დღესასწაულთა დღესასწაული
დღესასწაულთა დღესასწაული
გვინდა, ეს ღამე არ დასრულდეს
1. რას ნიშნავს თქვენთვის აღდგომა და როგორ აღნიშნავთ ოჯახში ამ წმინდა დღესასწაულს?

2. ქრისტეს გზა ჯვარცმიდან აღდგომამდე მხოლოდ ქრისტიანმა უნდა გაიაროს, თუ ეს ყოველი ადამიანის ხვედრია?

3. ყოფილხართ თუ არა აღდგომას იერუსალიმში მაცხოვრის წმინდა საფლავის მოსალოცად?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პარმენ მარგველაშვილი, ინჟინერ-მეტალურგი ელისო თარგამაძე და სახელმწიფო მართვის მოხელე ნოდარ ტურძელაძე.

პარმენ მარგველაშვილს მიმდინარე წლის 30 აპრილს დაბადების 70 წელი უსრულდება. მისი მეუღლეა ლია შერვაშიძე, შვილები: ანა, ირაკლი, ნინო და მარიამი.

1. საბჭოთა პერიოდში დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, მაგრამ ხშირად დავდიოდით სოფელ ნაგარევში, სიმონეთთან ახლოს, აღდგომასაც ყოველთვის იქ ვხვდებოდით. დედა - ნეოლინა წერეთელი და მისი მშობლებიც ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ. ბაბუას იოაკიმე ერქვა, ბებიას - ანა. ყოველ აღდგომას წინასადღესასწაულო სამზადისი იყო ჩვენს ოჯახში. ისე როგორც ყველა ბავშვისათვის, აღდგომა ჩვენთვისაც დიდი სიხარული იყო. ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებოდი, როგორ იწყობოდა სუფრა, მინდოდა მივწვდომოდი ტკბილეულს, მაგრამ სანამ ტრაპეზი არ იკურთხებოდა, მანამდე აკრძალული იყო რაიმეს შევხებოდი. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და საკურთხის სუფრიდან კანფეტი ავიღე. ბებიამ შეამჩნია და ყურში ჩამჩურჩულა: "რატომ მოიპარე? შენ არ იცი, რომ აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდია?" ქურდობა რომ ცუდი იყო, ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ ეს რომ მოვისმინე, ჩემი ბავშვური განცდით, შეუსაბამოდ მომეჩვენა ასეთი შეფასება, მაშინ გავიგე პირველად აკრძალული ხილის საიდუმლო, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდა, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის.

2. ეს გზა უფლის ნებით არის დადგენილი, ქართულმა ენამ ძალიან კარგად იცის და კაცის მოსვლას ამსოფლად წუთისოფელში მოსვლას უწოდებს. წუთისოფელს მოევლინა განკაცებული მაცხოვარი. ეს უდიდესი მისტერია ასრულდა უფლის ჯვარცმითა და აღდგომით, რომელიც გვითვალსაჩინოებს, რომ გასავლელია ეს გზა ნათლობით დაწყებული, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით დამთავრებული.

ღმერთმა დასაბამად ქმნა ცა და ქვეყანა. მისი ყველა ქმედება ამ ამოცანას ემსახურება, რომ აღსრულდეს, განხორციელდეს მისი ნება და დასაბამის ფუნქცია შეასრულოს ცამ და ქვეყანამ, ანუ საუკუნო ცხოვრების დასაბამი იყოს ყველა მისი ქმედება.

წუთისოფელში ჩვენ მოვდივართ, რომ ვეძიოთ და ვესწრაფოთ საუკუნო ცხოვრებას. აქ იბადება, აქ იწყება, მხოლოდ აქ იჭედება საუკუნო ცხოვრება. აი, ეს დევს უფლის ნებაში, რომ ცა და ქვეყანა, ადამიანის, როგორც ღვთის ხატის მარადიული სიცოცხლის დასაბამი გახდეს. თუ ვინ ასრულებს, ვინ მისდევს უფლის ნებას საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად და ვინ არა, ეს სხვა საკითხია. ყველა ადამიანმა თავისი გზა უნდა გაიაროს დროის მონაკვეთში.

ჯვარცმა უფლისა ჩვენ უნდა დაგვეხმაროს, რომ ჭეშმარიტი ნება გავაცნობიეროთ, ვიმოქმედოთ ამ ნებით და ჩვენი ცხოვრებაც და საქმიანობაც ადეკვატური იყოს მისი ნებისა. ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ხშირად ბრძანებს: "თუ ცოდნით შეიარაღებულნი მივალთ ეკლესიასთან და სულიერებასთან, ჩვენ გავხდებით მეგობარნი უფლისა და თანაშემოქმედნი მისნი.

3. უფლის საფლავზე არ ვყოფილვარ. ხილული განცდა, რასაკვირველია აუცილებელია, თუმცა ისიც ძალზე მნიშვნელოვანია, პიროვნულად როგორ იზრდები. მთავარია, გვქონდეს უფალთან თანაზიარობის, თანაშემოქმედების განცდა, სითბო, სათნოება, თანადგომა, სიყვარული, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. რასაკვირველია, დღესასწაულის სიხარულის განცდა იზრდება, როცა ყველას უხარია, ეკლესიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სიმფონიური მუსიკის კონცერტზე ვართ, რა თქმა უნდა, ამას თავისი მიმზიდველობა აქვს, რადგან შეიძლება ამ მუსიკალურ ნაწარმოებს შინაც მოვუსმინოთ, მაგრამ ადამიანებთან ერთად ყოფნას და ცოცხალ კავშირს თავისი ხიბლი გააჩნია, აქ სისავსე ძალუმია და მეტია თანაგანცდისა და თანამონაწილეობის ელემენტი, ისე როგორც ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიის დროს.


ელისო თარგამაძე, 60 წლის, პროფესიით ინჟინერ-მეტალურგი. მისი მეუღლეა ზურაბ თარგამაძე, შვილები: ქეთევანი და ხათუნა.

1. როგორც ყველა ოჯახი, ჩემიც ემზადებოდა აღდგომის დღესასწაულისთვის, მაგრამ აქცენტი სააღდგომო სუფრის მომზადებაზე იყო გადატანილი. ვუყურებდი ტელევიზიით სააღდგომო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძრიდან და თითქოს მშურდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ტაძარში ლოცულობდნენ. ეტყობა, ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოვედი ტაძარში და მადლობა უფალს, მართლაც შემოვიდა გულით ნანატრი მადლი. ამით იმას როდი ვამბობ, რომ სატრაპეზო სუფრას არ ვანიჭებ მნიშვნელობას, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ უნდა იყოს ყურადღება გადატანილი. მადლობა ღმერთს, გამოვედით ამ ათეისტური პერიოდიდან და დღეს აღდგომამ უფრო სხვა მნიშვნელობა შეიძინა.

2. ყველას თავისი ჯვარი აქვს და თუ ადამიანმა ის ჯვარი არ იტვირთა, რომელიც მას უფალმა განუმზადა, მაშინ ვერც აღდგომის სიხარულს მიიღებს. ყველანი ცოდვილები ვართ და ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც კი შეიძლება ადამიანში იყოს, ეს არის სინანული. ცუდიც და კარგიც, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენი მასწავლებელია და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ უფლისა, როცა ადამიანი თავის თავში ხედვას იწყებს და სინანულის გრძნობა უჩნდება, ეს უკვე დიდი წინსვლაა. გაწყენინებს ვინმე თუ არ გაწყენინებს, დაგიშავებს რამეს თუ არა, სხვაში დამნაშავის ძებნა კარგს არაფერს მოგიტანს. უფლის დაშვების გარეშე არაფერი ხდება, ყველა უსიამოვნო მოვლენას საკუთარ თავში უნდა მოვუძებნოთ ახსნა და ვიფიქროთ, რომ ამით რაღაცის თქმა, რაღაცის მინიშნება უნდა ღმერთს ჩვენთვის, მას სურს რაღაც გაგვახსენოს, წარსულზე დაგვაფიქროს, სინანული აღგვიძრას, ალბათ ოდესღაც ვიღაც განგვისჯია, ან ვინმესთვის რაიმე გვიწყენინებია, უკვალოდ ხომ არაფერი იკარგება. ჩვენი ჯვარის შემსუბუქებას ვცდილობთ, სხვისას კი ვამძიმებთ, არ ვითვალისწინებთ სხვის მდგომარეობას, ჩვენი თვალით კი ყველაფერი სხვანაირად გვეჩვენება, მაგრამ საკმარისია მსგავს სიტუაციაში მოვხვდეთ, რომ სხვაგვარად დავინახავთ ყველაფერს. ამიტომ, თუ ჩვენს თავში დავიწყებთ მიზეზის ახსნას, არც სხვას დავუმძიმებთ ჯვარს და ღვთის წინაშეც პირნათელნი ვიქნებით. ადრე იყო ასეთი გამოთქმა "მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულისაო", ღმერთმა მოგვცეს სინანული, მშვიდი და მდაბალი გული, რომელიც ნაყოფია სინანულისა და მით უმეტეს, თუ ამას მოვიპოვებთ უფლის შეწევნითა და წყალობით, დიდმარხვის პერიოდში. არის ასეთი პატარა ლოცვა: "ღმერთო, მაღირსე აღსასრულამდე სინანული, რათა შეგწირო მშვიდი და მდაბალი გული, როგორც სინანულის ღირსეული ნაყოფი".

3. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე არ ვყოფილვარ.


ნოდარ ტურძელაძე, 27 წლის, სახელმწიფო მართვის მოხელე, საქენერგოს ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ფოლკლორულ ანსამბლ "დიდგორისა" და წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი. ახლახან ჯვარი დაიწერა თამარ აბზიანიძეზე.

1. ჩემთვის აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია თავისი მნიშვნელობით. ასე იყო ჩემი ბავშვობიდან. თვით კომუნისტებიც კი აღნიშნავდნენ ოჯახებში აღდგომის დღესასწაულს და მეორე დღეს სასაფლაოზეც გადიოდნენ. მე და ჩემი ძმა პატარაობიდანვე დავყავდით მშობლებს ზესტაფონში ბებიისა და ბაბუის საფლავებზე და მათაც ვულოცავდით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს.

2005 წლიდან, რაც ტაძარში დავიწყე გალობა, ჩემი ცხოვრება არსებითად შეიცვალა. დიდმარხვას განსხვავებული ტიპიკონია. ყველა კვირაში, ეს იქნება ხორციელის კვირა, ყველიერის, ანდრია კრიტელის კანონებისა და ა.შ. სხვადასხვა საგალობელი იგალობება და იმდენად ჩართული ვარ ამ პროცესში, რომ ამან შემიცვალა აღდგომის დღესასწაულთან შეხვედრის წესიც. ამ საგალობლებთან ერთად გავდივარ სხვადასხვა ეტაპს, აბსოლუტურად განსხვავებული მსახურებებია, განსაკუთრებით დიდმარხვის ვნების კვირეულში. იმდენად გვიყვარს ჩვენი საქმე, ვეღარ ვგრძნობთ დაღლას და სიხარულით მივდივართ აღდგომის დღესასწაულზე, რომელზეც ახალ ძლისპირებს და "ქრისტე აღსდგას" სხვადასხვა საგალობელს ვგალობთ, გვინდა, ეს ღამე არ დასრულდეს.

2. ჯვარცმიდან აღდგომამდე უდიდესი და უძნელესი გზაა, მინდა ხოლმე აღდგომის დღესასწაულს შევხვდე განწმენდილი და უფალს შევავედრო ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა იგივე აღდგომის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. "თუ შენი მოყვასი არ გიყვარს, მე როგორ შემიყვარებ, - გვეუბნება უფალი. თუ არ გვეყვარება, ვერც ჯვარცმის გზას გავივლით და ვერც აღდგომის სიხარულით გავიხარებთ. ზოგჯერ შეიძლება ისე დაუმძიმდეს ჯვარი ადამიანს, რომ დაეცეს, მაგრამ მთავარია, დაცემის შემდეგ ისევ ფეხზე წამოდგეს და განაგრძოს სვლა, შეინარჩუნოს რწმენა და ღვთის დახმარების იმედი. ერთხელ, ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: "ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბევრი ფული და დაჰკარგოს, მაგრამ მას არაფერი დაუკარგავს, რადგან ისევ აგრძელებს ცხოვრებას და ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ იშოვოს. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობა და დაჰკარგოს, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას ღვთის სიყვარულით, მაგრამ ადამიანმა თუ დაჰკარგა ღვთის მადლი და რწმენა, მაშინ მის ცხოვრებას აზრი აღარ ექნება". გისურვებთ, არასოდეს დაკარგოთ ღვთის მადლი და რწმენა. თუკი პატარა ნაბიჯს გადავდგამთ უფლისკენ, უფალი დიდ ნაბიჯს მაშინვე გადმოდგამს ჩვენკენ და დიდი სიხარულით დაგვაჯილდოებს.

3. 2007 წელს ჩვენი ეკლესიის საძმოს 5 წევრი ტაძრის წინამძღვართან, მამა ნიკოლოზთან ერთად, ვიმყოფებოდით იერუსალიმში წმინდა ადგილების მოსალოცად. ეს იყო დაუვიწყარი დღეები ჩემს ცხოვრებაში. წითელ პარასკევს ავედით წმინდა მიწაზე, დავესწარით აღდგომის დღესასწაულს, ღვთაებრივი ცეცხლის ხილული სასწაულის სანახავად დილის 3 საათიდან ჩავდექით რიგში. არამართლმადიდებელი ქვეყნებიდანაც კი იყვნენ ჩამოსული მორწმუნეები და ტურისტები. ჩვენ ჩოხებით ვიყავით შემოსილნი იმის საჩვენებლად, რომ ქართველები ვდგავართ აქ. დავით აღმაშენებლის დროს წმინდა მიწაზე ხომ მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ გაშლილი დროშებით თეთრ ცხენზე ამხედრებულები შესულიყვნენ იერუსალიმში.

ცეცხლის გადმოსვლის წუთები უდიდესი სიხარულისა და შვების მომგვრელია ყოველი ადამიანისთვის, რასაც თან ახლავს საზეიმო განწყობილება, ქრისტიანი არაბების მხიარული ყიჟინი, დაფდაფებისა და ბუკების ხმიერება. ბევრი გრიგორიანელიც ესწრება ამ ზეიმს, რომლებიც ასევე დიდი სიხარულით ელოდებიან ამ ღვთიური სასწაულის ნახვას. საოცარი მადლი შემოდის თითოეულ ადამიანში, როცა ეს ცეცხლი შენამდე მოიკვლევს გზას და არ გწვავს, ამ დროს შენ ბედნიერდები და სრულიად გიქარწყლდება ყოველგვარი ეჭვი, თუკი ოდესმე გაგჩენია სარწმუნოებისადმი და გული მადლიერებით გევსება უფლის მიმართ იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ხარ, რომელიც ყველაზე მართალი და ჭეშმარიტი სარწმუნოებაა მთელ სამყაროში.


თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ბასილი როსტიაშვილი.

- როგორც უწმინდესი ილია მეორე ხშირად ამბობს ხოლმე, ადამიანის სიცოცხლე, მისი ამქვეყნიური ცხოვრება, არის ჯვარი. მაცხოვარიც ამას ბრძანებს სახარებაში, "თუ ვინმეს უნდა შემოდგომა ჩემდა, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე". ამიტომ ის, ვინც ქრისტიანად მოინათლება და შეუდგება ქრისტეს ჯვარს, მან უნდა ბოლომდე ატაროს იგი, ნათლობა არ არის მხოლოდ ტრადიციული საეკლესიო წესის შესრულება, რომელზეც განსაკუთრებული ლოცვები იკითხება, ეს არის გარკვეული ვალდებულების აღება და ფიცის დადება უფლის წინაშე, რომ შენ ქრისტეს გზა უნდა გაიარო თავისი ტანჯვით, განსაცდელებითა და გოლგოთით. ქრისტემ თავის განკაცებითა და ადამიანური ბუნებით ცოცხალი მაგალითი გვიჩვენა იმისა, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ყოველი ქრისტიანი, შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა, რადგან ღმერთი არ მისცემს ადამიანს იმაზე მძიმე ჯვარს, რისი ტარებაც მას არ შეეძლება. ვის რომელი ჯვრის ტვირთვაც შეუძლია, იმ ჯვარს გვაკისრებს უფალი. ვინადიან ეს გზა გოლგოთის გზაა, რომელიც მთავრდება სიკვდილით, ამას მოსდევს აღდგომა, რომელიც არის დღესასწაულთა დღესასწაული, სიკვდილზე გამარჯვებისა და ბოროტზე ძლევის დღე. ეს იმდენად გამორჩეულია სხვათაგან, რომ ათ თორმეტ უდიდეს დღესასწაულშიც არ შედის, თავისი შინაარსიდან და მაცხოვნებელი ძალიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ, ქრისტიანები დიდი სიხარულით ვზეიმობთ. ამიტომ არის განსაკუთრებული სამზადისი ამ დღესასწაულის შესახვედრად და მსახურებებიც განსხვავებულია. აღდგომას წინ უძღვის მძიმე მარხვა. თავისი დატვირთვით, დიდმარხვას, გლოვის მარხვასაც უწოდებენ წმინდა მამები. სასულიერო პირების შესამოსელიც უფრო სამგლოვიაროა, მაგრამ რამდენადაც მძიმე და ძნელია ეს მარხვა, იმდენად საზეიმოა აღდგომის დადგომა. მაცხოვრის აღდგომით გაიხსნა ჯოჯოხეთის კარები, შეიმუსრა ბოროტი, ქრისტემ 3 დღე იქადაგა ჯოჯოხეთში 3 დღით საფლავში დაფვლისა და აღდგომის შემდეგ, გამოიხსნა მართალთა სულები, რომლებიც მანამდე სამოთხეში არ იყვნენ. მისი აღდგომით გაიღო ზეციური სასუფეველი გამოხსნილ ადამიანთა სულებისთვის, რომლებიც მას შემდეგ ქრისტესთან ერთად არიან თანამონაწილენი იმ სიხარულისა, რასაც სამოთხისეული ნეტარება ჰქვია. სწორედ ამ დღით დაედო სათავე ადამიანთა ცხონებას. ამით მაცხოვარმა დაგვანახვა, რომ მას არც ერთი ადამიანის წარწყმედა არ უნდა, მაგრამ ჩვენს არჩევანზეც ბევრია დამოკიდებული. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, დაადგეს ქრისტეს გზას და გახდეს დედაეკლესიის წევრი, იმ წუთიდან ებრძვიან მას უკეთური ეშმაკისეული ძალები, რაც ბევრისთვის გაუგებარიც კი არის. მატულობს განსაცდელები, რომ ხელი ააღებინოს ამ გადაწყვეტილებაზე, უხილავი ძალები ყველა ხერხს იყენებენ დაგვაცილონ ქრისტესა და დედაეკლესიას, აი, ამ დროს მატულობს ხოლმე როგორც ფიზიკური, ისე სულიერი განსაცდელები და მინდა მრევლს ვურჩიო, არამცთუ შეასუსტონ ტაძარში სიარული, უფრო გააძლიერონ ლოცვები, შეინარჩუნონ სულიერი სიმშვიდე და დაემორჩილონ უშუალოდ მოძღვრის კურთხევას.

- ვფიქრობ, მოძღვარს უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის ცხონების საქმეში.

- რა თქმა უნდა, მოძღვარს უპირველესი როლი ენიჭება, თავისი სულიერი სამწყსო სამშვიდობოზე მან უნდა გაიყვანოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ცხონება-არცხონების საკითხი მაინც ადამიანის ხელშია და ეს მის პირად ნებაზეა მეტწილად დამოკიდებული. ვიცით, მაცხოვარს არცერთი ადამიანის წარწყმედა არ სურს, მაგრამ არც მოძალადე არ არის, რომ ადამიანი ძალით აცხოვნოს, იგი ადამიანებს აჩვენებს გზას, მაგრამ მათზე არ ძალადობს. მადლობა უფალს, დღეს ხალხი შემობრუნდა ეკლესიისაკენ. თუ ძალიან გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება, ქართველ ერს განსაკუთრებული მისია აკისრია. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი თავისი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის. ჩვენ უძველესი სამოციქულო ეკლესიის შვილები ვართ და პირველი საუკუნიდან ქრისტიანულ ერად ვიწოდებით. ამ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არასოდეს დარღვეულა საქართველოს ეკლესიის ერთიანობა, სულ ახლახან, XXI საუკუნეში, ამ საშიშროების წინაშე დავდექით, რადგან დიდი იყო მცდელობა, ჩვენი ეკლესიისათვის საფუძველი გამოეცალათ. მადლობა ღმერთს და დედა ღვთისმშობელს, რომ ასე არ მოხდა ჩვენი ეკლესიის სიბრძნისა და მაღალი სულიერების წყალობით.

ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ღირსეულად შევხვედროდეთ აღდგომის წმინდა დღესასწაულს, გვეცხოვროს ქრისტეს მცნებებით, რათა მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს სამუდამოდ დაემკვიდრებინოს ადგილი ყოველი ქართველის გულში.

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

ბეჭდვა
1კ1