მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი (+1015) - 15 ივლისი (28 ივლისი)
მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი (+1015) - 15 ივლისი (28 ივლისი)
მოციქულთასწორი ვლადიმერი (წმიდა ნათლისღებით -ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 11 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ქალიშვილი გახლდათ, რომელიც ტყვედ ჩაიგდეს და გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 963 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი. იგი დედის ძმამ, წარმართმა დობრინმა აღზარდა. 972 წელს ვლადიმერი ნოვგოროდის მთავარი გახდა. 980 წელს შეუტია კიევს, რომელსაც მისი ძმა სვიატოპოლკი მართავდა. ძმას სძლია და სიცოცხლეს გამოასალმა, ამის შემდეგ კიევის მთავარი თვითონ გახდა. დაიპყრო გალიცია, ებრძოდა პაჭანიკებს. თავისი სამეფოს საზღვრები გააფართოვა. ჰყავდა ხუთი ცოლი და რამდენიმე მხევალი. კიევის მთაზე, თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლისთავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმერის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე (მათ ხსენებას რუსე¬თის ეკლესია 12 ივლისს აღასრულებს). მათი სიკვდილის დროს მომხდარმა გარემოებებმა ვლადიმერზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და იგი დაეჭვდა თავისი წარმართული რწმენის ჭეშმარიტებაში.

მეფის მოწვევით კიევში სხვადასხვა ქვეყნის მქადაგებლები ჩამოვიდნენ: მოვიდნენ მუსლიმანი ბულგარები, რომლებიც ვოლგაზე ცხოვრობდნენ, გერმანელები, იუდეველები, ბერძნები. მთავარმა თითოეულს თავის რწმენაზე გამოჰკითხა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მართლმადიდებელმა ბერძენმა მქადაგებელმა, რომელმაც საუბრის დასასრულს მას საშინელი სამსჯავროს ხატი უჩვენა. ბოიარების რჩევით, ვლადიმერმა ათი ბრძენი კაცი გააგზავნა, რათა ადგილზე გამოეცადათ, ვისი რწმენა იყო უკეთესი. როცა რუსი ელჩები კონსტანტინოპოლში მივიდნენ, წმინდა სოფიას ტაძრის მშვენიერებამ, მგალობელთა ტკბილხმოვანმა გალობამ და პატრიარქის მსახურების დიდებულებამ ძალზე იმოქმედა მათზე. "ჩვენ არ ვიცოდით მიწაზე ვიდექით თუ ზეცაში ვიყავით აყვანილნი", -უთხრეს მათ მთავარს. აქვე ბოიარებმაც შენიშნეს: "ბერძნული რწმენა სხვა რწმენაზე უკეთესი რომ არ ყოფილიყო, მაშინ არ მიიღებდა მას ბებიაშენი ოლღა, რომელიც უგონიერესია კაცთა შორის".

მთავარმა ვლადიმერმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა, ხერსონი აიღო და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას, ანას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო.

სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების - ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმერთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმერის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს. ვლადიმერმა მიუგო: მე ისედაც დიდი ხანია, მომწონს თქვენი სარწმუნოება და გამომიგზავნეთ მეფის ასულიო. მაგრამ ვიდრე საპატარძლო ხესონში ჩამოვიდოდა, ვლადიმერი დაბრმავდა. ამგვარ მდგომარეობაში მყოფმა, მოციქულ პავლეს მსგავსად, შეიგრძნო თავისი სულიერი უძლურება და ნათლისღების საიდუმლოსთვის მოემზადა. მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა. აქ შეიტყო, რომ რამდენიმე დღის წინ ვლადიმერი დაბრმავებულიყო, წარმართ მთავარს კეთილმსახურმა სასძლომ შეუთვალა: "ნათელიღე და აგეხილება სულიერი და ხორციელი თვალები!" ისიც დაჰყვა რჩევას და უხმო ხერსონის ეპისკოპოსს. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის მოედანზე მდგარ ტაძარში საზეიმო ნათლობაც აღესრულა. მიმრქმელი დაუსწრებლად იყო ბასილი კეისარი. ახალნათელღებულს სწორედ მისი სახელი უწოდეს. ემბაზიდან ამოსვლისთანავე ვლადიმერს თვალისჩინი დაუბრუნდა და, სიხარულით ატაცებულმა, შესძახა: "ახლა კი ვცან ჭეშმარიტი ღმერთი!"

გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი. მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. ისინი ყველანი მოინათლნენ ერთ წყაროზე, რომელიც კიევში ცნობილია, როგორც სანათლავი -Крещатик. წმინდა ვლადიმერი კერპების მსხვრევას შეუდგა, პერუნის კერპი ცხენის კუდზე გამოაბა და მთიდან ასე ჩამოათრია, მერე კი მდინარე დნეპრში გადაუძახა. კერპების დამსხვრევის შემდეგ ხალხის მონათვლას შეუდგა. ქრისტიანმა მღვდლებმა ხალხი შეკრიბეს და წმინდა რწმენა უქადაგეს. შემდეგ ვლადიმერმა კიეველებს მოუწოდა: "ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა -მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა - ჩემი მტერი იქნება!" კიეველები ამბობდნენ: ახალი რწმენა უკეთესი რომ არ იყოს, მთავარი და ბოიარები მას არ მიიღებდნენო. ამიტომაც, მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა დნეპრის ნაპირებს. აქ მოვიდა ვლადიმერი ქრისტიან სამღვდელოებასთან ერთად. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას... ეს მოხდა 988 წელს. კიევის შემდეგ ნოვგოროდის ჯერიც დადგა, 990 წელს იქ ჩავიდნენ, კიევის პირველი მიტროპოლიტი მიხეილი, ექვს ეპისკოპოსთან და სამღვდელოებასთან, და ვლადიმერის ბიძასთან, დობრინთან ერთად. კიევის მსგავსად აქაც ჯერ პერუნის კერპი დაამხეს, მიწაზე ათრიეს და მდინარე ვოლხოვში გადააგდეს. ამის შემდეგ ხალხი მონათლეს. შემდეგ მიტროპოლიტი ოთხ ეპისკოპოსთან და დობრინთან ერთად როსტოვში ჩავიდა, მონათლეს ხალხი, მღვდლები აკურთხეს, ტაძარი ააგეს. აქ ბევრი ღვაწლის გაწევა მოუხდათ ქრისტიან ეპისკოპოსებს და სამღვდელოებას წარმართობის აღმოსაფხვრელად. 992 წელს წმინდა ვლადიმერი ორ ეპისკოპოსთან ერთად სუზდალის მხარეში ჩავიდა და იქაურები გააქრისტიანა.

წმინდა ვლადიმერი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად. სულიწმიდის მადლმა სრულიად გარდაქმნა მისი ბუნება -უხეში და სასტიკი წარმართი ღვთისმოშიშ და გულმოწყალე ქრისტიანად იქცა: მის სასახლეში მისული გლახაკები უხვად იღებდნენ მოწყალებას. დავრდომილთათვის საკვებით დატვირთული საზიდრები იგზავნებოდა სოფლებსა და ქალაქებში; მთავრის კარზე დიდ დღესასწაულებზე სამი სუფრა იშლებოდა: სასულიერო პირთათვის, გლახაკთათვის და მთავრისა და მისი რაზმისათვის. ერთხელ მეომრებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ტრაპეზის დროს მათ ხის კოვზებს ურიგებდნენ და არა ვერცხლისას. ეს რომ გაიგო, ვლადიმერმა ყოველგვარი განაწყენების გარეშე ბრძანა, ვერცხლის კოვზები ჩამოერიგებინათ: "ოქრო-ვერცხლით ერთგულ მხედრობას ვერ მოიპოვებ, ერთგული მხედრობით კი ოქროსაც მოიპოვებ და ვერცხლსაც!" ამგვარ წვეულებებზე ჩვეულებად იყო მიღებული წმინდა წერილის კითხვა - წმინდა მთავარი წარმართული ღრეობების მოყვარე ქვეშევრდომთა სულიერ ზრდასა და განახლებაზე ზრუნავდა; ვლადიმერის დროს თურმე იმატა დანაშაულობებმა, რადგან ცოდვის ჩადენის შიშით მან მეტად შეამსუბუქა სასჯელები. მღვდელმთავრებმა ნეტარს მიუთითეს: "ღმერთმა მთავრები ბოროტთა დასასჯელად და კეთილთა შესაწყნარებლად დაადგინა, შენც მოვალე ხარ, დასაჯო დამნაშავენი, მაგრამ სამართლიანად და წინდახედულად".

წმინდა ვლადიმერმა სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო თავის ვაჟებს. მათ შორის კი შფოთი ატყდა, ყველამ კი ერთად მამას უღალატა, აქეთ პაჭანიკებმა გამოილაშქრეს რუსეთზე. მეფემ ჯარი ერთგულ ვაჟს -ბორის ჩააბარა. ბორისმა მტრისკენ გასწია, მაგრამ შეშინებული პაჭანიკები სტეპებს დაუბრუნდნენ, სამწუხაროდ, წმინდა ვლადიმერმა ეს სასიხარულო ამბავი ვეღარ შეიტყო. მწუხარებისგან დასნეულებული 1015 წლის 15 ივლისს აღესრულა. სიკვდილის წინ წმინდა ვლადიმერს ასე ულოცია: "უფალო ღმერთო ჩემო, არ გიცნობდი და შენ შემიწყალე და წმინდა ნათლისღებით განმანათლე და შეგიცანი შენ, ღმერთი ყოველთა, წმინდა შემოქმედი ყოველი ქმნილებისა, მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი! დიდება შენ ძესთან და სულიწმიდასთან ერთად. უფალო ღმერთო, ნუ მოიხსენებ ჩემს ბოროტ საქმეებს, რამეთუ წარმართობისას არ გიცნობდი, ახლა შეგიცანი და ვუწყი. უფალო ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე. და თუ ცოდვების გამო ჩემი დასჯა და წამება გინდა, დამსაჯე თვითონ მე, უფალო, ოღონდ ეშმაკებს ნუ გადამცემ".
წმინდა ვლადიმერის ცხედარი კიევში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაკრძალეს მეუღლის, ანას გვერდით.

* * *
კიეველ წმინდანთა კრება - 15 ივლისი (28 ივლისი)

კიეველ წმინდათა კრებულის ხსენება 2011 წელს დააწესა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

* * *
წმინდა ნიკანდრო ბორისოგლებელი (+1911) - 15 ივლისი (28 ივლისი)

წმინდა ნიკანდრო ვორონეჟის ეპარქიის წმინდანთა შორის იხსენიება.

* * *
მღვდელმოწამე პეტრე ტროიცკი (+1938), დიაკვანი - 15 ივლისი (28 ივლისი)

წმინდა ახალმოწამე პეტრეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1