ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისადმი
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისადმი
ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონება ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რათა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა. გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ. საკვრელთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ, მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო. ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლადიღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან, განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი შევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე. დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა შევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელ ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოისა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა. ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი. განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლადუბიწოო ქალწულო, უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე, ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა. ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაი უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლენ, დედუფალო, რათა მწიკვლი სულისა ჩემისა განვწმიდო. სულთქმაი ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო, უძლური ესე ვედრებაი ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმერთსა სახიერსა შესწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთაეს ვნებათა გამომაჩინე. ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნნელ მყავ მე. ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა, ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1