ქართული ოთხთავის სინოფსისი
ქართული ოთხთავის სინოფსისი
ტერმინი სინოპტიკური, ტრადიციულად, ახალი აღთქმის პირველ სამ სახარებას გულისხმობს. მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები თავისი შინაარსითა და მათში მოთხრობილი ამბების თანმიმდევრობით მართლაც ურთიერთდაკავშირებულად აღიქმება. იოანეს სახარება კი მათგან განსხვავებულია, როგორც გადმოცემის სტილით, ისე თხრობის ფორმით და მიზანმიმართულებით. სწორედ ამიტომ პირველ სამ სახარებას მკითხველი ხედავს როგორც ერთიან - მთლიან ამბავს, ხოლო იოანეს სახარება ამ ამბებთან დაკავშირებულ, განცალკევებულ მოვლენად წარმოუდგება.

არქიეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი თავის წიგნში "Четвероевангелие" и "Апостол" ასე ახასიათებს მათ განმასხვავებელ თავისებურებებს: მიუხედავად იმისა, რომ პირველ სამ სახარებათაგან ყოველი სისრულითა და განუმეორებლობით ხასიათდება, მაინც ადვილად შეიძლება განვალაგოთ ისინი პარალელურ სვეტებში. ასე მაგალითად, თუ სახარების მთლიან შინაარსს პირობითად ციფრი 100-ით განვსაზღვრავთ, მათეს სახარების 58% დანარჩენი სამის თანმხვედრია და შესაბამისად, 42% - განსხვავებული; მარკოზის სახარებიდან 93% თანმხვედრია და 7% - განსხვავებული; ლუკას სახარების 41% თანმხვედრია და 59% - განსხვავებული; სხვა სურათს ვხედავთ იოანეს სახარებასთან მიმართებაში: აქ მხოლოდ 8%-ია თანმხვედრი, ხოლო 92% - განსხვავებული...

სინოპტიკური ანუ პირველი სამი სახარება, - განაგრძობს არქიეპისკოპოსი ამბერკი, - უმთავრესად იესო ქრისტეს გალილეაში მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, ხოლო წმინდა იოანეს სახარებაში აღწერილია იუდეაში მომხდარი ამბები. სინოპტიკოსები ძირითად ყურადღებას სასწაულებზე, იგავებსა და მიმდინარე მოვლენებზე ამახვილებენ, იოანე ღვთისმეტყველი კი მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს გვაწვდის, მას ხშირად მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები, გვიხსნის ჭეშმარიტი რწმენის არსს. მაგრამ ყველა განმასხვავებელი თავისებურების მიუხედავად, სახარებებს შორის ვერანაირ შინაგან წინააღმდეგობას ვერ დაინახავთ, ოთხივე სახარება განუყოფელი ნათელი შინაარსითაა აღვსილი და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობით არის გამთლიანებული (М.: ПСТБИ, 2002. Стр. 19-20).

მოციქული პავლე ბრძანებს: "ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა" (1 ტიმ. 3:16). ღვთისმსახურების ამ დიდი საიდუმლოს გადმოსაცემად საკმარისი არ იყო არც ერთი, არც ორი და არც სამი სახარება. როგორც პირველი რუსული "ევანგელური სინოფსისის" შემდგენელი მღვდელი ალექსეი ემელიანოვი წერს, ვერც ოთხი ჩვეულებრივი ბიოგრაფი შეძლებდა უფალის გარშემო მომხდარი სინამდვილის ჩვენამდე მოტანას, საჭირო იყო სულიწმინდის მადლით აღვსილი მაცხოვრის ოთხი ხატის შექმნა, და ამიტომაც, დღეს ჩვენ ხელთ ოთხი სახარება გვიპყრია. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ისევე ბუნებრივია, სახარებათა რაოდენობა ზუსტად ოთხი იყოს, როგორც ქვეყნის ოთხი მხარე და ოთხი მთავარი ქარი... როგორც ეზეკიელ წინასწარმეტყველის (1:10) და იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისში განცხადებული ოთხი ცოცხალი არსება - სიმბოლო ოთხი სახარებისა... და როგორც ოთხი აღთქმა - აღთქმა ნოესი, აბრაამისა, მოსესი და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი" (Против ересей III. 11, 8).

სწორედ ამიტომ, რა მიზნითაც არ უნდა გამოიცეს წმინდა ოთხთავი, გარდაუვალია ოთხივე სახარების ტექსტის სიმთელის შენარჩუნება. ამის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ ძველთაგანვე იყო ახალი აღთქმის ტექსტის სხვაგვარად გადმოცემისა და ოთხთავის გაერთიანების მცდელობები: ჯერ მეორე საუკუნის შუა წლებში მაკრიონმა ლუკას სახარება და მოციქული პავლეს ათი ეპისტოლე გადააკეთა და თავის დოქტრინასთან შეაჯერა. ეს სინჯვა, როგორც ერეტიკული, ეკლესიის წმინდა მამების მიერ საწყისშივე უარყოფილ იქნა; უფრო წარმატებული მცდელობა ჰქონდა იუსტინე ფილოსოფოსის მოწაფეს, ტატიანეს (+175), რომელმაც თავის "დიატესარონში" ოთხივე სახარება ერთ მთლიან, უწყვეტ ტექსტად გადააკეთა. როგორც ჩანს, ავტორი ფიქრობდა, რომ ოთხი სახარების გაერთიანებით ის უფრო ადვილად გასაგებს გახდიდა მაცხოვრის ისტორიას და ამავე დროს აღმოფხვრიდა იმ შეუსაბამობებს, რომლებიც სახარების ზედაპირული შესწავლის დროს იჩენს თავს. ტატიანეს ეს წიგნი გარკვეულ ქრისტიანულ წრეებში V საუკუნემდე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.

ის, რომ ვერც ოთხთავის ცალკეული ნაწილები და ვერც ერთი ცალკე აღებული წიგნი ვერ იტევს იმ ჭეშმარიტებას, რასაც მაცხოვრის შესახებ ოთხივე სახარება ერთად მოგვითხრობს, იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებიდანაც ჩანს. ახალი აღთქმა ასე მთავრდება: "უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა, და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა" (გამოცხ. 22:17-18). ეს სიტყვები სრულად შეეხება ოთხთავის წიგნებს ერთად და ცალ-ცალკე, რომელთა შესახებ XIX საუკუნის თეოლოგი ბორის გლადკოვი წერდა: "იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების თანმიმდევრობა, მისი ქადაგებანი და სასწაულები სრულად გაგებული შეიძლება იქნეს მხოლოდ ოთხივე სახარების ერთობლივად შესწავლისას" (Гладков Б.И. Толкование Евангелия. М.: 2004).

ბორის გლადკოვმა სახარებათა ერთობლივად შესწავლისათვის ოთხივე წიგნი გააერთიანა და კომენტარებიც დაუთო. მაგრამ, როგორც ხსენებული მღვდელი ალექსეი ემელიანოვი აღნიშნავს, ამ ნაშრომის მთავარი ნაკლი სწორედ ისაა, რომ მასში სახარებები სრულად არ იქნა წარმოდგენილი და შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული, რომ ოთხთავში უმნიშვნელოდ არც ერთი ფრაზა არ შეიძლება მივიჩნიოთ. ამრიგად, ცალკეული ამოცანების გადაწყვეტა პირდაპირ ითხოვს სახარების ოთხივე ტექსტის ჰარმონიზაციას, ეკლესიის მიერ უარყოფილია ოთხთავის ტექსტების დანაწევრებისა და ერთ დიდ ამბად გადმოცემის პრაქტიკა.

სახარების სრული ტექსტების პარალელურ სვეტებად გამოცემა პირველად 1774-76 წლებში ევროპელი ბიბლეისტის გრისბახის მიერ განხორციელდა, მანვე პირველმა გამოიყენა ტერმინი "სინოპტიკური ევანგელიე", მაგრამ მისი სინოფსისი მოიცავდა მხოლოდ მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებს. შემდგომ ევროპაში მრავალჯერ გამოიცა სრული სინოფსისი, სადაც ამ სამი სახარების გვერდით თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა იოანეს სახარებამ.

თანამედროვე მეცნიერება, - ნათქვამია 1989 წელს ბრიუსელში გამოცემული ახალი აღთქმის შესავალში, - დიდ ყურადღებას ამახვილებს სახარების დროინდელი მოვლენების თანმიმდევრობისა და ქრონოლოგიის დაზუსტებაზე. მკვლევართა ეს მიღწევები სრულად არის გათვალისწინებული როგორც ევროპაში გამოცემულ სინოფსისებში (მაგ.: Synopsis Quattuor Evangeliorum. Stuttgart: Deutsche Bibelgesellschaft, 1996. Synopsis of the Four Gospels. English Edition. Ed. by K. Aland. United Bible Societies, 1982), ისე პირველად 2001, 2003 და მომდევნო წლებში გამოცემულ მათ რუსულ ანალოგებში ("Евангельский Сигипсис", сост. свящ. Алексей Емелианов. М.: ПСТБ.и).

როგორც აღინიშნა, ამ სახის სინოფსისი, სახარებათა რაოდენობის შესაბამისად, იბეჭდება ოთხ პარალელურ სვეტად. როგორც წესი, ასეთ სინოფსისს არავითარი მეცნიერული პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ ამგვარად წარმოდგენილი ოთხთავი მკითხველს საშუალებას მისცემს ყოველ სახარებაში მიმდინარე მოვლენები დაინახოს უკვე საყოველთაოდ მიღებულ ქრონოლოგიურ და ლოგიკურ თანმიმდევრობაში, შეისწავლოს ისინი ერთმანეთის პარალელურად, მთლიან ოთხთავად და ცალკეულ სახარებებად.

წარმოდგენილი "ქართული ოთხთავის სინოფსისი" პირველი ცდაა ქართულ ენაზე სრული სინოპტიკური ტექსტის გამოცემისა. მასალის მომზადებისას ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ, ერთი მხრივ, სახარება თავისი მისტიკური ძალით უფრო ძლიერად გიორგი მთაწმინდელის თარგმანში შეიგრძნობა, ხოლო, მერე მხრივ, აღნიშნული ტექსტის შინაარსი თანამედროვე მკითხველისათვის ცალკეულ შემთხვევებში მიუწვდომელია. ვინაიდან სინოფსისი თავისთავად საგანმანათლებლო დანიშნულებისათვის გამიზნული ფორმაა, ჩვენ შევეცადეთ ეს გარემოებაც გაგვეთვალისწინებინა და ქართული ოთხთავი ერთდროულად ორი - გიორგი მთაწმინდელისა და ბაჩანა ბრეგვაძის რედაქციით წარმოგვედგინა. ვიმედოვნებთ, რომ ოთხთავი ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის რედაქციით დამწყებ მკითხველს გიორგი მთაწმინდელის ტექსტის აღქმაში დაეხმარება, ამიტომ ძირითად ტექსტად ეს უკანასკნელი წარმოვადგინეთ და გიორგი მთაწმინდელის სახარება უფრო მსხვილი შრიფტით გამოვყავით.

დასასრულ, დიდი მადლიერების გრძნობა გვსურს გამოვხატოთ ყველას მიმართ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ თავისი წვლილი შეიტანა ამ მასალის გამოცემის საქმეში და ვისურვოთ დიდი სარგებელი მოეტანოს მკითხველისათვის პირველ ქართულ სინოფსისს.
ბეჭდვა
1კ1