოანე ღვთისმეტყველისა) დატოვეს თავიანთი მოძღვარი. მენელსაცხებლე დედები ჯვართან დარჩნენ, მათ არ მიატოვეს მაცხოვარი გოლგოთაზე, ამიტომაც მათ პირველებს უნდა განეცადათ ქრისტეს აღდგომის სიხარული. მარიამ მაგდალინელი კვირას, დილით ადრე მივიდა საფლავთან და გამოქვაბულის კარიდან უზარმაზარი გარდაგორებული ლოდი იხილა. შევიდა აკლდამაში და იხილა ანგელოზი - ნიშანი იმისა, რომ ზეციური მაცნე მას ელოდებოდა. ანგელოზმა მარიამსა და სხვა მენელსაცხებლე დედებს უთხრა: "რასა ეძიებთ ცოცხალსა მკვდართა შორის? ქრისტე აღდგა!" მენელსაცხებლე დედების მწუხარება სიხარულად შეიცვალა. ისინი სასწრაფოდ გაიქცნენ იერუსალიმიდან, რათა მოციქულთათვის ქრისტეს აღდგომა ეხარებინათ. შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე მოციქულებს გამოეცხადა. მან მღვდელმოქმედების, ცოდვების მიტევებისა და გახსნის ხელისუფლება მისცა მათ. იაკობ მოციქული იერუსალიმის ეპისკოპოსად დაადგინა და ასწავლა საღმრთო ლიტურგიის აღსრულება.

ცნობილია ასეთი გადმოცემა: იესო ქრისტეს მოწაფემ მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი მიუტანა და ხმამაღლა უთხრა: "ქრისტე აღსდგა!". იმპერატორმა ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს. მარიამმა მას უამბო უფალ იესო ქრისტეზე და მის აღდგომაზე. იმპერატორმა ვერ დაიჯერა და თქვა, რომ კვერცხის გაწითლებას უფრო დაიჯერებდა, ვიდრე მკვდრის აღდგომას. ამის შემდეგ პირველი ქრისტიანები მარიამ მაგდალინელის მსგავსად, ერთმანეთს წითელ კვერცხებს ჩუქნიდნენ. ასე გრძელდება დღესაც.

მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა
მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის საფლავზე, უკვე ორი ათეული საუკუნეა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის. ეს ხდება ყოველწლიურად, აღდგომის წინა დღეს - შაბათს. თუმცა, აღნიშნული სასწაული მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მუდმივად აღესრულება, მაგრამ მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის პირველი მოხსენიება მოღწეულია IV საუკუნიდან. ამის შესახებ მოწმობს ცნობილი საეკლესიო მემატიანე ევსევი კესარიელიც. უფლის საფლავის ტაძრის აშენებისთანავე მოციქულთასწორი დედოფლის, წმინდა ელენეს მიერ უკვე ჩნდება მოხსენიება მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლისა. დიდ შაბათს, მართლმადიდებელი ქრისტიანების გარდა, მაცხოვრის საფლავის ტაძარში ეგრეთ წოდებული ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენელი უამრავი ადამიანი იკრიბება. მათ შორის მათი სასულიერო პირებიც. მაგრამ უშუალოდ მაცხოვრის საფლავთან, კუვუკლიაში, მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი შედის. "დგება აბსოლუტური სიჩუმე, - წერს არქიმანდრიტი კვირიკე 1960 წელს, - თვით მღვიმეში სიბნელეა და პატრიარქიც მარტო ლოცულობს, სიჩუმეში მაცხოვრის წინაშე... ასე გადის ათი წუთი, ზოგჯერ მეტიც... ჩემსობას თრთოლვით აღსავსე მოლოდინი თხუთმეტ წუთს გაგრძელდა და ანაზდად, სიბნელეში, უფლის მაცხოვნებელ საფლავზე ღია ცისფერი მოელვარე ნაპეწკლები იბნევა, მძივის პატიოსან თვალთა მსგავსნი, რომლებიც მრავლდებიან და უმალვე ცისფერ ცეცხლად გადაიქცევიან, რომლისგანაც წინდაწინ მომზადებული ბამბა, ზონარი და კანდელი ენთება. ყოველივე ეს მადლმოსილი ცეცხლის მგზნებარე ალად იქცევა"...

მაცხოვრის საფლავთან მლოცველი პატრიარქი დაუყოვნებლივ ანთებს თავის ორ შეკვრა სანთელს, ანგელოზის ეკვდერში გამოდის და ოვალური სარკმლებიდან გარეთ მდგომ მლოცველებსაც აწვდის საღმრთო ცეცხლს. მათ ხელშიც ასევე ინთება ერთად შეკრული 33-33 სანთელი. ამ დროს, საღმრთო ცეცხლის გამოჩენისას აღტაცებული სიხარულის გრგვინვა გადაუვლის მიდამოს. მორწმუნეთა ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, ბევრს ცრემლები სდის... ზეციდან გარდამოსული სასწაული ღმრთაებრივი ცეცხლი, უკვე მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ. ცეცხლი, რომელსაც ერთ ხანს მიწიერი ცეცხლის თვისებანი არ გააჩნია, რომელნიც მხოლოდ განწმედს და არაფერს წვავს, ამაზე დიდი სასწაული რაღა უნდა მოხდეს! ამაზე მეტი ნუგეში რაღა უნდა იყოს!

მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა

დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი, კიდევ ერთი სასწაულის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის: 1549 წელს, დიდ შაბათს ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქისათვის ძალმომრეობით შეუშლიათ ხელი შესულიყო მაცხოვრის საფლავის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. საფლავთან შესვლის უფლება ქრთამის გაღებით მოუპოვებია სომეხთა კათალიკოსს ოსმალთა ფაშასგან, მაგრამ მის ხელში სანთლები არ ანთებულა. "არამედ საღმრთო ცეცხლი აღმობრწყინებულა. ქრისტეს საფლავიდან გადმოვარდნილა გარეთ კედელში ამ ზემოხსენებულის სვეტით და იქიდან აღუნთიათ სანთელი მართლმადიდებელთა, მდგომარეთა თვისის სამღვდელოებით ეკლესიის გარეთ კარებთან". ამ სვეტზე დღემდე მუქი ბზარია შემორჩენილი ნიშნად მართლმადიდებელთა ზეიმისა და მწვალებელთა შერცხვენისა.

***
ქრისტე აღსდა! არ არსებობს უფრო დიდი და აღმატებული მოვლენა სამყაროში. "აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი. აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი, აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს", - გვახარებს წმინდა იოანე ოქროპირი. "სისხლის რამდენიმე წვეთმა განაახლა მთელი სამყარო და ყველა ადამიანისათვის გახდა ის, რაც რძისათვის არის კვეთი, ერთად შეგვკრა და შეგვაკავშირა", - გვანუგეშებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!

ბეჭდვა
1კ1