წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) - ასის წლის წინათ
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) - ასის წლის წინათ
(პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში)
11-ს იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა - ღრმად მოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზედ ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველო, დამარცხებული აღა-მაჰმად-ხანისაგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე, ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. ტფილისი, ეს ჩვენი სატახტო დედა-ქალაქი, აკლებული და აოხრებული,ჯერ კიდევ რაღაც დარღვეულსა და დანგრეულს ქვეყანას წარმოადგენდა. ჯერ გამრთელებული არ იყო იგი საშინელი წყლული და ჭრილობა, რომელიც ეწვია ჩვენს ქვეყანას აღა-მაჰმადხანის უწყალო და შეუბრალებელი ხელითა. ჯერ კიდევ გამოგლოვებულნი არ იყვნენ დახოცილნი და გაჟლეტილნი დიდი თუ პატარა, ქალი თუ ვაჟი, სისხლის-მსმელ-სპარსთა ყეენისაგან.

დასუსტებული საქართველო, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით "რკინის კარი შეეხსნა", უფრო კარ-ღია შეექმნა და ადვილი საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი, ხმალამოღებულნი თავს ადგნენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. სპარსეთი უწყრებოდა საქართველოს, რატომ ჩემთან არ იჭერ საქმეს და ჩემს მფარველობას ქვეშ არ ეძიებ შენს - დღეგრძელობას და კეთილდღეობასაო. ამასვე უწყრებოდა ოსმალეთი და ახალციხიდამ მოსვენებას არ აძლევდა ქართლსა. ერთი სახელმწიფოც და მეორეც თავისთვის გამოელოდა საქართველოს. ერთსაც და მეორესაც ჰსურდათ საქართველო, თუ ხმლით არა, მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ, თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მით მაგრა მოეკიდნათ აქ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრებამდე მოაწია ჩრდილოეთის მხრით, ერთსაც თავზარსა სცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუს გატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში - ერთი იყო.

როგორც სპარსეთმა, ისეც ოსმალეთმა კარგად იცოდა, რა დიდი საქმეა საქართველოს ხელში ჩაგდება მისთვის, ვინც დაასწრობს. ვინც საქართველოში ფეხს მოიმაგრებდა, იგი დიდს ზედმოქმედებას იქონიებდა მთელს დასავლეთს და მცირე აზიაში და სვე-ბედი აზიის შესახებ პოლიტიკისა ხელთ ჩაუვარდებოდა სხვათა შესახუთავად. გარდა ამისა, არც სპარსეთს უნდოდა, რომ საქართველოს დაჭერით ვინმე სხვა სახელმწიფო ახლო მოსვლოდა, არც ოსმალეთს, რადგანაც საქართველო ამ ორსავ სახელმწიფოს საზღვრად და გზად ედვა. თუმცა რუსეთისაგან შიშს ეს ორივ სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტოს სჭეროდა საქართველო, ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდამ აზიაში შემოსევისათვის დასაკეტი და მერმე ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახველი. ამასვე ჰლამოდა ოსმალეთი და სპარსეთს არ ანებებდა საქართველოს დაჭერას, თვით სწყუროდა ეს კარი და გზა თითონ ჰქონებიყო და სპარსეთისათვის მუქარად ხელთა სჭეროდა. აზიაში ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ეცილებოდა პირველობასა და ბატონობას და ამიტომ ერთმანეთზე ალურსებული იყვნენ და ერთმანეთს შორს უდგნენ.

ეს ორ-მხრივული მტრობა - საქართველოსათვის ახალი ამბავი არ იყო. თუმცა დიდი ხანია ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ამ აზრით ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო, ასე თუ ისე, როგორც იყო, იგერიებდა ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ჰნებდებოდა. წინათ ბევრჯერ ააოხრეს საქართველო, ბევრჯერ მიანგრ-მოანგრიეს, ჩამოათალეს სანაპირო ქვეყნები, ხოლო გული კი ვერ შეუნგრიეს. საქართველო იბრძოდა, ჯვარს ეცმოდა და გულს კი არ იტეხდა. ამ ტანჯვა-წამებით მოაწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭა ერმა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულამდე. შეირჩინა რჯული, ენა, თავისი ეროვნული ვინაობა და თავისი ქვეყანა. როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბჯინა ჩრდილო-კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისაკენ მიიხედა და გული მოიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღა-მაჰმად-ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს — რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს წამოგვაყენა, და ერთიც და მეორეც, თუმცა ცალ-ცალკე-კი, უფრო მეტის მძვინვარებით მოგვისია.

გულკეთილი, მაგრამ სუსტი მეფე გიორგი როგორ გაუძლებდა ამისთანა გარემოებას და როგორ გაუძღვებოდა გაჭირვებულს სამეფოს, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის აოხრებისაგან ჯერ კიდევ არ გამობრუნებულიყო, არ გამორკვეულიყო და წყლული არ გამრთელებოდა. ამას დაურთეთ ის ამბავიც, რომ ლეკნიც-კი გაუთამამდნენ უღონოდ-ქმნილს მეფეს და, ახალციხის ფაშის წაქეზებით, ხან აქ იკლებდნენ ქვეყანას, ხან იქ. გარდა ამისა, შინ, მეფის სახლობაშიაც, ყველაფერი აწეწილი და აშლილი იყო. ცალკე ქვრივი დედოფალი დარეჯანი, ცალკე ძმები აეშალნენ, ყველანი თავის-თავისაკენ იწევდნენ და მეფეს ეურჩებოდნენ. სამეფო სვე-ბედი ხელში სათამაშოდ გაიხადეს და საწყალ მეფე გიორგის რა უნდა ექმნა ასეთს მდგომარეობაში: გარეთ მტრისათვის გაეცა პასუხი, თუ შინ გასძღოლოდა შუღლსა და ცილებას დედინაცვლისას და ძმებისას. ყოველ ამას შავი ჭირიც დაერთო და მთელი ქვეყანა შეაძრწუნა და სასოწარკვეთილებას მისცა. თვითოეული ზემოხსენებული უბედურება ცალკე საკმაო იყო, რომ მეფე და სამეფო განწირულებაში ჩავარდნილიყო და სულ ერთად ხომ ზედმოსეული — ერთ დიდ და უძლეველ უბედურებად შეიქმნა.

იქნება მეფე გიორგი შინაურს არეულობასა და უბედურობას კიდევ როგორმე გასძღოლოდა, თუ გარედამ მტრის შიში მაინც არა ჰქონოდა. მაშინ აღა-მაჰმად-ხანი ცოცხალი აღარ იყო და მის მაგიერ სპარსეთის ტახტი დაიჭირა ბაბა-ხანმა. ბაბა-ხანი შუშისა და განჯის ხანებს ზედ-მისეოდა, მათის სახანოების დაპყრობა უნდოდა და მერე აპირობდა საქართველოს თავს დასხმოდა, ოსმალეთიც ახალციხიდამ იმუქრებოდა.

სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზედმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეს აჩქარება უნდოდა. ღვთის-მოსავმა და ღვთის-მოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც, მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად.

მეფე გიორგიმ აღარ დააგვიანა საქმე, მას უკვე გაგზავნილი ჰყვანდა პეტერბურგში რწმუნებული მოციქულით.თ. გარსევან ჭავჭავაძე, რათა აუწყოს იმპერატორს პავლე პირველს თავისი სამეფო ტახტზე ასვლა და საქართველოში გამეფება. მეფე გიორგიმ 11-ს ოქტომბერს 1798 წელს ზედ მიადევნა თხოვნა იმპერატორ პავლესათვის მისართმევად. თითონ გარსევან ჭავჭავაძე წარსდგა იმპერატორის წინაშე და მოახსენა: "დიდო იმპერატორო, მფარველო და შემწეო ქართლ-კახეთის სამეფოთაო! მოგართმევ რა თხოვნას, მე, უერთგულესი ქვეშევრდომი თქვენის იმპერატორების დიდებულებისა, ღირს ვიქმენ ჩემთა მეფისა გიორგი ერეკლეს ძისაგან და ყოველთა მისსა სამფლობელო ერთაგან დავემხო ფეხთა ქვეშე თქვენის იმპერატორების დიდებულებისა და ჩემდა მოვალეობისამებრ გავბედო გთხოვოთ, — ბედნიერ ჰყოთ ხელმწიფე ჩემი და დაუმტკიცოთ მეფობა საქართველოსი, როგორც კანონიერ მემკვიდრესა, შეჰმოსოთ სამეფო ნიშნებითა და განაგრძოთ მისდა და მისთან ერთადმი თქვენი მოწყალება. მიიღეთ ეს ჩემ-მიერ მორთმეულნი თხოვნანი და ღირს ჰყავით თქვენის დიდებულის ყურადღებისა".

- შემდეგ თ. გარსევან ჭავჭავაძეს მეფე გიორგიმ დაავალა წარუდგინოს იმპერატორს მეორე თხოვნაც შესახებ იმისა, — რომ მემკვიდრედ დაუმტკიცოს დავით ბატონიშვილი და შემდეგისათვისაც აღთქმულ იქმნას, რომ შთამომავალნი ჩემნი საუკუნოდ და შეურყევლად მეფობდნენ საქართველოში და არავინ სხვა არ ერეოდეს ჩემს შინაურ საქმეთა განკარგულებაში, და როგორც ჩემთა თავადაზნაურებთან, ისეც სხვა ქვეშევრდომებთან საქმე არავის არა ჰქონდეს-რაო. ამასთან მეფე გიორგი აუწყებდა იმპერატორს პავლეს, რომ წინაპარნი ჩემნი ყოველთვის ერთგულნი იყვნენ რუსეთისა და მეც ჩემის მხრით აღთქმასა ვსდებ, რომ ქვეშევრდომობის ერთგულებაში მე ჩემს წინაპრებს აღვემატოო და ითხოვდა — ნება მიბოძეო მიწერმოწერა პირდაპირ პეტერბურგთან ვიქონიო ჩემის მინისტრის თ. ჭავჭავაძის საშუალებითაო, რადგანაც სხვა გზით საქმეთა სვლა ყოვნდება და გვიანდებაო. მეფე გიორგი სთხოვდა იმპერატორს პავლეს სამი-ათას რუსის ჯარისკაცს, შეჭურვილს სათანადო იარაღით და ყოველ სამხედრო კუთვნილებითა. ამის თაობაზე გიორგი მეფე სწერდა იმპერატორს პავლეს: "როცა თქვენი ძლევამოსილი ჯარი საქართველოში ყოფილა, ყოველთვის ბოროტნი კაცნი რაღაცეებს იგონებდნენ და სამდურავს და შუღლს აჩენდნენ თქვენისა და ჩვენის ჯარის უფროსთა შორის, ამიტომ გთხოვთ - უბრძანოთ აქ გამოსაგზავნ ჯარის უფროსს, მარტო ჩემთან იქონიოს საქმე, ანუ ჩემ-მიერ რწმუნებულთანო". დასასრულ მეფე მოახსენებდა იმპერატორს პავლეს, რომ ჯერ ჩემ ყმაწვილობაშივე მსურდა პირად ხილვა რუსეთის თვითმპყრობელისა, მაგრამ მრავალი გარემოება მიშლიდაო. "დღეს-კი, - ამბობს მეფე გიორგი, — თქვენა გხადით ჩემდა ხელმწიფედ და ვსასოებ, რომ თქვენდა მიმართ გამოწვდილნი ხელნი ჩემნი უკუქცეულ არ იქნებიანო".

მინამ თ. გარსევან ჭავჭავაძე თავის მოციქულობას აასრულებდა და დრო ამ მიწერ-მოწერაში გადიოდა, მეფე გიორგის დღე-და-დღე უფრო და უფრო უჭირდებოდა საქმე. ლეკები სადავლოდ დაუსჯელად ჰთარეშობდნენ. ახალციხის ფაშა ქართლს წამ-და-უწუმ შეესეოდა ხოლმე და იკლებდა, საცა კი ხელი მიუწვდებოდა. მართალია, იმპერატორმა პავლემ უბრძანა თავისს ელჩს სტამბოლში, რომ სთხოვოს სულთანს არ აწიოკოს საქართველო, მაგრამ ახალციხის ფაშა მაინც თავისას არ იშლიდა და ლეკებსაც გზას აძლევდა და ხელს უმართავდა სადავლოდ საქართველოში ეთარეშნათ. არც სპარსეთის მუქარა და მტრობა ასვენებდა საქართველოს. ასეთმა გარემოებამ დიდს საფიქრებელში ჩააგდო მეფე გიორგი, მით უფრო, რომ რუსეთიდამ ჯერ გადაწყვეტილი არა იცოდა-რა. სხვა გზა არ იყო, უნდა აეჩქარებინა თ. გარსევან ჭავჭავაძე, რომ საქმე მალე გაათავოს და ჯარი რუსეთისა მოაშველოს და ამას თან - სთხოვოს, რომ მეფეს ნება მიეცეს თითონ ამოქმედოს ჯარი იქ, საცა საჭიროება მოითხოვს.

იმპერატორმა პავლემ, მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყა რა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლეკთა თარეშობისაგან, მსწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. 23 თებერვალს 1799 წელს ბრძანება მისცა ჩრდილო-კავკასიის ჯარის მთავარ-მმართველს მოამზადოს საქართველოში წასასვლელად მეჩვიდმეტე ეგერის პოლკი გენერალ-მაიორ ლაზარევისა თავისის არტილერიით და ასი ცხენოსანი ყაზახი ზედ დაუმატოს. ეს ეგერის პოლკი იდგა მაშინ მოზდოკში.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჯერ კიდევ 1783 წელს მეფე ერეკლესთან შეკრულ პირობის ძალით, საქართველოს მეფის კარზე რუსეთს უნდა ჰყოლოდა განსაკუთრებული რწმუნებული მინისტრი. 1799 წლამდე, სხვადასხვა გარემოების გამო, ეს პირობა შეუსრულებელი დარჩა და იმპერატორმა პავლემ, თ. გარსევან ჭავჭავაძის თხოვნით, გააღვიძა ეს პირობა და რწმუნებულ მინისტრად დანიშნა სტატსკი სოვეტნიკი კავალენსკი, რომელსაც, სხვათა შორის, ებრძანა, რომ საქართველოს ერის სიყვარული და ნდობა მოიპოვეო.

1799 წ. მაისში კავალენსკი წამოვიდა პეტერბურგიდამ და მკათათვის ბოლოს მოვიდა ყაზახის სოფელს ნაურში, საცა იმყოფებოდა კნორრინგი, მაშინდელი მთავარ-მმართველი ჩრდილო კავკასიის ჯარებისა; აქედამ კავალენსკიმ აუწყა მეფე გიორგის, რომ მოდის საქართველოში და თან მოჰყავს დაპირებული ჯარი. კნორრინგმა თავისის მხრივ ბრძანება მისცა ლაზარევს, მზად იყავ შენის პოლკით და არტილერიით საქართველოში წასასვლელად, მოიმზადე ათის დღის სურსათი, რომ, როცა საჭირო იქნეს, ერთის საათითაც არ დაყოვნდეო.

კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. გრამოტა იგი არის დაწერილი 18 აპრილს 1799 წელს. იმპერატორი პავლე იწერებოდა: "მივიღე რა მადლობით თქვენი თხოვნა, ტრაქტატის მესამე მუხლის ძალითა გამტკიცებთ დღეს თქვენ საქართველოს მეფედ და ძესა თქვენსა დავითს თქვენდა მემკვიდრე დ თქვენს შემდეგ". ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკაულები და სამეფო ნიშნები: 1. ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა-და-შიგ ძვირფასის თვლებით შემკული; 2. სკიპტრა, ძვირფასის ქვებითვე მოჭედილი; 3. ხმალი, ოქროთი და ძვირფასის თვლებით შემოსილი; 4. სამეფო პორფირი ყარყუმის ბეწვისა, შვინდისფერი ხავერდის საპირეთი, მასზედ ქარგით ნაკერი გერბი რუსეთისა და საქართველოსი; 5. თეთრი დროშა ორ-თავიან არწივითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა; 6. სამეფო ტახტი შვინდისფერის ხავერდით გადაკრული, პრტყელის ოქრომკედის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩებით მორთული, და ამისთანავე სამი ბალიში; შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთიქიდან რუსეთის გერბს; 7. ტახტთან ერთად ორი პატარა სტოლი, ხავერდითვე გადაკრული და ოქრომკედით მორთული; თვითოეულ სტოლისათვის თითო ბალიში, რომელზედაც დადებულ უნდა ყოფილიყო სამეფო ნიშნები: ერთზე გვირგვინი და სკიპტრა, მეორეზე ხმალი და უმაღლესი გრამოტა; 8. სამი ორდენი, ალმასებით შემკული, ერთი წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა — მეფე გიორგისათვის, მეორე დიდწამებულის ეკატერინესი — დედოფალ მარიამისათვის, და წმიდა ანნას პირველ ხარისხისა — მემკვიდრე დავით ბატონიშვილისათვის.

ყოველ ამას გარდა, იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მარიამ დედოფალსა, ბატონიშვილებსა, კარის ეკლესიის მღვდელს, სიძეს მეფისას მუხრან-ბატონს და სიმამრს მეფისას თ. ციციშვილს.

მეშვიდმეტე ეგერის პოლკი ლაზარევისა ბრძანებისამებრ მზად იყო საქართველოში წამოსასვლელად, თან უნდა გამოჰყოლოდა - თვით კავალენსკიცა, რომელსაც უნდა წამოეღო პავლე იმპერატორის მიერ გამოტანებული ნივთები. დასასრულ, 19 ოქტომბერს, 1799 წელს, კნორრინგმა კვლავ ინახულა ხსენებული პოლკი, კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისათვის ბრძანება მისცა გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს, ბრძანებისამებრ პოლკი თავისის ადგილიდამ დაიძრა, გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტფილისისაკენ. კნორრინგმა მისცა დარიგება ლაზარევს, როგორ უნდა მოიქცეს და, 'სხვათა შორის, აუწყა უმაღლესი ბრძანება: "ლაზარევის პოლკი მივა თუ არა ტფილისში, მეფე გიორგის იმისთანა პატივით უნდა შეეგებოს როგორც წესდებით მე, იმპერატორს, მეკუთვნის, იმავე წესით სასახლის მცველნი დაუყენოს. მეფის გვირგვინის კურთხევის დღეს პოლკი საპარადოდ განწყობილ იქნას და ბატალიონებად დამწკრივებულ. როცა მეფე გიორგი შევა >
ეკლესიაში და გამოვა, ჯარმა შესაფერი პატივი მისცეს".

დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოსდგა ფეხი. ვიწრო აღმართ-დაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები, ზოგან სურსათის ნაკლებლობა, ყოველივე ეს ერთად, აბრკოლებდა ჯარს. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთენილებანი ზოგან ხელდახელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერა ხერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოველს დაბრკოლებას სძლია, გადმოიარა მთები და გადმოხედა არაგვის ხეობის დაბლობებს. აქ ჯარს მიეგება ბატონიშვილი ვახტანგ, მიაგება ოთხმოცი უღელი ხარ-კამეჩი, გამომცხვარი პური და სხვა სურსათი, ტფილისამდე გზა-და-გზა სხვადასხვა ადგილას ორმოცდა-ათ-ათი საპალნის საზიდი ცხენი მოუმზადა. ამ სახით იარა ჯარმა მთელი თვე და ექვსი დღე და როგორც იყო მოუახლოვდა ტფილისსა. ტფილისი დიდის ყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. ჯარს მოელოდნენ ტფილისში 26 ნოემბერს. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთუბანს და ვერაზედ გავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას.

მეფე გიორგიც გაეგება თავისის ამალით. თან ახლდნენ: მემკვიდრე დავით ბატონიშვილი, სხვა ბატონიშვილები, გამოჩენილნი მოხელენი საერონი და სამღვდელოებისანი და მთელი დიდკაცობა ტფილისისა. ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენლად ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელსა, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა.

ბოლოს მოვიდა ჯარიცა. მეფე გიორგი თითონ წამოუძღვა წინ და შემოიყვანა ტფილისში. სიხარულის კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთს დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდა. კავალენსკიმ ამრიგად აუწყა კნორრინგს რუსის ჯარის შემოსვლა ტფილისში: "ჯარი, დასასრულ, მოვიდა ტფილისს; მოსვლისას იგი წარმოადგენდა სასიამოვნო სანახავსა თავისის წყობითა და წეს-რიგიანობითა. სამის ვერსტის მანძილზე დიდის ყოფით მოეგებნენ ჯარს, იმ წესით, როგორაც წინათვე დავაწყეთ მისმა უმაღლესობამ მეფე გიორგიმ და მე. მეფე მთელის თავისის წარჩინებულ საერო და სამღვდელო დიდკაცობით მიეგება ჯარს. სახლის ბანები სულ მთლად სავსე იყო თეთრ-ჩადრიან ქალებითა, კაცს ეგონებოდა მთელ ქალაქში მოფენილია კარვები ბანაკისაო. ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა. ამ დღესასწაულს აძლიერებდა, და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვით ცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგრძნობელ სურათსა და უტყუარს ერთგულებას ჩვენდამი ერისას".

მეფე გიორგიმ, გახარებულმა — რომ სასურველი აუსრულდა, ყოველივე ღონისძიება იხმარა, რომ ჯარი კარგად დაებინავებინა და სურსათი საკმაო და რიგიანი ჰქონოდა. შემოსვლის მეორეს დღესვე ჯარს გაუგზავნა ხუთ საპალნემდე ღვინო და რვაასი ცალი ხმელი თევზი, გარდა ამისა, რაც ულუფად განწესებული იყო. აფიცრებს სადგომად თავისი სასახლე უთავაზა, ხოლო აფიცრებმა არ ინდომეს მეფის შეწუხება და დიდი მადლობა გადაუხადეს ამისთანა გულმტკივნეულ თავაზიანობისათვის.

ესე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თვისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღეს აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას.

ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი - მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.

დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ.,სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ.
[1899]


ბეჭდვა
1კ1