აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი "სჯულის ცნობისა",
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება...
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.
ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.
გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა,
სთქვეს მოგზაურთა: "აქ არის
ახალშობილის, სჩანს, ბინა!"
შევიდენ, ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად "მზე შინას" ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!
ხედავენ ღარიბ სახვევში...
არსად სჩანს ხოჭიჭ-აკვანი!..
დაემხვნენ მის-წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.
ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა,
და უგალობდენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა.
"დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისა მცნებასა!..
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა!.."
1890