ღირსი მამა სპირიდონ მესეფისკვერე (XII) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
ღირსი მამა სპირიდონ მესეფისკვერე (XII) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
წმინდა სპირიდონი XII საუკუნის შუა წლებში კიევ-პეჩორის ლავრის მესეფისკვერე გახლდათ. ღირსი მამა წარმოშობით უკრაინის ერთ-ერთი სოფლიდან იყო, განათლება არ ჰქონდა მიღებული, თურმე საუბარიც კი არ ეხერხებოდა, თუმცა გულითი სარწმუნოება ჰქონდა და სულიერების მაღალ საფეხურზეც იდგა. წმინდა სპირიდონი პეჩორის სავანეში იღუმენი პიმენ მმარხველის დროს მივიდა და მისვლისთანავე მკაცრ მონასტრულ ცხოვრებას შეუდგა. წერა-კითხვის სწავლა დაიწყო. მთელი ფსალმუნი ზეპირად დაისწავლა და ყოველდღიურად თავიდან ბოლომდე გულში წარმოთქვამდა მათ. მონასტრის იღუმენი პიმენი ხედავდა წმინდა მამის მორჩილ და შრომისმოყვარე ზნეს, მოუკლებელ ლოცვას და მარხვას, ამიტომ სეფისკვერის ცხობის მორჩილება დააკისრა. სპირიდონი საცხობში თავის მორჩილებას ლოცვით და ღვთის დიდებით აღასრულებდა. როცა წმინდა ბერი შეშას ჩეხავდა, ან სეფისკვერისთვის ცომს ზელდა, მისი ბაგეები და გონება ფსალმუნების წარმოთქმით იყო დაკავებული.

ერთ დღეს ღირსმა მამამ სეფისკვერის გამოსაცხობად ჩვეულებისამებრ ცეცხლი დაანთო, მოულოდნელად ღუმლიდან გამოვარდნილი ალი სახურავს მოედო. შეწუხებულმა ბერმა მანტია გაიხადა და ღუმლის კარს გადააფარა, შემდეგ მოსასხამს მკლავები ამოუკერა და წყლის მოსატანად გაიქცა, თან ბერებს უხმობდა საშველად. წმინდა სპირიდონის დასახმარებლად შეკრებილმა მონისტრის ბერებმა საოცარი რამ იხილეს. მანტია, რომლითაც ღუმელის კარი იყო დახშული არ დამწვარა, წყალი კი, რომლითაც ხანძარი ჩააქრეს, ბერის მოსასხამიდან არ ჟონავდა. ამ სასწაულის მხილველი ბერები ღმერთს ადიდებდნენ და მადლობას სწირავდნენ.

წმინდა სპირიდონს ჰყავდა მოწაფე ბერი ნიკოდიმოსი. ის ყველაფერში ემორჩილებოდა და ეხმარებოდა ბერს. სპირიდონი და ნიკოდიმოსი ოცდაათი წლის განმავლობაში აცხობდნენ სეფისკვერებს მონასტრისათვის. ამ საქმეს მუდმივი შინაგანი ლოცვით და დიდი გულისხმიერებით აკეთებდნენ.

წმინდა სპირიდონ მესეფისკვერე XII საუკუნის შუა წლებში გარდაიცვალა. მისი ნეშტი განისვენებს წმინდა ანტონის გამოქვაბულში. მის ხსენებას ეკლესია მოწაფესთან, წმინდა ნიკოდიმოსთან ერთად 31 ოქტომბერს (ძველი სტილით) აღასრულებს.

ბეჭდვა
1კ1