ფსალმუნის კითხვა
ფსალმუნის კითხვა
დღეს თითქმის ყველა მორწმუნე დავითნს კითხულობს. ზოგიერთი მათგანი კი სპეციალურ ყელსაბამებსა და სამაჯურებს ყიდულობს, რომლებშიც ფსალმუნებია მოთავსებული. თუმცა ყველამ არ იცის მისი ისტორია, რას წარმოადგენს ფსალმუნი, რატომ და როდის ვკითხულობთ მას.

წმინდა ფსალმუნების შესახებ საკმარისია ითქვას, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არ არის არცერთი ღვთისმსახურება, რომლის დროსაც ფსალმუნი არ გამოიყენება. თვით ჩვენი უფალი საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთისადმი დიდებასა და მადლობას გამოხატავდა ფსალმუნთა გალობით. ცხოვრების ყველა შემთხვევის, გლოვისა და მწუხარების თუ სიხარულისა და მხიარულების დროს ფსალმუნებით ქრისტიანს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები ღვთისადმი. ცნობილია, რომ ფსალმუნები ძველად სასწავლო წიგნი იყო. მისი დახმარებით სწავლობდნენ ჩვენი მამები და ბაბუები წერა-კითხვას, ღვთის სიტყვა ყრმობიდანვე ავსებდა მათ გულებს და იცავდა მათ ბევრი უბედურებისაგან.

ფსალმუნები ებრაელთა დიდებული მეფისა და წმინდა წინასწარმეტყველის, დავითის კალამს ეკუთვნის. მათი სახელწოდებაც წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "ფსალმოს" – ვგალობ, - საგალობელი. ფსალმუნი (სადიდებელი, საგალობელი) ეწოდება მუსიკალურ სიმებიან ინსტრუმენტს. ეს საკრავი დავითის განუშორებელ საკრავს წარმოადგენდა. საკრავის სახელიდან წამოდგება ფსალმუნთა სახელწოდება.

ფსალმუნების დაწერის ისტორია დავით მეფის ცხოვრებას უკავშირდება. ის არა მარტო გამორჩეული მეფე, გამორჩეული სარწმუნოების მქონე ადამიანიც გახლდათ. მისი წარმატებები საერო საქმიანობაში სარწმუნოებასთან მჭიდრო კავშირში იყო. მიუხედავად ამისა, დავით მეფემ მაინც დაუშვა შეცდომები, მძიმე ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა და უფლის შეწევნით, დიდ სინანულში იყო. ფსალმუნები (საგალობლები) დავით მეფის სინანულის შედეგია და მან ის საეკლესიო ჰიმნების სახით გამოხატა.

ფსალმუნების, დავითნის კითხვა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის დიდი მადლია. ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, იოანე ოქროპირი ამბობს: "უმჯობესია მზემ დაკარგოს თავისი ბრწყინვალება, ვიდრე ის, რომ ფსალმუნების კითხვას თავი დავანებოთ". კესარია-კაპადუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი კი 379 წელს წერდა: "არც ერთი სხვა წიგნი ისე არ ადიდებს ღმერთს, როგორც წიგნი ფსალმუნთა, რომელიც ძლიერ სასარგებლოა სულისათვის და განმწმენდელია გონებისა. იგი აერთებს კაცს ზეციერ ძალებთან ღვთის სადიდებლად, ანგელოზებრივი ხმით ღაღადებს მშვენიერად, საშინელი ძალით წყევლის ეშმაკებს და შეაძრწუნებს მათ მზაკვრობას".

ფსალმუნები წმინდა დავითის სიცოცხლეშივე იკითხებოდა ძველი აღთქმის ტაძრებში, მერე კი - პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიებში. მსახურების ძირითად ნაწილს მათი გალობა შეადგენდა. იმ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობა შედიოდა, პირველ რიგში, დავითნი ითარგმნებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც შუშანიკ დედოფალი დაატუსაღეს, ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მან თან წაიღო, ფსალმუნები იყო. როგორც ჩანს, საქართველოში ის მაშინაც კი ნათარგმნი გახლდათ.

IV ს-ში 150 ფსალმუნი 20 კანონად დაიყო, რომლებიც, თავის მხრივ, სამ დიდებას ქმნის. მათი კითხვა შეიძლება ნებისმიერი მიზეზით - მიცვალებულთათვის, სნეულთათვის, ჯანმრთელობისათვის, მშვიდობისთვის (შესაბამის ლოცვებთან ერთად).

ფსალმუნების კითხვა ყოველთვის შეიძლება, თუმცა განსაკუთრებით მარხვაში იკითხება, რადგან სინანულის გამომწვევია. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლოცვაა და ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებს. ზოგჯერ ფსალმუნის მკითხველთა ჯგუფები იქმნება. ფსალმუნები იკითხება როგორც ცოცხლების, ასევე, გარდაცვალებულთათვისაც. მათი კითხვა გარდაცვლილი ადამიანის სულს დიდ შვებას აძლევს.

ფსალმუნებს ისეთი დიდი ძალა აქვთ, რომ მათი ტარებაც კი ადამიანებს განსაცდელებისგან იცავს, ისევე, როგორც ჯვარი და ხატი. ამ მხრივ 50-ე და 90-ე ფსალმუნებია გამორჩეული. ეკლესია ყველაზე ხშირად სწორედ მათ მიმართავს, თუმცა დავითნში შესული ყველა ლოცვა მნიშვნელოვანია.

ფსალმუნები, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, მოძღვრის კურთხევის თანახმად უნდა ვიკითხოთ.

ბეჭდვა
1კ1