ღირსი პახუმი გლედინელი (+1724) - 14 აპრილი (27 აპრილი)
ღირსი პახუმი გლედინელი (+1724) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა პახუმი დაახლოებით 1674 წელს დაიბადა ტრანსილვანიის დაბა გლედინში ღვთისმოსავ ოჯახში და მას ნათლისღებით პეტრე უწოდეს. სიყმაწვილიდანვე ღვთის დიდი სიყვარული და დაყუდებული ცხოვრების სიყვარული ჰქონდა. ამიტომ დაუტევა მშობლები და წავიდა მოლდავეთში, იქ ნიამეცის სახელგანთქმულ მონასტერში მორჩილად შედგა, 25 წლისა ბერად აღიკვეცა.

იცოდა რა მისი დიდსულიერების შესახებ, მაშინდელმა მღვდელმთავარმა მღვდლად ხელნი დაასხა. სავანის საძმომ ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი დიდ ეკლესიარქად აირჩია და ყველა საეკლესიო საქმე მას ჩააბარა. ხოლო იღუმენ იოანეს სიკვდილის შემდეგ ბანაკის ძმობამ იღუმენად გამოირჩია. მაშინ 30 წლისა იყო.

ის მუდამ სულიერ აღორძინებაზე ფიქრობდა და მკაცრი მარხვით სხეულს დაუსრულებლად მოაკვდინებდა.

1704 წელს რუსეთის სამეფოში წავიდა და კიევის ლავრასა და დიდ როსტოვში დაჰყო ორი წელი. იქ შეხვდა წმინდა დიმიტრი როსტოველს, რომელსაც თავის მასწავლებელსა და მოძღვარს ეძახდა. 1706 წელს წმინდა დიმიტრის კურთხევით მოლდავეთში, მშობლიურ სავანეში, დაბრუნდა და მოლდაველი ძმებისთვის დიდძალი სასულიერო ლიტერატურა ჩაიტანა. მონასტერში დაბრუნებულმა მამებს განმარტოებით ცხოვრების ნებართვა სთხოვა და განმარტოებისთვის, ნიამეცის მონასტრის სიახლოვეს ერთი სქელი ხის ფუღურო აირჩია, სადაც თავის სამ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა. მის მოსაგრე ცხოვრებაზე მთელ მოლდავეთში გავრცელდა ხმა. 1707 წლის 19 იანვარს მას რომანის ეპიკოპოსად დაასხეს ხელი. ის ერთნაირად უყვარდათ როგორც დიდებულებს, ისე უბრალო ხალხს. შვიდი წელი და სამი თვე იღვაწა ამ კათედრაზე, მაგრამ დაყუდებული ცხოვრების მოსურნემ, საკუთარი სურვილით დაუტევა მღვდელმთავრის კათედრა და დაბრუნდა ნიამეცის მონასტერში.

ის კვლავ ფუღუროში დასახლდა, სადაც 1714 წელს დააარსა სკიტი და ააშენა ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. სამ წელში მის გარშემო მცირე საძმო შემოიკრიბა.

1717 წელს იგი კვლავ კიევში გაემგზავრა და მღვიმევის მონასტერში დასახლდა. წმინდანმა ამ მონასტერში უდიდესი სიწმინდე წმინდა პირველმოწამე სტეფანეს თითი მიაბრძანა. სავარაუდოდ ამავე ლავრაში შეიმოსა დიდი სქემა პიმენის სახელით. აქვე აღესრულა იგი 1724 წლის 14 აპრილს. წმინდანი ლავრაში მიძინების ტაძარში დაკრძალეს.

წმინდანმა დიდი გავლენა მოახდინა თავის თანამედრვეებზე, მათ შორის წმინდა პაისი ველიჩკოვსკიზე. იგი თანამედროვე რუმინელ მამათა შორის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო. რუმინეთის ეკლესიამ 2016 წელს წმინდა პახუმი წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1