ეს დაუსრულებელი სიხარული ჩვენი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით გადმოიღვრება ჩვენზე, მის უღირს შვილებზე
 ეს დაუსრულებელი სიხარული ჩვენი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით გადმოიღვრება ჩვენზე, მის უღირს შვილებზე
ათონზე დიონისეს მონასტრის წინამძღვარს, მამა ხარალამპეს (+2001) უტკბეს მოგონებად დარჩა წმინდა ანას სკიტის ერთ პატარა ეკლესიაში აღვლენილი წირვები, როცა ცხადად შეიგრძნობდა საღმრთო საიდუმლოებას, მოზღვავებული გრძნობებისგან გულშემუსვრილს ხშირად ლიტურგიის გაგრძელება უჭირდა. განსაკუთრებით ეს ხდებოდა ვნების შვიდეულში და აღდგომის დღესასწაულზე. ამ დღეს მთაწმინდაზე სკიტელი ბერები კირიაკონში, სკიტის ცენტრალურ ტაძარში იკრიბებიან და ერთად აღასრულებენ სადღესასწაულო ღვთისმსახურებას. წმინდა იოსები (მღვიმელი) თავის მორჩილ ბერებს წმინდა ანას კირიაკონში გზავნიდა ხოლმე, კელიაში, მცირე ტაძარში კი რჩებოდნენ წმინდა იოსები, მამა არსენი და მღვდელმონაზონი ხარალამპე. როგორც თვითონ ღირსი მამა ჰყვებოდა: "კურთხეულ არს მეუფება"-დან ვიდრე ლოცვის დასასრულამდე ისე ცხადად, ისე ცხოვლად გრძნობდნენ ტაძარში იესო ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოფნას, რომ სამივეს თვალთაგან ცრემლი სდიოდა, გულამოსკვნილი ქვითინი ხშირად აწყვეტინებდათ ლოცვას. ისინი არამარტო დღესასწაულობდნენ, ამით ცხოვრობდნენ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესა და მისი ყოვლადწმინდა დედის სიახლოვით ნეტარებდნენ.

"წირვის შემდეგ აღსარებაში ვუთხარი ჩემს მოძღვარს, რას ვხედავდი გონიერი თვალით და რას ვგრძნობდი, - ჰყვება მამა ხარალამპე, - მამა იოსებმა დარწმუნებით მითხრა, რომ თვითონაც იმავეს განიცდიდა. მამა არსენმა მის ნათქვამს დაუმატა: ის, რაც ჩვენ განვიცადეთ, შვილო ჩემო, მხოლოდ ნაწილია იმ უსაზღვრო სიხარულისა, რომელიც განიცადა ჩვენმა ღვთისმშობელმა, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა. ეს დაუსრულებელი სიხარული ჩვენი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით გადმოიღვრება ჩვენზე, მის უღირს შვილებზე".

ბეჭდვა
1კ1