წმინდა დიფრინგი, ერგინგის მთავარეპისკოპოსი (+550) - 14 (27) ნოემბერი
წმინდა დიფრინგი, ერგინგის მთავარეპისკოპოსი (+550) - 14 (27) ნოემბერი
დიფრინგი უკანონო შვილი გახლდათ პრინცესა ეფრდილის და შვილიშვილი ერგინგის მეფის პეიბიო კლეფროგისა (ანუ კეთროვნის). მეფე განარისხა ქალიშვილის ამბავმა და ბრძანა, ორსული ქალი მდინარეში ჩაეგდოთ. თუმცა ვერ შეძლო ეფრდილის დახრჩობა და დიფრინგი სოფელ მედლიში დაიბადა, დღევანდელი ჰერეფორდშირის საგრაფოს საზღვრებში.

ამბობენ, რომ როცა ყრმა შვილიშვილმა აკოცა პაპას, ეს უკანასკნელი იმ წამსვე კეთრისაგან განიკურნა. მეფეს შეუყვარდა შვილიშვილი და მედლის გარშემო მიწები აჩუქა, რომელსაც ინის ეფრდილი ჰქვია. ის აღიზარდა ქრისტიანულად და როსოს ქვემოთ ჰენლანის მონასტერი დააარსა. შვიდი წლის შემდეგ მოქასეში მეორე მონასტერი დააარსა. მან მოწაფეთა მთელი პლეადა გამოზარდა, რომელთაც შემდგომში სახელი გაითქვეს თავიანთი სიწმინდით. წმინდა დიფრინგი მოწაფეებთან ერთად ქადაგებდა და ეკლესიებს აშენებდა მთელ სამხრეთ უელსში, რომელთაგან ზოგიერთმა ათას წელზე მეტხანს იარსება.
შემდგომში დიფრინგი ერგინგის ეპისკოპოსი გახდა. მისი იურისდიქცია მთელ გლივისინგსა და გვენტზე ვრცელდებოდა. იგი მეგობრობდა წმინდა ილტიდასთან და მხარს უჭერდა მას ლანილტიდფავრის მონასტრის დაარსებაში.

545 წელს დიფრინგი მონაწილეობდა ლანდევი ბრეფის კრებაში, რომელმაც დაგმო პელაგიელთა ერესი. იქ ის მოწმე გახდა იღუმენ დავითის მჭევრმეტყველებისა და სიწმინდისა, მასვე გადააბარა არქიეპისკოპოსის კათედრა, თვითონ კი ინისენლის კუნძულზე მონასტერში განმარტოვდა. დაახლოებით 550 წელს, 14 ნოემბერს გარდაიცვალა და მონასტერში დაკრძალეს. წმინდა დიფრინგის ნეშტი 1120 წელს გადაასვენეს ლენდაფეს ტაძარში, რომელიც დღეს ანგლიკანურია, და დღემდე იქ განისვენებს.

ბეჭდვა
1კ1