ღირსი იობ პოჩაეველი, იღუმენი (+1651) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
ღირსი იობ პოჩაეველი, იღუმენი (+1651) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა იობი დაიბადა დაბა პოკუჩში დაახლოებით 1550 წელს. ის დიდგვაროვანი და ღვთისმოსავი ოჯახიდან იყო. იობი ბავშვობიდანვე მიეჩვია მოწყალების საქმეს და მთელი გულით შეიყვარა უფალი. ცხრა წლისამ დატოვა მშობლიური სახლი და დამკვიდრდა კარპატებში, ერთ-ერთ მონასტერში. პატარა ბიჭი მონასტერში სიმშვიდით და მორჩილებით გამოირჩეოდა. იღუმენმა ის ბერად თორმეტი წლის ასაკში აღკვეცა. მთელ თავისუფალ დროს ლოცვასა და ღვთივსულიერი ლიტერატურის კითხვას უთმობდა. მალე მისი მკაცრი ასკეტური ცხოვრებისა და ძლიერი მადლიანი ლოცვის შესახებ მთელმა რუსეთმა შეიტყო.

იმ დროს მართლმადიდებლობის დამცველმა ოსტროჟსკის თავადმა კონსტანტინე კონსტანტინოვიჩმა იობი დუნებში ვიჯენსკის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. წმინდა იობი ამ მონასტრის იღუმენი ოცდაორი წელი იყო.

იობს დიდი სურვილი ჰქონდა უბრალო ბერის ცხოვრებით ეცხოვრა, ამიტომ ერთ დღეს ფარულად დატოვა მონასტერი და დასახლდა პოჩაევოსთან ახლოს ერთ ნაკლებად ცნობილ ლავრაში. მისი ღვთისმოსაობა და უფლისგან მინიჭებული განსაკუთრებული მადლი არც ამ სავანეში დაიმალა და ძმებმა სთხოვეს მონასტრის იღუმენი გამხდარიყო. რაღას იზამდა ღირსი იობი, დათანხმდა სავანის საძმოს. მან ააგო ქვის ეკლესია. მონასტერი სულიერადაც და მატერიალურადაც გააძლიერა. სიცოცხლის ბოლოს ღირსმა იობმა დიდი სქემა შეიმოსა იოანეს სახელით. შემდეგ მონასტერთან ახლოს, მიწისქვეშა მღვიმეში დაეყუდა. წმინდა იობმა ას წელს მიღწეულმა უფალს სული შეჰვედრა 1651 წლის (28 ოქტომბერს ძველი სტილით). რვა წლის შემდეგ მისი წმინდა ნაწილები პოჩაევოს მონასტერში დააბრძანეს, სადაც დღემდე განისვენებს და უამრავ სასწაულს აღასრულებს.

ბეჭდვა
1კ1