ზეციური მახარებელი - მთავარანგელოზი გაბრიელი
ზეციური მახარებელი - მთავარანგელოზი გაბრიელი
უამრავი წინასწარმეტყველება იყო ძველ აღთქმაში. მათ შორის განსაკუთრებული გახლდათ ესაიას წინასწარმეტყველება, რომ ქალწულისაგან იშვებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა ბუნებრივი გზით, არამედ სულიწმიდის მადლით. ერთხელ მარიამი სწორედ ამ წინასწარმეტყველებას კითხულობდა. წმინდა ქალწული დააფიქრა წინასწარმეტყველის სიტყვებმა, - ნეტავ ვინ იქნება ის რჩეული, ვინც უფლის დედობის ღირსი გახდებაო. თითქოს პასუხად მისი ჩუმი და წმინდა ფიქრებისა, მარიამს ეცხადება მთავარანგელოზი გაბრიელი. გაბრიელი ზეციური მახარებელია მოკვდავთათვის. ექვსი თვით ადრე მან უშვილო მღვდელ ზაქარიას აუწყა, რომ შვილი ეყოლებოდა. გადმოცემის თანახმად, თვით ყოვლადწმინდა ქალწულის მამას, იოაკიმესაც გაბრიელ მთავარანგელოზისაგან ეხარა, რომ მამა გახდებოდა. დადგა დრო მთავარანგელოზმა ყველაზე სასიხარულო ამბავი ახაროს უფლის რჩეულ დედას. "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის",- მიმართავს გაბრიელი მარიამს. თავმდაბალი ქალწული ასეთმა უცნაურმა ხარებამ შეაძრწუნა და არ იცოდა, რა ეფიქრა. თავად მთავარანგელოზის ხილვას არ შეუძრწუნებია მარიამი, რადგან სოლომონის ტაძარში, წმიდათაწმიდაში ლოცვისას, ყოველდღიურად ესაუბრებოდა მასაც და სხვა ანგელოზებსაც. მაშინ მთავარანგელოზმა ხელმეორედ უთხრა: "ნუ გეშინინ, მარიამ, შენ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აი, ჩაგესახება ძე, შობ მას და დაარქმევ სახელად იესოს. იგი იქნება დიდი და ეწოდება ძე მაღლისა". მარიამმა უპასუხა: "როგორ მოხდება ეგ, როდესაც მე მამაკაცი არ ვიცი?" ანგელოზმა მიუგო: "სულიწმიდა გადმოვა შენზედ და ძალი მაღლისა დაგფარავს. ამიტომაც შენგან შობილი იქნება წმინდა და ძე ღვთისა დაერქმევა. აგერ, შენი ნათესავი მოხუცი ელისაბედიც ხომ უშვილო იყო, მაგრამ ახლა კი ექვსი თვეც არის, რაც შვილი ჩაესახა. ღვთისათვის შეუძლებელი არაფერია". ამ სიტყვების შემდეგ მარიამმა ირწმუნა ხარება მთავარანგელოზისა და თავმდაბლად უთხრა: "აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა". და განშორდა მას ანგელოზი. რადგან უფლისათვის მნიშვნელოვანია ჩვენი თავისუფალი ნების თავისუფალი არჩევანი, ამიტომაც მთავარანგელოზი არ განურისხდა ყოვლადწმინდა მარიამს, როდესაც მან ნამცნების განმარტება მოსთხოვა. და მანამდე არ განეშორა მას, ვიდრე მარიამმა უფლის ნებას საკუთარი ნება არ შეუერთა.

მთავარანგელოზ გაბრიელის მინიშნებით, მარიამი თავისი მოხუცი ნათესავის, ელისაბედის, სანახავად წავიდა, რომელსაც ასევე მუცლად-ეღო (ელისაბედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დეიდაშვილი და წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედა გახლავთ). როდესაც ქალწული ზაქარიას სახლში შევიდა, ელისაბედს მიესალმა. ამ მისალმებამ სულიწმიდით აავსო ელისაბედი, ხოლო მუცელში მყოფი ყრმა - მომავალი წინამორბედი უფლისა - სიხარულით კრთებოდა. ელისაბედს სულიწმიდისაგან ეუწყა, რომ მის წინაშე იდგა დედა უფლისა, რომლის მოახლოებასაც სასიხარულო მოძრაობით შეხვდა მის მუცელში მყოფი ჩვილი. ელისაბედი თითქმის ზუსტად იმეორებს იმავე მისალმებას, რომელიც მარიამმა მთავარანგელოზ გაბრიელისგან მოისმინა: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!" ამის შემდეგ დაურთავს, რომ მარიამი უკვე ატარებს მუცლით მესიას.

მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაბრუნდა ქალწული მარიამი შინ, ეს კი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ფეხმძიმობა დატყობოდა. მართალი იოსები შფოთმა და მტანჯველმა ეჭვებმა მოიცვა - რომ ემხილებინა საჯაროდ, მაშინ, მოსეს რჯულის მიხედვით, სასტიკად უნდა დაესაჯათ - ქვით ჩაექოლათ მარიამი. არადა. მალე სხვებიც შეამჩნევდნენ. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ბოლოს კი გადაწყვიტა, პირისპირ ესაუბრა მარიამთან და ფარულად განეტევებინა იგი. და აი, სწორედ მაშინ გამოეცხადა ანგელოზი და მასაც ახარა, კაცობრიობის სიხარულის დასაბამი რომ დამდგარიყო. ამის შემდეგ მართალი იოსები მარიამისა და ღვთაებრივი ყრმის ხილულ მცველად და მფარველად იქცა.

ბეჭდვა
1კ1