მირქმა - ეს არის დღესასწაული ადამიანის უფალთან შეხვედრისა
მირქმა - ეს არის დღესასწაული ადამიანის უფალთან შეხვედრისა
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებიდან.

მოსეს რჯულის თანახმად, დაბდებიდან მეორმოცე დღეს, მშობლებს თავიანთი პირველშობილი შვილი ტაძარში უნდა მიეყვანათ. ამასთან შესაწირავიც უნდა მიერთმიათ უფლისთვის, მდიდარს-მდიდრული, ღარიბს კი-ორი გვრიტი, ან ორი ხუნდი მტრედისა.

შობიდან მეორმოცე დღეს, მარიამმა და იოსებმა იერუსალიმში წაიყვანეს იესო. ცხოვრობდა იერუსალიმში ვინმე სვიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი. მას ნაუწყები ჰქონდა სული წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს. იგი სული წმიდით აღძრული, სწორედ მაშინ მივიდა ტაძარში, როცა იქ იმყოფებოდა იესო მშობლებთან ერთად. სვიმეონმა ხელში აიყვანა, მიირქვა ყრმა მაცხოვარი, აკურთხა ღმერთი და სთქვა: "აწ განუტევე მონაი შენი, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინდვებად ისრაელისა".

მირქმა - ეს არის დღესასწაული ადამიანის უფალთან შეხვედრისა. ამ დღეს ყოველი ჩვენგანი უდიდესი სიხარულით უნდა შევეგებოთ ყრმა მაცხოვარს და წარმოვთქვათ ეს საოცარი ლოცვა ღვთის წინაშე - ვითხოვოთ, რომ ჩვენი გარდაცვალება, ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრული მშვიდობიანი იყოს. ხოლო მშვიდობით მხოლოდ ის მიაბარებს სულს უფალს, ვინც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დაძლევს, ამქვეყნადვე გათავისუფლდება ბოროტებისგან, ცოდვებისგან, გაიმარჯვებს ყოველგვარ საცდურზე და საშინელ სამსჯავროზე პირნათლად წარდგება დამბადებლის წინაშე.

ტროპარი: გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი; იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩუენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: საშოი რა ქალწულებრივი განწმიდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშუენოდა, უსწრვე აწცა და გუაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაი ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყუარენ, მხოლოო კაცთმოყვარე.


ბეჭდვა
1კ1