დაუჯდომელი უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
დაუჯდომელი უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
კონდაკი 1
ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი; არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

იკოსი 1
ანგელოსი წინამდგომი ზეცით მოივლინა, ჰრქმად ღვთისმშობლისად: "გიხაროდენ", - და უსხეულოსა სიტყვისა სხეულევანქმნილისა შენი მხილველი, უფალო, განჰკვირდა და დასდგა, მხმობელი ესევითართა:

გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების;

გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების;

გიხაროდენ, დაცემულისა ადამის აღდგომაო;

გიხაროდენ, ცრემლთა ევასთა ხსნაო;

გიხაროდენ, სიმაღლეო ძნიად აღსავალო კაცობრივთა გულისსიტყვათაო;

გიხაროდენ, სიღრმეო ძნიად სახილველო ანგელოსთაცა თვალებისაო;

გიხაროდენ, რამეთუ ხარ საყდარ მეუფისა;

გიხაროდენ, რამეთუ მტვირთველობ ყოველთა მტვირთველსა;

გიხაროდენ, ვარსკვლავო მომფენელო მზისაო;

გიხაროდენ, წიაღო ღვთის განხორციელებისაო;

გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული;

გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყვანის-იცემების დამბადებელი;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 2
მხედველი წმიდა თავისა თვისისა უბიწოებით, ეტყოდა გაბრიელს კადნიერებით: საკვირველებაი ხმისა შენისა ძნიად მისათვალველ-უჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოისა მიდგომილებისა შობასა წინასწარ იტყვი, მხმობელი: ალილუია.

იკოსი 2
ცნობისა უცნაურისა ცნობისა მეძიებელმან ქალწულმან ხმა-ჰყო მსახურისა მიმართ: "წიაღთაგან უბიწოთა ძისა ვითარ არს შობა შესაძლებელ, მითხარ მე!" - რომლისა მიმართ იტყოდა იგი შიშით, გარნა მხმობელი ესრეთ:

გიხაროდენ, მესაიდუმლეო განზრახვისა გამოუთქმელისაო;

გიხაროდენ, წყაროო, მქონეო სარწმუნოებისაო;

გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკვირველებათაო;

გიხაროდენ, თავო სჯულთა მისთაო;

გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი;

გიხაროდენ, ხიდო, წიაღმყვანებელო ქვეყანისათაო ცად მიმართ;

გიხაროდენ, ანგელოსთა მრავალგანთქმულო საკვირველებაო;

გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო;

გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქმელისა მშობელო;

გიხაროდენ, თუ ვითარ არაერთისა მსწავლელო;

გიხაროდენ, ბრძენთა ზესთაქმნილო მეცნიერებასა;

გიხაროდენ, მორწმუნეთასა განმაბრწყინვებელო მცნობელობისა;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 3
ძალი მაღლისა აგრილებდა მაშინ მიდგომისათვის უქორწინებელსა და ნაყოფიერებისაგან საშოისა მისისა, ვითარცა აგარაკისაგან, აჩვენა სიტკბოებაი, ყოველთა მნებებელთა მოსთუელებასა მაცხოვარებისასა, გალობით ესრეთ: ალილუია.

იკოსი 3
მქონებელი ღვთის შემწყნარებელისა საშოისა ქალწული აღვიდა ელისაბედის მიმართ; ხოლო ჩვილმან მისმან მეყსეულად, აგრძნა რა მოკითხვა მისი, კრთებოდა და კრთომით, ვითარცა გალობით, ხმობდა ღვთისმშობელისა მიმართ:

გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო;

გიხაროდენ, ქვეყანაო უკვდავისა ნაყოფისაო;

გიხაროდენ, მენერგისა ცხოვრებისა ჩვენისა აღმომაცენებელო;

გიხაროდენ, მუშაკისა კაცთმოყვარისა მომმუშაკებელო;

გიხაროდენ, ორნატო, გამომღებელო ნაყოფისა წყალობისასა;

გიხაროდენ, ტაბლაო, მტვირთველო უხვებისა ლხინებისასა;

გიხაროდენ, რამეთუ განმზადებ ნავთსაყუდელსა სულთასა;

გიხაროდენ, რამეთუ აღმოამორჩებ ყვავილსა საშვებელთასა;

გიხაროდენ, მითვალულო მეოხებისა საკმეველო;

გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სალხინებელო;

გიხაროდენ, ღვთისა მოკვდავთა მომართ სათნოყოფაო;

გიხაროდენ, მოკვდავთა ღვთისა მიმართ კადნიერებაო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 4
ღელვისა შინაგან მქონებელი გულისსიტყვათა იჭვნეულთასა, მართალი იოსებ შეშფოთნა, რამეთუ უქორწინებელსა გხედვიდა შენ, დაფარულსა ქორწილსა აზმნობდა შენთვის, უბიწოო; ხოლო ისწავა რა მიდგომაი შენი სულისა მიერ წმიდისა, ხმა-ჰყო: ალილუია.

იკოსი 4
ესმა მწყემსთა ანგელოსთაგან მგალობელთა ხორციელი მოსლვაი ქრისტესი, და ვითარცა მწყემსისა მიმართ მსრბოლთა იხილეს იგი, ვითარცა კრავი უმანკოი, მუცელსა შინა მარიამისასა აღზრდილად, რომლისა მგალობელთა სთქვეს:

გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედაო;

გიხაროდენ, ქნარო სიტყვიერთა ცხოვართო;

გიხაროდენ, უხილავთა მხეცთა მაოტებელო;

გიხაროდენ, სამოთხისა ბჭეთა განმღებელო;

გიხაროდენ, რამეთუ ზეცისანი ქვეყანისათა თანა იხარებენ;

გიხაროდენ, რამეთუ ქვეყანისანი ზეცისათა თანა მწყობრობენ;

გიხაროდენ, დაუდუმებელო პირო მოციქულთაო;

გიხაროდენ, უძლეველო ახოვანებაო ღვაწლით შემოსილთაო;

გიხაროდენ, სარწმუნოებისა ხარისხო მტკიცეო;

გიხაროდენ, მადლისა საცნაურისა ბრწყინვალებაო;

გიხაროდენ, რომლისა მიერ განშიშვლდა ჯოჯოხეთისა მძლავრება;

გიხაროდენ, რომლისა მიერ შევიმოსეთ დიდება;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 5
ღვთივ მავალისა ვარსკვლავისა მხილველნი მოგვნი მისსა შეუდგეს ბრწყინვალებასა, და ვითარცა სანთლისა მპყრობელნი მისნი, მის მიერ ეძიებდეს ძლიერსა მეუფესა, და მიაღწიეს რა მიუწვდომელსა, განიხარეს მხმობელთა ესრეთ: ალილუია.

იკოსი 5
იხილეს ყრმათა ქალდეველთა ხელთა ზედა ქალწულისათა ხელითა დამბადებელი კაცთა და მეუფედ მცნობელნი მისნი, დაღაცათუ ხატი მონისა მიიღო, ისწრაფდეს ძღვენითა მსახურებად მისსა, და ღაღადებად კურთხეულისა:

გიხაროდენ, ვარსკვლავისა დაუვალისა დედაო;

გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო;

გიხაროდენ, სახმილისა საცთურისასა დამაცხრობელო;

გიხაროდენ, სამებისა მესაიდუმლოეთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, მძლავრთა კაცთმოძულისა მთავრობისათა განმდევნელო;

გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყვარისა ქრისტეს გამომაბრწყინვებელო;

გიხაროდენ, ბარბაროსთა ჰსჯულისა დამხსნელო;

გიხაროდენ, სიხენეშისა საქმეთაგან გამომხსნელო;

გიხაროდენ, ცეცხლისა თაყვანისცემისა დამაცხრობელო;

გიხაროდენ, ალისა ვნებათასა დამშრეტელო;

გიხაროდენ, მორწმუნეთა სიწმინდისა მასწავლელო;

გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა მხიარულ-მყოფელო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 6
ქადაგ ღმერთშემოსილ-ქმნილნი მოგვნი მიიქცეს ბაბილონად, სრულ-ჰყვეს რა წინაუწყებაი შენი და გქადაგეს ყოველთა შორის ქრისტედ, დამტევებელთა ჰეროდისათა, ვითარცა მოკიცხულისა, არმეცნიერებისათა, გალობით ესრეთ: ალილუია.

იკოსი 6
გამობრწყინდი რა ეგვიპტეს შინა ნათელი ჭეშმარიტებისა, განსდევნე ბნელი ტყუილისა, რამეთუ კერპნი მისნი, მაცხოვარ, ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი დაეცნეს; ხოლო მათგან ხსნილნი ხმობდეს ღვთისმშობელისა მიმართ:

გიხაროდენ, აღმართებაო კაცთაო;

გიხაროდენ, დაცემაო ეშმაკთაო;

გიხაროდენ, საცთურისა ცთომილებისა დამთრგუნველო;

გიხაროდენ, კერპთა ზაკულებისა მამხილებელო;

გიხაროდენ, ზღვაო, საცნაურისა ფარაოს დამნთქმელო;

გიხაროდენ, კლდეო, წყურიელთათვის ცხოვრებისა მწდეველო;

გიხაროდენ, სვეტო ცეცხლისაო, წინამძღვარო ბნელისათაო;

გიხაროდენ, სოფლისა საფარველო, უვრცელესო ღრუბელთაო;

გიხაროდენ, საზრდელო, მონაცვალეო მანანასაო;

გიხაროდენ, მსახურო საშვებელისა წმიდისაო;

გიხაროდენ, ქვეყანაო აღთქმისაო;

გიხაროდენ, რომლისაგან ჰსდის სძე და თაფლი;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 7
ეგულებოდა რა სვიმეონს აქაისა საცთურიანისაგან საუკუნოისად მიცვალება, მიეცი მას ვითარცა ჩჩვილი, არამედ ღმერთადცა სრულად საცნაურ იქმენ მისსა, რომლისათვისაცა განკვირდა შენსა გამოუთქმელსა სიბრძნესა ზედა, მხმობელი: ალილუია.

იკოსი 7
ახალი აგებული გვეჩვენა, გამოსჩნდა რა აღმგებელი ჩვენი, მის მიერ ქმნულთა, უთესლოისაგან აღმოცენებულმან ნაყოფმან და მუცელმან მისმან, ვითარ იყო უხრწნელად, რათა საკვირველებისა მხილველნი უგალობდეთ მას ხმობით:

გიხაროდენ, ყვავილო უხრწნელებისაო;

გიხაროდენ, გვირგვინო კრძალულებისაო;

გიხაროდენ, აღდგომისა ხატო ბრწყინვალეო;

გიხაროდენ, ანგელოსთა ცხოვრებისა გამომაჩინებელო;

გიხაროდენ, ხეო ნაყოფ-ელვარეო, რომლისაგან იზრდებიან მორწმუნენი;

გიხაროდენ, ნერგო კეთილ-ჩრდილ ფურცელოვანო, რომლისა ქვეშე დაიგრილებენ მრავალნი;

გიხაროდენ, მუცლადმღებელო გამომხსნელისა ტყვეთასაო;

გიხაროდენ, ნაყოფად გამომღებელო წინამძღვარისა შეცთომილთასაო;

გიხაროდენ, მსაჯულისა მართლისა სავედრებელო;

გიხაროდენ, მრავალთა ცოდვათა შესანდობელო;

გიხაროდენ, სამოსელო შიშველთაო უხრწნელო;

გიხაროდენ, წადიერებაო, ყოველთა სურვილთა მძლეო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 8
უცხოსა შობისა მხილველნი უცხო ვიქმნეთ სოფლისა, ზეცას მიცვალებულნი გონებითა, რამეთუ ამისთვის მაღალი ქვეყანასა ზედა გამოსჩნდა მდაბლად კაცად, მგულვებელი მიზიდვისა სიმაღლედ მიმართ, თვისთა მღაღადებელთასა: ალილუია.

იკოსი 8
ყოვლად იყო ქვეყანისა თანა, და ზენათაგან ყოვლად არა მოკლებულ იყო გარეშემოუწერელი სიტყვა, რამეთუ თანა-შთამოსლვაი ღვთაებრი, და არა ცვალება იქმნა ადგილებრი შობა ქალწულისაგან ღვთივმიმადლებულისა, მსმენელისა ამათისა:

გიხაროდენ, ღვთისა დაუტევნელისა დამტევნელო;

გიხაროდენ, პატიოსნისა საიდუმლოსა კარო;

გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭვნეულო სასმენელო;

გიხაროდენ, მორწმუნეთა უეჭველო სიქადულო;

გიხაროდენ, საყდარო ყოვლადწმიდაო ზესთა ქერუბიმთასაო;

გიხაროდენ, სავანეო ყოვლადწმიდაო სერაბიმთა ზედა განსვენებულისაო;

გიხაროდენ, წინააღმდგომთა იგივეობად მომყვანებელო;

გიხაროდენ, ქალწულებისა და შობისა შემაუღლებელო;

გიხაროდენ, რომლისა მიერ დაიხსნა გარდასვლაი;

გიხაროდენ, რომლისა მიერ განეღო სამოთხეი;

გიხაროდენ, კლიტეო ქრისტეს სამეუფოისაო;

გიხაროდენ, სასოებაო კეთილთა საუკუნეთაო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 9
ყოველი ბუნება ანგელოსთა განაკვირვა დიდმან განაკცებისა შენისა საქმემან, რამეთუ შეუხებელსა, ვითარცა ღმერთსა, გხედვიდეს ყოველთა შესახებელად კაცად, უკუნ ჩვენ თანა მქცეველად, ხოლო მსმენელად ყოველთა მიერ ესრეთ: ალილუია.

იკოსი 9
რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა, ვხედავთ შენდამი, ღვთისმშობელო, რამეთუ უღონო არიან თქმად, თუ ვითარ ქალწულადცა ჰგიე და შობად შეუძლე, ხოლო ჩვენ, საიდუმლოსა ამის ძლით განკვირვებულნი, სარწმუნოებით ვხმობთ:

გიხაროდენ, სიბრძნისა ღვთისა სავანეო;

გიხაროდენ, წინაგანგებისა მისისა სასწაულო;

გიხაროდენ, სიტყვახელოვანთა უსიტყვობისა მამხილებელო;

გიხაროდენ, რამეთუ სულელ იქმნეს მრავალ-ღონენი გამომძიებელნი;

გიხაროდენ, რამეთუ დასჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი;

გიხაროდენ, ათინელთა თხზულებისა განმხეთქელო;

გიხაროდენ, მეთევზურთა ბადეთა აღმავსებელო;

გიხაროდენ, სიღრმით უმეცრებისად აღმომყვანებელო;

გიხაროდენ, მრავალთა მეცნიერებითა განმანათლებელო;

გიხაროდენ, ნავო მნებებელთა ცხოვნებისაო;

გიხაროდენ, ნავთსაყუდელო საწუთოსა შინა ღელვაგვემულთაო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 10
ცხოვნება რა სოფლისა ინება ყოველთა შემოქმედმან, ამისდა მომართ თვით აღძრვით მოიწია და რომელი მწყემსი იყო, ვითარცა ღმერთი ჩვენთვის გამოსჩნდა და მსგავს ჩვენდა იქმნა; რამეთუ მსგავსითა მსგავსსა მოუწოდა, ვითარცა მნებებელმან სმენად: ალილუია.

იკოსი 10
ზღუდე ხარ ქალწულთა, ღვთისმშობელო ქალწულო, და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა, რამეთუ ზეცისა და ქვეყანისა დამბადებელმან აღგაშენა შენ, უხრწნელო, დაემკვიდრა რა საშოსა შენსა, და ასწავა ყოველთა ხმობად შენდამი:

გიხაროდენ, სვეტო ქალწულებისაო;

გიხაროდენ, ბჭეო ცხოვრებისაო;

გიხაროდენ, დასაბამო საცნაურისა აღმოდაბადებისაო;

გიხაროდენ, მომნიჭებელო ღვთაებრისა სახიერებისაო;

გიხაროდენ, რამეთუ შენ გონიერ-ჰყვენ ცთომილნი გონებითა;

გიხაროდენ, რამეთუ შენ გულისხმიერ-ჰყვენ შეცთომილნი პირველ;

გიხაროდენ, ხრწნილებისა საგრძნობელთასა უჩინო-მყოფელო;

გიხაროდენ, დამთესველისა უბიწოებისა მშობელო;

გიხაროდენ, სასძლოო უთესლოისა სძლობისაო;

გიხაროდენ, მორწმუნეთა უფლისათა სამკაულო;

გიხაროდენ, შუენიერო სიკეთეო ქალწულთაო;

გიხაროდენ, სულთა წმიდათა სასძლო შესამოსელო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 11
გალობა ყოველი იძლევის, თანა-განვრცომად მოსწრაფე სიმრავლისა ფრიად მოწყალებათა შენთასა, რიცხვთა ფსალმუნთა და საგალობელთა, რომელთა შევსწირავთ შენდა, წმიდაო მეუფეო, რამეთუ ვერარას სრულ-ვყოფთ ღირსსა, რომელნი მომცენ მღაღადებელთა შენთა: ალილუია.

იკოსი 11
ნათლისა მტვირთველად, ლამპრად ბნელისად გამოჩინებულად ვხედავთ წმიდასა ქალწულსა, რამეთუ უნივთოითა ნათლითა მნთებარე საღმრთოისა მეცნიერებისა მიმართ მიუძღვის ყოველთა, ცისკარი განმანათლებელი გონებისა, ხოლო ღაღადებით პატივცემული ესრეთ:

გიხაროდენ, შარავანდედო საცნაურისა მზისაო;

გიხაროდენ, ლამპარო დაუვალისა ნათლისაო;

გიხაროდენ, ელვაო სულთა განმანათლებელო;

გიხაროდენ, ქუხილო მტერთა განმკვეთელო;

გიხაროდენ, რამეთუ მრავალნათელსა აღმოაბრწყინვებ განათლებასა;

გიხაროდენ, რამეთუ მრავალნეკტარსა აღმოაცენებ მდინარესა;

გიხაროდენ, ემბაზისა მსგავსისა გამომხატველო;

გიხაროდენ, ცოდვისა ბიწისა წარმღვნელო;

გიხაროდენ, საბანელო, განმწმედელო სვინდისისაო;

გიხაროდენ, ტაკუკო, განზავებულო სიხარულითა;

გიხაროდენ, მირონო ქრისტეს სუნნელებისაო;

გიხაროდენ, ცხოვრებისა საიდუმლოსა სერობაო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!

კონდაკი 12
მადლის-მიცემისა მნებებელი შეცოდებათა პირველთა ყოველთა კაცთა ვალისა დამხსნელი, მოვიდა თავისა მიერ თვისისა მადლისა მისისა განშორებულთა მიმართ, და განხეთქა რა ხელით-წერილი, ესმის ყოველთა მიერ ესრეთ: ალილუია.

იკოსი 12
მგალობელნი შობისა შენისანი, შეგასხამთ შენ ყოველნი, ვითარცა სულიერსა ტაძარსა, ღვთისმშობელო, რამეთუ შენსა დაემკვიდრა საშოსა მპყრობელი ყოველთა ხელითა უფალი, განჰსწმიდა და ადიდა და ასწავა ყოველთა ღაღადებად შენდამი:

გიხაროდენ, კარო ღვთისა სიტყვისაო;

გიხაროდენ, წმიდისა წმიდათასა უაღრესო;

გიხაროდენ, კიდობანო ოქროვანქმნილო სულითა;

გიხაროდენ, საუნჯეო ცხოვრებისაო დაულევნელო;

გიხაროდენ, პატიოსანო გვირგვინო მეფეთა კეთილ-მსახურთაო;

გიხაროდენ, სიქადულო წარჩინებულო კრძალულთა მღვდელთაო;

გიხაროდენ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო;

გიხაროდენ, მეფობისა დაურღვეველო ზღუდეო;

გიხაროდენ, რომლისა მიერ აღსდგენ ბაძვანი;

გიხაროდენ, რომლისა მიერ მტერნი დაეცემიან;

გიხაროდენ, ხორცისა ჩემისა კურნებაო;

გიხაროდენ, სულისა ჩემისა ცხოვნებაო;

გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
კონდაკი 13
ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმინდესისა სიტყვისაო! მიმთვალველმან აწინდელისა ამის ძღვენისამან, ყოვლისა განსაცდელისაგან იხსნენ ყოველნი, და მერმისა სატანჯველისაგან გამომიხსნენ, მღაღადებელნი ესრეთ: ალილუია.

ეს მუხლი სთქვი სამგზის და კვალად - იკოსი 1 და კონდაკი 1.


ლოცვა
მიიღე, ყოვლადკეთილ-მოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ესე პატიოსანი ძღვენი, შენ მხოლოსათვის ჩვენ მიერ, უღირსთა მონათა შენთაგან, ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა და ქვეყანისათა უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთვისცა ხოლო შენ მიერ იქმნა უფალი ძალთა ჩვენთანა, და შენ მიერ ძე ღვთისა ვიცანთ ჩვენ, და ღირს-ვიქმნენით წმიდასა ხორცსა მისსა და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთვისცა ნეტარ ხარ თესლითი თესლამდე, ღვთივსანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაბიმთა უპატიოსნესო მხოლოო; და აწ, ყოვლადსაგალობელო ღვთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩვენ უღირსთა მონათა შენთათვის ნუ დასცხრები, რათა ვიხსნნეთ ჩვენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა, გარემოდგომილისა ვნებისა, დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საბრთხისა ეშმაკთასა. არამედ ვითარმედ აღსასრულამდე ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩვენ, რათა შენითა შუა-მდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი და თაყვანის-ცემასა ყოველსა ზედა ყოვლისათვის სამებისა წმიდისა და ყოველთა შემოქმედისა მადლობასა აღვავლენდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

* * *
ჰოი, დიდო მეუფეო, ყოვლისა მპყრობელო, მოწყალეო უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო; აჰა, ვედრებად შენდა მე, ფრიად ცოდვილი, აღვსძრავ დედასა შენსა, ყოვლადუბიწოსა, ყოვლადწმიდასა დედოფალსა, ქალწულსა ღვთისმშობელსა, ყოვლადმოწყალესა, ყოვლისა სოფლისა მვედრებელსა ნათესავისა ქრისტიანეთასა, შენსა ჩვენდა მშობელსა ხორციელად ღვთისა ჩვენისა, აურაცხელისათვის მოწყალებისა შენისა, რომელი ჩვენ ზედა ჰყავ; მისითა უკუე ვედრებითა, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ჩემ უღირსსა ზედა დიდი მადლი და წყალობაი შენი აჩვენე და მოტევებაი ცოდვათა მომმადლე მე და ღირს-მყავ მე დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა ყოველთა თანა წმიდათა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.05.2019
ტროპარი:   სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღვდელმთავარო ათანასე,
15.08.2017
ეს არის წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა, რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ. ეს უდიდესი წმინდანი უფალს მადლობას სწირავს იმ მოთმინებისთვის, რაც წამების ჟამს მომადლა
01.07.2016
კონდაკი 1

კრავისა მიერ უბიწოჲსა აღრჩეულნო ქადაგნო, რომლისთჳსცა დაიკლვენით, ქრისტეს ღმრთისა ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე!
08.06.2016
ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
07.06.2016
ტროპარი: ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო,
16.04.2016
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
07.04.2016

"ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა

ბზობის კვირას
ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს,
22.03.2016
უფალო, შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), იჴსენ იგი ყოვლისაგან ბოროტისა, განსწმიდე იგი ყოვლისაგან ბიწისა და მოჰმადლე მას ჴორციელი და სულიერი სიმრთელე და დაიფარე ლოცვითა წმიდათა ანგელოზთათა და ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათჳს.
21.03.2016
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს,
20.02.2016
მეზვერისა და ფარისევლის კვირა

კონდაკი: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს იერუსალიმში, ერთ-ერთ სახლში, მოციქულები ღვთისმშობელთან და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად იყვნენ შეკრებილნი. სამი საათი იყო (ჩვენი დროით - დილის ცხრა საათი). თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, ციდან მოისმა ხმაური. ამ ხმაურით აივსო სახლი.