ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ
ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ
ფსალმუნი 69-ე
სამოცდამეცხრე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი მთელი კაცობრიობის სახელით შესთხოვს უფალს და აღწერს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც კაცობრიობა იმყოფებოდა წარღვნამდე. ასევე არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ადამიანები იქნებოდნენ გამოხსნილნი, გამოჩნდებოდა ხსნის გზა მაცხოვრის განკაცებით, ღვთის გამოჩენით.

1. "ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" - დავითი თვითონაც და კაცობრიობის პირითაც ევედრება უფალს, ჩვენს შესაწევნად ისწრაფე, მოგვხედე, შეგვიწყალე, შეგვეწიეო. როგორადაც არ უნდა აღესრულებინათ ღვთისმსახურება, იმის გამო, რომ ადამმა შესცოდა, ადამიანები დაშორდნენ უფალს და დაკარგული ჰქონდათ სასუფეველი. სწორედ ამას ევედრებოდა დავითი უფალს - მოხედოს კაცობრიობას და გამოიხსნას ამ მდგომარეობიდან.

2. "რცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა" - როდესაც შენ მოგვხედავ, უფალო, მაშინ შერცხვენილი იქნებიან, განიდევნებიან, ჩემგან წავლენ ისინი, ვინც ჩვენს სულს ეძებენ - დაცემული ანგელოზები. სირცხვილეულ იქმნებიან იმით, რომ აღარ შეეძლებათ ყველა ადამიანის დაღუპვა, რომლებიც ჩვენთვის ბოროტს ზრახავენ. ბოროტის ზრახვა რა არის? - დაცემულ ანგელოზებს არ უნდათ, რომ ადამიანებმა უფალი განადიდონ, ადამიანები უფალს დაუბრუნდნენ და სასუფეველში შევიდნენ, ისევე როგორც თვითონ არიან ღვთისგან განდგომილნი, უნდათ, რომ ადამიანებიც ასევე იყვნენ.

3. "მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვნლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!" - სირცხვილეულნი განილტვიან დაცემული ანგელოზები ჩვენგან, ისინი, ვისაც უხაროდა ჩვენი დაღუპვა, და ეს მოხდება მაშინ, როდესაც უფალი გამოიხსნის კაცობრიობასო.

4. "გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი" - გალობით და სიხარულით აღგივლენენ ლოცვას, რომლებიც შენ გეძიებენ, რომლებიც მარადიულად განგადიდებენ შენ და რომელთაც უყვართ შენი მაცხოვარება. ვისაც განკაცებული მაცხოვარი უყვარს, სწორედ ის განადიდებს ჭეშმარიტად უფალს და ის დაიმკვიდრებს უფალთანო, - ბრძანებს დავითი.

5. "ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი" - ჩვენ კი გლახაკები და დავრდომილები ვართ, არ გვაქვს ის სიმდიდრე, რაც მაცხოვრის განკაცების შემდეგ მიეცათ ადამიანებს, ანუ ცათა სასუფეველი, და ნუ გვყოვნი, მოგვხედე და შეგვეწიე, უფალოო, - მიმართავს დავითი უფალს. დავით წინასწარმეტყველმა იცის, რომ მაცხოვარი მოვა, განკაცდება ღმერთი, გამოიხსნის კაცობრიობას და ადამიანებს დააბრუნებს ცათა სასუფეველში, მაგრამ ევედრება ძველი აღთქმის კაცობრიობის სახელით, ნუ აყოვნებ, უფალო, დროზე აღასრულე შენი ეს გამომხსნელი ქმედება იმისათვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაუბრუნდეს ცათა სასუფეველსო.

ბეჭდვა
1კ1