წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - ოთხშაბათის საკითხავი
წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - ოთხშაბათის საკითხავი
ოთხშაბათი
გალობა ა
ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

სიყრმით ჩემითგან, მხსნელო, უგულებელს-ვყვენ მცნებანი შენნი და ყოვლადვნებულად, უდებად და დახსნილად გარდავვლე ცხოვრება, ამისთვის გიღაღადებ შენ, აწ კვალად მაცხოვნე, ტკბილო.

დავრდომილსა, მაცხოვარ, წინაშე ბჭეთა სიბერისათა ნუ შთამაგდებ მე ჯოჯოხეთად, არამედ პირველ სიკვდილისა კაცთმოყვარებით მომმადლენ შენდობა შეცოდებათა.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე და ოხერ ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ, მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

მოწყლული ავაზაკთა გულისსიტყვათა ჩემთა მიერ და ყოვლითურთ მოცული მათგან, რომელნი განმრავლდეს ტკივილნი, მე ვარ; ქრისტე მეუფეო, გევედრები, განმკურნე.

მღვდელმან უგულებელს-მყო და თანა-წარმხდა და ლევიტელმან ძვირთა შინა დამიტევა; არამედ შენ, ღვთისმშობელისა მარიამისგან მოსრულო, მიღვაწე და შემიწყალე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.



მომანიჭე მადლი ბრწყინვალებისა მაღლისა მის საღვთოისა განგებულებისა, რათა ვიხსნე ვნებათა ბნელისაგან და გულსმოდგინედ ვგალობდე ცხოვრებასა შენსა, მარიამ და კეთილთა ღვაწლთა შენთა.
დიდება

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
აწ და

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.


გალობა ბ
ძლისპირი: მოიხილე, ცაო, და ვიტყოდე აწ და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

დავეკვეთე დავითისებრ ცოდვითა და სავსე ვარ მწიკვლითა; განმბანე მეცა ცრემლითა, მხსნელო.

არცა ცრემლნი, არცა სინანული მაქვს, არცა ლმობიერება; ვითარცა ღმერთმან, მომცენ ესენი.

წარვსწყმიდე მე პირველქმნული სიკეთე და მშვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.

კარსა შენსა ნუ დახშავ ჩემთვის მაშინ, ჰოი უფალო, უფალო; არამედ განმიღე მონანულსა.

ყურად იხვენ სულთქმანი სულისანი და თვალთა ჩემთა ცრემლნი მიიხვენ, მხსნელო, და შემიწყალე.
დიდება

კაცთმოყვარე, რომელსა გნებავს ყოველთა ცხოვრება, მაცხოვნე მე და შემიტკბე შევრდომილი შენდა.
აწ და

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლად-საგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ, რათა გვაცხოვნეს.


ძლისპირი: იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა, და წყარონი კლდისაგან წყარო-ვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა მხოლოითა ძალითა და მარჯვენითა ჩემითა.

იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, ისმინე შენ, სულო ჩემო, ღაღადება უფლისა, და ევლტოდე პირველსა ცოდვასა და სძრწოდე, ვითარცა მსაჯულისა და ვითარცა ღვთისაგან.

ვის მიემსგავსე შენ, ჰოი მრავალმცოდველო სულო; გარნა თუ პირველსა კაენს და უკეთურსა ლამექს, და ქვითა სიბოროტისათა განსტვინენ ხორცნი და ბილწითა კრთომითა სიკვდიდ განსწირე გონება.

სჯულისა პირველთა თანაწარხედ შენ, ჰოი სულო, და სეითს არა ემსგავსე, არცა ენოსს ებაძვე, არცა ენუქის მიცვალებასა და არცა ნოეს; და დაგლახაკენ მართალთა ცხოვრებისაგან.

მხოლომან განახვენ საქანელნი საღვთოსა მის რისხვისანი, სულო ჩემო, და წარღვენ ყოველივე: ხორცნი, საქმენი და ცხოვრება, და დაადგერ გარეშე კიდობნისა მის საცხოვრებელისაგან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოვლითავე გულითა და სიყვარულითა შეუვრდი ქრისტესა და პირველთა მათ ცოდვათა გზა უკუნაქციე და უდაბნოთა შინა უვალთა გამოიზარდე და მით საღვთონი მცნებანი წმიდად აღასრულენ.
დიდება

დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.
აწ და

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო; კაცთმოყუარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.


გალობა გ
ძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა შეწყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო, ძლიერ, მართალ და წმინდა ხარ.

სემისა იგი კურთხევა ვერ დაიმკვიდრე, უბადრუკო სულო, და ვერცა ვრცელნი საზღვარნი იაფეტისაებრ პოვენ ქვეყანასა წმიდასა.

გამოვედ, სულო ჩემო, ქვეყანით ცოდვისაით ქარანით და მივედ სოფლად გამომდინარედ უხრწნელებისად, რომელ დაიმკვიდრა აბრაამ.

გასმიეს, სულო ჩემო, ვითარ დაუტევა აბრაამ მამული თვისი და უცხო იქმნა; ემსგავსე შენცა მისსა კეთილსა აღრჩევასა.

მამათმთავარმან, რაჟამს მუხასა თანა მამბრესა ისტუმრნა ანგელოსნი, დაიმკვიდრა მან შემდგომად სიბერისა მადლი იგი აღთქმისა.

ახალი მსხვერპლი ისააკ გულსხმა-ჰყავ, უბადრუკო სულო, შეწირული ყოვლად დასაწველად, ქრისტეს მსგავსად, და ბაძევდ მისსა სათნოებასა.

ისმაილისი იგი განდევნა შენცა გასმიეს, სულო, ვითარცა მხევლისა ნაშობისა; ჰრიდე, ნუუკვე მისებრ გავნოს უძღებებამან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეპყრობილ ვარ და ქვედაკვეთებულ ღელვითა ცოდვისათა, არამედ გევედრები, დედაო: აწ მაცხოვნე მე და მიძღოდე მე ნავთსაყუდელად საღმრთოისა სინანულისად.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მხევლებრივი ვედრებაი შესწირე აწ, დედაო, ყოვლადმოწყალისა მიმართ ღვთისმშობელისა, ღირსო, რათა ვედრებითა შენითა განმიღოს მე საღვთო შესავალი.
დიდება

სამებაო მარტივო, დაუბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ, მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.
აწ და

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა. ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.


გალობა დ
ძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ჰხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

ხორცნი შებღალულ არიან, სული ბიწიან და ყოვლად წუთხმცენარე არს; არამედ ვითარცა მკურნალმან ტკბილმან, ორნივე განკურნენ სინანულითა; განჰბანენ, განსწმიდენ, ქრისტე, და უსპეტაკეს თოვლისა გამოაჩინენ.

ხორცსა თანა სისხლი შენი განუყავ ყოველთა, მორახვიდოდი ჯვარცმად: ხორცნი, რათა კვალად დამბადო, სიტყვაო; სისხლი, რათა უფროის განმბანო, და სული მიეც, რათა მიმგვარო მე, ქრისტე, მშობელსა შენსა მამასა.

მაცხოვარება ქმნა შორის ქვეყანისა შემოქმედმა, რათა მაცხოვნნეს, და ნებსით ჯვარსა დამოკიდებითა პირველ დახშული ედემი განაღო, და მრჩობლთა სოფელთა, თანა ყოველთა წარმართთა ცხოვნებულთა, თაყვანის-სცეს.

სისხლი გვერდისა შენისა ერთბამად სასმელ და საბანელ მექმენინ მე, და წყალი - უფსკრულ შენდობისა, რათა ორკერძოვე განვსწმიდე, ცხებითა და სმითა: ვითარცა საცხებელთა და სასმელთაგან ცხოველთა წყაროთა შენთათა, მხსნელო.

ტაკუკად მოიგო გვერდი შენი ცხოველსმყოფელი ეკლესიამან, რომლისაგან აღმოგვიცენდეს მრჩობლნი წყარონი შენდობისა და ცნობისანი, სახედ ორთა აღთქმათა, სჯულისა და მადლისათა, ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო.

ხუებულ ვარ მე სასძლოსაგან და დაკლებულ ქორწილისაგან და სერობისა, ლამპარი დაშრტა ვითარცა უზეთო და სასძლო დამეხშა მირულებულსა, და სერობა აღკრბა, ხოლო მე, ხელით და ფეხით შეკრული, გარე განმაგდეს.
დიდება

განუყოფელად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.
აწ და

შობ და ქალწულებ, უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად; რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას, რაიცა ენებოს.


გალობა ე
ძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე, ტკბილო, მცნებათა შინა შენთა და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

ფარაოსებრ დავმძიმდი გონებითა, მეუფეო და სული და ხორცნი იანედ და იამბრედ გამოვაჩინე, და დანთქმულ ვყავ გონება, არამედ მსწრაფლ მეწიე.

ნივთთადა შეყოფილ ვარ გონებითა, განმწმიდე, მეუფეო, საბანელითა ცრემლთა ჩემთათა; შეგივრდები, ნივთი ხორცთა ჩემთა თოვლებრ განასპეტაკე.

უკეთუ გამოიძიო საქმენი ჩემნი, მაცხოვარ, ყოველთა კაცთა უფროს აღვემატები ცოდვითა, და ვხედავ თავსა ჩემსა შებღალულად, და ესრეთ ვსცნობ გონებითა ჩემითა, შეგცოდე უმეცრებით, შემიწყალე მე.

მრიდე, უფალო, მრიდე ქმნულსა შენსა, ვსცოდე, მილხინე, მხსნელო, რამეთუ თვით ბუნებით წმინდა მხოლო ოდენ ხარ და არა ვინ არს სხვა ყოვლადუცხო ცოდვისაგან.

ჩემებრ კაცქმნილი ჩემთვის ღმერთი ყოფდი ნიშთა, რაჟამს განსწმედდი კეთროვანთა და დახსნილთა შეამტკიცებდი, ხოლო წიდოვანსა ფესვისა შეხებითა კურნებდი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაუტევენ, ღირსო, ხორცთა გემოვნებანი და განვლე მდინარე იგი იორდანისა, და ჰპოვე შენ თვისად უჭირველი განსვენება; პოვნად მისსა ჩვენცა ღირს-მყვენ აწ ვედრებითა შენითა.
დიდება

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სამწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.
აწ და

შენგან მიიღო ჩემი შემოქმედმან თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.


გალობა ვ
ძლისპირი: ღაღად-ვყავ მე სიღრმით გულისათ მოწყალისა მიმართ ღვთისა და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი და გაბაონელთა მათ საცთურიანთა გულისსიტყვათა სძლევდი.

თანაწარხედ ბუნებით მდინარესა, ვითარ პირველ კიდობანი, და ქვეყანისა მის აღთქმულისა მკვიდრ იქმენ, ღმერთი გიბრძანებს: ერჩდი, დახსნილო სულო.

ვითარ პეტრე აცხოვნე, ღაღადჰყო რა, შემიწყალე მე, მაცხოვარ; მეცა მიხსენ, ქრისტე, მოყავ მარჯვენე შენი, და სიღრმით ზვირთთათ აღმომიყვანე, ტკბილო.

ღელვათაგან მხსნელი ნავთსადგური ხარ, მეუფეო ჩემო, ქრისტე; უფსკრულით ჩემთა მათ არაწმიდებათათ და უსასოებისა სიღრმით მიხსენ, მოწყალე.
დიდება

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.
აწ და

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე, ღვთისმშობელო.

კონდაკი
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.


გალობა ზ
ძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მანასესნი მოიგენ, სულო, აღძრვანი წინაარჩევისანი, და ვითარცა საძაგელნი, აღმართენ ვნებანი და განამრავლენ მოსაწყინელნი, არამედ ბაძევდ სინანულსაცა მისსა და აღსარებასა.

აქაბისთა მოშურნე ქმნილი შეგინებათა, ვაიმე, ჰოი სულო ჩემო, იქმენ ხორციელთა ზრახვათა და ვნებათა სავანე, არამედ სიღრმით სულისა შენისათა სულთ-ითქვენ და მიუთხრენ შეცოდებანი შენნი.

ცანი დაგეხშნეს შენ, ჰოი სულო, და სიყმილი მძაფრი გეწია შენ, ვითარცა თეზბიტელისა ილიას ურჩსა აქაბს; არამედ სარეფთელსა მას ემსგავსე და გამოზარდე შენცა სული წინასწარმეტყველისა.

მოსრნა უკუე ილია ოდესმე ცრუ წინასწარმეტყველნი იეზაბელისნი და ბოროტად წარსწყმიდნა იგინი სამხილებელად აქაბისა, არამედ შენ, სულო, ამას ევლტოდე და მტკიცე იქმენ სარწმუნოებით.
დიდება

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ, სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.
აწ და

გიგალობთ შენ, თაყვანისგცემთ შენ და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ, ქვეყანისათა, შესავალნი ცათანი.


გალობა ც
ძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მართლმსაჯულო იესო, შემიწყალე და მიხსენ ცეცხლისაგან დამსჯელისა, რომლითაცა სამართლად მეგულვების მე დასჯა და განმწმიდე პირველ სიკვდილისა სინანულითა.

ავაზაკისაებრ ვხმობ: მომიხსენე - და პეტრესებრ ვსტირ: მილხინე, მაცხოვარ; მეზვერისაებრ ვგოდებ, მეძავისაებრ ვსცრემლოი; მიითვალე ჩემი გლოვა, ვითარ ქანანელისა.

განკურნე, სულთა მკურნალო, სუნმყრალი წყლულება მდაბლისა სულისა ჩემისა და ცრემლთა ლმობიერთა და საქმეთა კეთილთა წამალი და წყალობისა ზეთი და ღვინო დაასხ.

ქანანელისა მისებრ ვღაღადებ მეცა, შემიწყალე, ქრისტე, ძეო დავითისო, ვითარცა წიდოვანი მივეახლები ფესვსა და ვითარცა მართა და მარიამ, ვსტირ ლაზარეს ზედა.
დიდება

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო; უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.
აწ და

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა; ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.


გალობა თ
ძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

გლახაკთა ახარებდა, სნეულთა კურნებდა და ვნებულთაგან ვნებათა იოტებდა ქრისტე, და მეზვერეთა და ცოდვილთა თანა სჭამდა, და იაიროსის ასულისა სული განსრული ხელისა შეხებითა მოაგო ხორცთა.

მეძავი წმიდა იქმნა, მეზვერე განმართლდა, ხოლო ფარისეველი ზვაობით დაისაჯა. იგი ხმობდა: მაცხოვნე, - და ესე: ღმერთო, მილხინე, - ხოლო მესამე სიქადულით იტყოდა: ღმერთო, გმადლობ შენ სხვათა ხმათა მზვაობართა.

მეზვერე იყო ზაქე, გარნა ცხოვნდა იგი; ხოლო ფარისეველი სიმონ პურის-მტე იქმნა; და მეძავმან მიიღო მადლი ბრალთა შენდობისა, მისგან რომელსა აქვნდა ძალი ცოდვათა მიტევებისა, რომლისა პოვნად იღვწიდ, სულო.

ჰოი, უბადრუკო სულო, არა ებაძვე მეძავსა, რომელმან-იგი მოიღო ალაბასტრი მირონისა ცრემლითურთ და სცხო ფერხთა მხსნელისათა და წარხოცნა თმითა; ხოლო მან პირველთა ცოდვათა მისთა ხელით-წერილი უჩინო ჰყო.

ქალაქთა, რომელთაცა მისცა მხსნელმან სახარება, გასმიეს, სულო, ვითარ იყვედრნეს მისგან; შეშინდი სახისაგან და ნუ ბაძავ მათ, რომელნი-იგი ბოროტთა სოდომელთა მსგავსებითა მეუფემან ვიდრე ქვესკნელადმდე შთახადნა.

ნუსადა დაიხსნები უსასოებითა, სულო, ქანანელისა რწმუნებასა ჰბაძევდ, რომლისათვის ასული მისი განკურნა სიტყვამან და ღაღად-ჰყავ სიღრმით გულისათ მისებრ, ვითარმედ, ჰოი, ძეო დავითისო, შემიწყალე მე.
დიდება

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.
აწ და

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.

ლოცვა ანდრიასი
ანდრია, სამგზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

იხილეთ ასევე:
წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - ორშაბათის საკითხავი

წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - სამშაბათის საკითხავი


წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი - ხუთშაბათის საკითხავი


ბეჭდვა
1კ1