ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება
ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება. ამ დღეს მოხდა უდიდესი საკვირველება. ღმერთი, რომელმაც სამყარო, ყოველივე ხილული და უხილავი შექმნა თავის მონისაგან, იოანესგან ღებულობს ნათლისღებას. სახარების მიხედვით მაცხოვარი მივიდა იოანესთან მაშინ, როცა ის ხალხს ნათლავდა მდინარე იორდანეში. ნათლისღებამდე იოანემ უთხრა რომ მისგან ელოდებოდა ნათლისღებას, რაზეც უფალმა უპასუხა: „აცადე აწ ასე შვენის რჯულს აღსრულება“. ჩანს, რომ მაცხოვარი არა რჯულის დამარღვეველი, არამედ აღმსარებელი იყო.

 

მოგეხსენებათ იოანე ნათლისმცემელს ხალხი უნდა მოემზადებინა უფალთან შესახვედრად. ღვთის წინაშე ვერავინ წარსდგებოდა უწმინდური და ცოდვილი. ქადაგებდა სინანულს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 3. 2). იუდეველთა რჯულის თანახმად თუ ვინმე იქურდებდა, იმრუშებდა, ვინც კეთროვანს ეზიარებოდა ან სხვა რამე ცოდვას ჩაიდენდა, წყალში უნდა განბანულიყო, რის შემდეგაც განიწმინდებოდა. აღსანიშნავია, რომ განბანვა ცოდვებისგან არ ათავისუფლებდა ადამიანს, არამედ მხოლოდ სხეულებრივი არაწმინდებისგან. იოანესეულ განბანვას არ ჰქონდა ცოდვების მიტევების ხელმწიფება. რა საჭირო იყო მაცხოვრის ნათლისღება, როცა ის უცოდველი იყო? „არ დარჩენია ზაკვა მის ბაგეს“. (პეტრე 2. 22).

 

როგორც  წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ქრისტე ნათლისღების საჭიროებისგან იმდენადვე შორს იდგა, რამდენადაც თვით ნათლისმცემელზე წმინდა და მაღლა მდგომი იყო.  ყოველივე ეს ორი მიზეზის გამო ხდებოდა, პირველი, რომ ქრისტე ცნობილი გამხდარიყო ხალხისთვის. იოანე ნათელსცემდა სინანულის ნათლისცემით, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი (მოც. საქ. 19, 4) და მეორე მიზეზი ის იყო, რომ ღვთის განცხადება, დამოწმება მომხდარიყო მრავალი ხალხის წინაშე როდესაც მდინარე იორდანეში მდგარ ქრისტეზე გადმოვიდა სულიწმინდა მტრედის სახით და იყო დამოწმება მამა ღმერთისა და ზეციდან. „და ხმაი იყო ზეცით ესე არს ძე ჩემი საყვარელი  რომელი მე სათნო ვიყავ (მათ. მუხლი 17) ასე განცხადდა ღვთაებრიობა ნათელღებული იესო ქრისტესი. მისივე ღვთაებრივი ნათელით განანათლა და განწმინდა წყალნი ქვეყნისანი. სულიწმინდის მადლით წყალმა მიიღო მარადიულობისა და სიწმინდის თვისება, ღმერთკაცმა განწმინდა წყალი, რომელიც დღესაც დიდი აიაზმის დროს (აიაზმა ბერძნული სიტყვაა და სიწმინდეს ნიშნავს. წყალი სულიწმინდის ძალით ინარჩუნებს სიწმინდეს და არ ფუჭდება. იგი არის ერთ-ერთი ბრძოლის იარაღი ბოროტის წინააღმდეგ.ნათლისღების საიდუმლო გვასწავლის რამდენიმე ჭეშმარიტებას მთელი ქვეყნიური ცხოვრებისათვისა). იესომ იორდანეს წყალში შთაეფვლისას  ლოცვა წარმოთქვა. ამით გვასწავლის, რომ  ყველა საქმეში ჩვენს ქმედებას ლოცვა უნდა უძღვოდეს ბაგეებსა და გულში.

 

ბ). სულიწმინდის მისაღებად აუცილებელია სინანული, განწმენდა სხეულისა, რადგან სიწმინდე ვერ იგუებს ცოდვას, თუმცა მაცხოვარს არ სჭირდებოდა განწმენდა. ჩვენ მოგვცა მაგალითი იმისა, რომ სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდის გარეშე ჩვენში სულიწმინდა ვერ დაიმკვიდრებს. ამიტომაც გევედრებით, რომ იგი მოვიდეს ჩვენ შორის, დაემკვიდროს ჩვენს სულში და გაგვწმინდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა.

 

გ) ღვთის განცხადებით დავინახეთ, რომ აღსრულდა სამების სამივე საღმრთო პირის გამოცხადება, მამის, ძისა და სულიწმინდის. „სამნი არიან რომელი წამებენ ცათა შინა, მამაი სიტყვაი და სულიწმინდაი ესე სამნი ერთ არიან“. (იოანე. 5,7).

 

დ) ნათლისღებით, ღვთის განცხადებით უფალი გვასწავლის, რომ ცოდვათა განწმენდა შესაძლებელია საღვთო მადლის შეწევნით. სულიწმიდითა თავისი საღმრთო ძალით განეწმინდა ნათლობის წყალნი ჩვენი განწმენდისა და განახლებისათვის, ეკლესია ამ დღესასწაულზე შეგვახსენებს-„რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსიეთ“.

ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს. წყალი სხეულს განწმენდს. სულიწმინდა კი გონებისთვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს, განა ეს საკვირველია? უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ, როდესაც ცეცხლი რინის სიზრქეში მოდის ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივად ცხელდება და შავით ნათდება, თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა საკვირველია, რომ სულიწმინდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (წმინდა კირილე იერუსალიმელი).

 

იოანე ნათლისმცემელი

 

იოანე ნათლისმცემელი უფლის წინამორბედი გახლდათ, მისი მშობლები- მღვდელი ზაქარია და ელისაბედი იყო, რომელნიც მართალნი იყვნენ ღვთის წინაშე. იოანეს შობა სასწაულებრივად მოხდა, რადგანაც ზაქარიაც და ელისაბედიც ხანში შესულნი იყვნენ. თუმცა, შეისმინა ღმერთმა ზაქარიას ლოცვა და მთავარანგელოზ გაბრიელის ენით აუწყა ტაძარში მყოფ ზაქარიას, რომ მისი ლოცვა შესმენილი იყო და ელისაბედი უშობდა ძეს, რომელსაც დაარქმევდნენ იოანეს (მადლი უფლისა). იგი უშუალო ნათესავი იყო მაცხოვრის, მისი და უფლის პირველი შეხვედრა მუცელშივე მოხდა, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელისაბედს ესტუმრა: „ყრმა იგი აღორძინდებოდა და გამტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს ვიდრე გამოცხადებამდე მის ისრაელისა მიმართ“. იოანე უდაბნოში იზრდებოდა. სახარებიდან ვიცით, რომ იგი ველური თაფლის და მკალის გარდა არაფერს იხმევდა. ტანზე აქლემის ბეწვი ემოსა და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. ის იყო უდიდესი ადამიანთა შორის, რაზედაც თავად მაცხოვარმა ბრძანა: „ამენ გეტყვით თქვენ, არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოვანეს, ნათლისმცემელისა, ხოლო უმცირეს სასუფეველსა ცათა უფროის მისა არს (მათ. 1.11).

 

იოანემ  30 წლის ასაკში დაიწყო ქადაგება. მაცხოვრის ნაზარეთში ცხოვრების დროს, მან იცოდა ისრაელიანთა ცოდვები და ღმერთდავიწყებულ საზოგადოებას სინანულისკენ მოუწოდებდა. „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“. იგი იყო ხიდი ძველს და ახალ აღთქმას შორის. წმინდა მამათა თქმით, იგი მანათობელ ლამპარს ჰგავდა, რომელსაც უნდა გაენათებინა გონება და სული ადამიანებისთვის, რათა მიეღოთ მზე ყოველთა მაცხოვარი ჩვენი უფალი. იგი იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა ზედა. ამზადებდა გზას დიდებით მომავალი უფლისთვის.

 

ბერმონაზვნობა - იოანე ნათლისმცემელი

ბერმონაზვნობის დამაარსებლად ეგვიპტეში მოღვაწე ღირსი ანტონი დიდი,  მისი მოწაფე წმინდა მაკარი ეგვიპტელი და პახომი დიდი ითვლება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  განმარტოებულ და ასკეტურ ცხოვრებას დასაბამი იოანე ნათლისმცემელმა მისცა. საგულისხმოა, რომ იგი მისივე წმინდა ცხოვრებით ხალხს მომავალი მაცხოვარი ქრიტე ეგონათ და ეკითხებოდნენ კიდეც, შენ ხომ არ ხარ მესიაო.

ბერის სულიერი ცხოვრების პროგრესი და სრულყოფილებისკენ ლტოლვა თავის უარყოფით, მარხვით და ვნებებთან ბრძოლით იჩენს თავს, სწორედაც იოანეს წელზე შემორტყმული ტყავის ქამარი სხეულის მოკვდინების სიმბოლოდ იქცა, ხოლო სარტყელი სულიერი შრომისთვის მზადყოფნად. მისი ცხოვრება მიგვანიშნებს, რომ სამოსი და საჭმელი მეორეხარისხოვანია. წმინდა კლიმენტი, რომაელის თქმით, თაფლი, რომელსაც იოანე ჭამდა მწარე და არასასიამოვნო გემოსი იყო, ხოლო მკალი წმინდა ისიდორე პელუროტის განმარტებით,  უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები იყო, რითაც თავისი სულიერი მასწავლებლის მსგავსად შემდგომწმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იკვებებოდა.

 

ბეჭდვა
1კ1