წმინდა ფილიპე აგირელი (V) - ხსენება 12 მაისი (ახ.სტილით 25 მაისი)
წმინდა ფილიპე აგირელი (V) - ხსენება 12 მაისი (ახ.სტილით 25 მაისი)
ამ დღეს მოიხსენიება დასავლეთ ეკლესიაში მოღვაწე წმინდა ფილიპე აგირელი. იმპერატორ არკადის დროს (395-408) წლებში თრაკიაში ცხოვრობდა წარმოშობით ასური მდიდარი მიწათმოქმედი, რომელსაც ცოლად რომაელი ქალი ჰყავდა. მისი სამი ვაჟი ხშირად მიდიოდა ხოლმე აღმოსავლეთში საოჯახო საქმეებზე. ერთხელაც შინ მომავალნი ზღვაში დაიხრჩვნენ. მაგრამ ღმერთმა ამ მწუხარებაში არ მიატოვა საცოდავი მშობლები და სიბერეში მისცა ვაჟი, რომელსაც ფილიპე დაარქვეს.

ყნაწვილი გონიერებით გამოირჩეოდა, ასურულ ენაზე შეისწავლა საღმრთო მეცნიერებები. 21 წლის ფილიპე დიაკვანი გახდა. ჭაბუკს მხურვალე სურვილი ჰქონდა დედის სამშობლო ენახა და იქაური ტაძრები მოელოცა. რომში ის თავის მეგობართან, მონაზონ ევსევისთან ერთად გაემგზავრა, რომელიც მისი თარჯიმანიც იყო. გზაში, ზღვაზე ატეხილი ქარიშხალი ფილიპეს ლოცვით ჩადგა და მშვიდობიანად მიაღწიეს რომამდე. რომში ფილიპე პაპს შეხვდა. პაპმა რომ აკურთხა და ფილიპესთვის ილოცა, მან მანამდე ლათინურ ენაზე თავისუფლად იწყო ლაპარაკი და ლიტურგიკული ტექსტების წაკითხვა. პაპმა ის მღვდლად აკურთხა და სიცილიაში, არგირის ოლქში გააგზავნა სახარების საქადაგებლად და ეტნაზე დაბუდებული ეშმაკების განსადევნელად. წმინდა ფილიპემ შემწედ უხმო უფალს და მოციქულ პეტრეს და ბოროტმა ძალებმაც მიატოვეს იქაურობა. შემდგომში ის ხელის დადებით განკურნებდა ეშმაკეულ ადამიანებს და მთელ სიცილიაში გაითქვა სახელი წმინდა ცხოვრებით და სასწაულებით. წმინდა ფილიპემ მრავალი ტაძარი ააშენა სიცილიაში და ამ მხარის მოციქულად გამოჩნდა. წმინდანი 63 წლისა მშვიდობით აღესრულა, მის საფლავზე შემდგომში წმინდა ფილიპე აგირელის სახელობის მონასტერი აშენდა, რომელიც სიცილიაში მონაზვნობის ერთ-ერთი სახელგანთქმული ცენტრი იყო. ჩვენამდე მოღწეულ გარდამოცემით ის მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა. წმინდა ფილიპეს იხსენიებს რომის მარტიროლოგია და სინას კოდექსი (647). წმინდა ფილიპეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სიცილიის ქალაქ აგირაში. აგირას 1861 წლამდე ერქვა: "სან ფილიპო დარგირიო" - "წმინდა ფილიპე არგირელი".

ბეჭდვა