ღირსი სიმეონი და თეოდორე და წმინდა ევფროსინია - - 18 (31) ოქტომბერი
ღირსი სიმეონი და თეოდორე და წმინდა ევფროსინია - - 18 (31) ოქტომბერი
პელოპონესის დიდი მღვიმის მონასტრის დამაარსებლები წმინდა სვიმეონი და თეოდორე ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი დაიბადნენ IX საუკუნის დასაწყისში თესალონიკში. მშობლები ღვთისმოშიში და განათლებული ხალხი იყო. შვილებს შეასწავლეს ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, რიტორიკა და პოეზია. მაგრამ მეუდაბნოე მამათა ცხოვრების გაცნობის შემდეგ ახალგაზრდებსაც მონაზვნური ცხოვრება მოუნდათ. ისინი ჯერ ოლიმპოს მთაზე მოსაგრეობდნენ, მერე ოსას მთაზე გადავიდნენ, შემდეგ პელიონის მთაზე, მერე ათონზე მამებს ესტუმრნენ, იქიდან კი წმინდა მიწასა და სინაზე იმოგზაურეს. როცა სინას მთიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ, იერუსალიმის პატრიარქმა მაქსიმემ ძმები მღვდლებად აკურთხა. იერუსალიმში ორივეს ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წმინდა მოციქულებთან - პავლეს, ანდრიასა და ლუკასთან ერთად და უბრძანა აქიაში წასულიყვნენ და ეპოვათ წმინდა ლუკას დახატული მისი ხატი. ძმებმა ეპისკოპოსისგან კურთხევა მიიღეს და პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით სანაპირო შემოიარეს, სადაც სახარება იქადაგეს სამმა მოციქულმა: წმინდა პავლემ - კორინთოში, წმინდა ანდრიამ - პეტრაში და წმინდა ლუკამ აქაიას შიდა ოლქებში.

აქაიაში ჩასულებმა ღმერთს სთხოვეს, გზა ეჩვენებინა. იმავე ღამეს ძილში უფალმა უბრძანა, მდინარე ბურასთან მისულიყვნენ და იქ ეპოვათ მწყემსი გოგონა ევფროსინია, რომელიც მათ ხატს აჩვენებდა. მეორე დილით, მითითებულ ადგილას მივიდნენ. მწყემსი მათ უკვე ელოდებოდა. მწყემსმა თაყვანისცა ძმებს და სახელებით მიმართა. მისი დაფარულ¬მცოდნელობით გაოცებულებმა მიახლოება ვეღარ გაბედეს. ევფროსინიამ ეს შეამჩნია, შეწევნისთვის ღვთისმშობელს მოუხმო, კლდეზე კვერთხი დაჰკრა და წყარო წამოდინდა. ეს წყარო დღემდე ევფროსინიას სახელს ატარებს.

მან მოუთხრო, რომ ცხოვრობს მეზობელ სოფელ გალატაში და თავის ცხვრებს ერთი მაღალი კლდის პირას ხშირად აძოვებს. მან ორჯერ დაინახა, როგორ აძვრა ერთი თხა კლდეზე, მღვიმის შესასვლელთან. იქიდან ჩამოსულს თავი სველი ჰქონდა. მიხვდა, რომ ზემოთ წყარო იყო. ბუჩქნარში გაძვრა და უზარმაზარი მღვიმის შესასვლელთან აღმოჩნდა. უეცრად ვიღაცამ სახელით უხმო. მიმოიხედა. მღვიმის კედელზე ღვთისმშობლის ხატი დაინახა. ხატიდან მომავალმა ხმამ უბრძანა, დალოდებოდა მამა სვიმეონის და მამა თეოდორეს მოსვლას.

მონაზვნებმა მისი ნათქვამი რომ გაიგეს, მღვიმეში აძვრნენ. ხატი იქ დახვდათ. კრძალვით ჩამოხსნეს დედაღვთისას სახება, გარეთ გამოაბრძანეს. მღვიმე დაასუფთავეს, ნაგავი დაწვეს. უეცრად მღვიმიდან უზარმაზარი ფრთოსანი გველი გამოფრინდა, რომელიც თითქოსდა კვამლს გამოექცა. ძმები და ევფროსინია შიშისაგან განზე გახტნენ. უეცრად ხატიდან გამოვარდნილმა ელვამ გველი მოკლა. მღვიმეში შევიდნენ. ნახეს მაგიდა, რომელზეც გადმოცემით წმინდა ლუკა ლიტურგიას ატარებდა და სახარებას წერდა. მერე ძმებმა მღვიმე გააფართოეს, ეკვდერი და რამდენიმე კელია ააშენეს.

მალე ხატის შესახებ მთელ ნახევარკუნძულზე შეიტყვეს. ქრისტიანები მოდიოდნენ სიწმინდის თაყვანისსაცემად, რომლისგანაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა. სიმეონის და თეოდორეს გარშემო მონაზვნობის მსურველები შეიკრიბნენ, თვითონ კი პელოპონესი სახარების ქადაგებით შემოიარეს. იმპერატორ იულიანეს მმართველობის დროს ძმები ამ ადგილებიდან განდევნეს, მაგრამ მეფის სიკვდილის მერე უკან დაბრუნდნენ. ორივე ძმა მეგასპილეონში (დიდ მღვიმეში) გარდაიცვალნენ. ევფროსინიამ მღვიმის სიახლოვეს კელია აიშენა და დაეყუდა.

საბერძნეთის ეკლესიამ მღვდელ-მონაზვნები: სვიმეონი, თეოდორე და ევფროსინია წმინდანებად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1