აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა
აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა
ფსალმუნი 67-ე
67-ე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

28. "ბრძანე, ღმერთო, ძალთა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის" - შენი ბრძანებით განაძლიერე, უფალო, მოციქულები და ის ძალა, რაც მათ ჩვენ შორის ქმნეს, მხოლოდ და მხოლოდ შენი იყო, შენი ძალით აღარულეს ყოველივე.

29. "ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი" - იერუსალიმის ტაძარში აქ კონკრეტულად იერუსალიმის ტაძარი კი არ იგულისხმება, არამედ საღმრთო ტაძარი, ერთიანი განუყოფელი ეკლესია. სწორედ ამ ეკლესიაში, ანუ ქრისტიანულ ეკლესიაში მეფეებმაც კი მიიტანეს ძღვენიო, - ბრძანებს დავითი. ეს არის წინასწარმეტყეველება, არათუ უბრალო ხალხის, არამედ მეფეთა მოქცევისა და მეფეთაგან ღვთის განდიდების შესახებ.

30. "შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვერცხლითა. განაბნინე წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი" - "ლერწმიანების მხეცები" შემუსრე, ღმერთო. ლერწმის მხეცები - მტაცებელი მხეცნი ხშირად უდაბნოში უსაფრდებოდნენ ადამიანებს და მათ ხორციელად იტაცებდნენ, ხორციელად ღუპავდნენ, მაგრამ ლერწმიანის მხეცებში აქ არ იგულისხმებიან მიწიერი მხეცები, მიწიერი მტაცებლები, არამედ სულიერი მხეცები, დაცემული ანგელოზები, რომლებიც ზეციური იერუსალიმისკენ მიმავალ ადამიანებს უსაფრდებიან, სურთ, რომ ადამიანთა სულები მოიტაცონ და განაშორონ უფალს და ღვთის მცნებების აღსრულების გზაზე აბრკოლებენ მათ. მამები გვეუბნებიან, რომ "ზუარაკთა დიაკეულთაში" იგულისხმებიან იუდეველები და ყველა ის ადამიანი, რომელიც წინ აღუდგება ღვთის მცნებების აღმასრულებელს. "გამოცდილნი ვერცხლითა" კი ქრისტეს სამწყსო, ღვთის მცნებების აღმასრულებელნი არიან. მათი დამაბრკოლებელნი შერისხე, უფალო, როგორც კაცნი, ასევე დაცემული ანგელოზები და განაქარვე მათი ძალი და მათი ძალაუფლებაო. "განაბნინე წარმართნი, რომელთა ნებავთ ბრძოლანი" - განაბნიე, ანუ ჩამოაცილე ეკლესიას, რომელნიც ქრისტიანებს ებრძოდნენო. წარმართების გაბნევა, განადგურება იქმნა წარმართობის განადგურებით, წარმართობა მოისპო, ხოლო თავად წარმართებმა დაიმკვიდრეს უფალთან, შეიქმნენ რა ღვთის მადიდებლები. ეს არის წინასწარმეტყველება წარმართობის მოსპობის, განადგურების შესახებ.

31. "მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი კვლავ წინასწარმეტყველებს მთელი სამყაროს მოქცევის შესახებ, ეგვიპტელსა და ინდოელში იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელიც მოიქცა და განადიდა უფალმა.

32. "მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა" - მეფეებიც კი განადიდებენ და უგალობენ უფალსო, - წინასწარმეტყველებს დავითი. როგორც ვთქვით, არა მხოლოდ უბრალო ადამიანები, არამედ ამ ქვეყნის მთავარნიც თავიანთი საქმეებით, თავიანთი სიტყვით განადიდებდნენ და უგალობდნენ უფალს.

33. "რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი, ხმაი ძლიერებითა" - "რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა" - ეს არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის ამაღლების შესახებ. "აღმოსავალით" - აქ იგულისხმება სულიერად აღმოსავლეთი, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რომ, ეცვა რა მაცხოვარი იერუსალიმის დასავლეთით ჯვარს, ამაღლდა იერუსალიმის აღმოსავლეთით. ფაქტობრივად ადგილებიც კი მითითებულია წინასწარმეტყველურად დავითის მიერ, თუ სად მოხდებოდა მაცხოვრის ჯვარცმა, აღდგომა და ზეცად ამაღლება მიწიერად; შემდეგ კი ბრძანებს: თავისი ძლიერების ხმა მოსცა უფალმა კაცობრიობას, განანათლა კაცობრიობაო.

34. "მოეცით დიდებაი ღმერთსა; ისრაელსა ზედა დიდად შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა" - ისრაელში აქ იგულისხმება ახალი აღთქმის ეკლესია, ანუ ქრისტიანები, ღვთის მადიდებელნი. ისრაელთა, ღვთის მადიდებელთა, ქრისტეს მიმდევართა შორის გამოჩნდა ღვთის დიდება და შვენიერება.

35. "საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელსაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა. კურთხეულ არს ღმერთი" - ვიცით, რომ თავად ადამიანის ბუნება არის უძლური, სწრაფმიდრეკილი სხვადასხვა მხარეს, მაგრამ უძლური ბუნების მქონე ადამიანებს შორისაც კი უფალი თავისი საკვირველებით გამოჩნდება, მათ შორის, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებს. საკვირველი ის იქნება, რომ ასეთი ბუნება ადამიანისა, ძალიან დამყოლი, ისეთი მტკიცე შეიქმნება, თავად წამების და სიკვდილის შიშითაც კი არ უარყოფენ უფალს ქრისტიანებიო. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი, როდესაც ბრძანებს: საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა - ადამიანთა მიერ აღსრულებული ღვთის სადიდებელი საქმეებია საკვირველი, რადგან წარმოუდგენელია, ეს ადამიანმა ქმნას, თუ არა ღვთის შეწევნით. "მან მოსცის ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა" - სწორედ უფალია ადამიანებისათვის ძალის და სიმტკიცის მიმცემი და აღმასრულებელი იმ საქმეებისა, რომლებიც განადიდებს უფალს; "კურთხეულია უფალი" - რა თქმა უნდა, ღმერთი კურთხეულია და განდიდებულია იმ ქრისტიანთა და იმ წმინდანთა მიერ, რომლებიც თავიანთი სიტყვით, თავიანთი საქმით, თავიანთი ცხოვრების წესით განადიდებენ უფალს.

ბეჭდვა
1კ1