იაკობ გოგებაშვილი -ცხრა ძმანი ხერხეულიძენი
იაკობ გოგებაშვილი -ცხრა ძმანი ხერხეულიძენი
თბილისის სამხრეთით, ორმოცის ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა.

ოთხასი წლის წინათ ამ სოფელში სცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდგან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა.

მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი; ცოლადაც მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთიერთმანეთზედ უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ.

იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი აბაზი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, განწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში.

შაჰ აბაზმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიაც შემოიჭრა. ქართველი ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისს ქვეით, მარაბდის სამხრეთით. გაჩნდა საშინელი ბრძოლა.

სამი დღის განმავლობაში სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებად მიდიოდა. თუმცა სპარსელები ერთი ათად მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ სამი დღის განმავლობაში ქართველ ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველნი მეომარნი თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დაცვისათვის.

მეტადრე საოცარს უშიშრობას, სამაგალითო ვაჟკაცობას და საარაკო თავდადებულობას იჩენდნენ ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად მხარ-და-მხარ ებრძოდნენ მტერსა.

მათ არაერთი იერიში სპარსელებისა უკუ აქციეს, არაერთხელ აქნევინეს ზურგი მტერსა. მაგრამ მეოთხე დღეს სპარსელებს ახალი ჯარი მიეშველათ და დაღალულ-დაქანცულმა ქართველმა ლაშქარმა ვეღარ შეიკავა მტერი.

ამ საშინელს წამის დროს, ძმანი ხერხეულიძენი არამც თუ არ შედრკენ, არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავის განწირვით იბრძოდნენ.

მათ, ზემოთ მოხსენებული სამასი გლეხივით, გადაწყვეტილი ჰქონდათ ან გაემარჯვნათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. და რადგანაც ქართველმა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებულნი ძმანი ერთიერთმანეთზედ ზედ შეაკვდნენ მტერსა და თავისი გმირული სული დალიეს ბრძოლის ველზე.

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო, ამხნევებდა მათ და როცა ერთს მის ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და მეორე თავისს შვილს მისცა ხელში.

მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვნეს ბრძოლის ველზე მკვდართა შორის, თვითეული დიდი მოწიწებით დამარხეს ცალ-ცალკე მწკრივად და დაადვეს ცხრა დიდ-დიდი საფლავის ქვა, რომელიც დღემდის დაცულია".

სურათზე: ეკლესია მარაბდაში, სადაც, გადმოცემის თანახმად, დაკრძალულია ცხრა ძმა ხერხეულიძე. იხილეთ წყარო

ბეჭდვა
1კ1