შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი
შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი
ფსალმუნი 63-ე
ამოცდამესამე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ეს ფსალმუნი დაწერილია მოციქულთა ღვაწლზე. დავით მეფე წინასწარმეტყველური სულით განჭვრეტს მაცხოვრის მოსვლას და განჭვრეტს მოციქულთა ღვაწლს - თუ როგორ გავრცელდა მოციქულთა სიტყვით, მოციქულთა ქადაგებით ღვთის სიტყვა და რა განსაცდელებისა და ჭირთა დათმენა ელოდათ მოციქულებს ღვთის სიტყვის გავრცელებისათვის. ფსალმუნის სათაურია: "დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი", - დასასრული უკვე დასრულებულს ნიშნავს, ანუ მასში საუბარია უკვე აღსრულებულ წინასწარმეტყველებაზე. ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის მოსვლით აღესრულა ყველა წინასწარმეტყველება ძველი აღთქმისა.

1. "შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რა მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი" - დავით წინასწარმეტყველი და მოციქულებიც ამ სიტყვებით ევედრებიან უფალს: ღმერთო, შეისმინე ჩემი ხმის, მხოლოდ შენდამია ჩემი ვედრება და მტრის შიშისაგან მიხსენიო, - იმ შიშისა, რომელსაც მტერი ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანის წინააღმდეგ აღძრავს, რომ დაღუპოს მისი სული.

2. "დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთაისა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა" - დავითი წინასწარმეტყველურად წარმოთქვამს მოციქულთა პირით - იუდეველთა ამბოხისაგან მიხსენი და დამიფარე, უფალოო. იუდეველები როგორც მაცხოვრის წინააღმდეგ შეითქვნენ და ცდილობდენენ ჯვარს ეცვათ იგი, ასევე განუწყვეტლივ იმის მცდელობაში იყვნენ, რომ მოციქულთა წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ და დაეღუპათ ისინი - მათი ამბოხი და უკეთურებათა სიმრავლე მოციქულთა ქმედებების წინააღმდეგ იყო მიმართული და მათი ეს ამბოხი და უკეთურება არა სიმართლეზე, არამედ სიცრუეზე იყო აგებული.

3. "რომელთა აღილესნეს ვითარცა მახვილნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშვილდსა მათსა საქმე სიმწარისაი" - მათი, იუდეველთა, ენები ალესილი მახვილის მსგავსად იყო მომართული, რათა არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც მოეკლა ღვთის მადიდებელი ადამიანები, მოციქულები. მოციქულების განადგურება და მოკვლა მათ იმიტომ უნდოდათ, რომ ღვთის სიტყვა არ გავრცელებულიყო ქვეყანაზე, ამიტომაც იყო, რომ როგორც მახვილი და გარდაცმული მშვილდი, ისე იყვნენ აღძრულნი მოციქულთა წინააღმდეგ.

4. "რაითამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოი; მყის სისრაუყონ მას, და არა შეეშინონ" - "უბიწონი" მოციქულები და ღვთის სიტყვის მქადაგებლები არიან. იუდეველებს დაფარულში უნდოდათ მათი განადგურება, ისე, რომ ხალხს არ გაეგო, როგორ მოაშთობდნენ და გაანადგურებდნენ ღვთის სიტყვის მქადაგებლებს. "მყის სისრაუყონ და არა შეეშინონ", - ისე სურთ, მოსრან ისინი, რომ ღვთის არ შეეშინდეთ. იუდეველებს ღვთის შიშიც კი დაკარგული ჰქონდათ, როდესაც ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებს აღასრულებდნენ.

5. "განმტკიცნენ თავისა თვისისა სიტყუაი უკეთური, მიუთხრეს დარწყუმაი მახისაი; და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?" - დავითი კვლავ იუდეველთა მღვდელმთავრებისა და სჯულისმეცნიერების შესახებ წინასწარმეტყველებს - ისინი თავიანთ თავში, თავიანთ სიცრუის სიტყვაში განმტკიცდნენ და მახის დაგებას ცდილობდნენ მოციქულთა წინააღმდეგ, ისევე როგორც, ვთქვათ, პავლე მოციქულის წინააღმდეგ შეითქვა ორმოცზე მეტი ადამიანი, ჩასაფრებულნი იყვნენ, როგორმე პავლე იერუსალიმში აეყვანათ და მოეკლათ, მაგრამ მათი ზრახვები უფალმა განაცხადა, პავლეს დისწულის პირით განუცხადა ათასისთავს და ასე ჩაიშალა მათი ბოროტი ზრახვები. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უმზადებდნენ, უგებდნენ მოციქულებს მახეებს იუდეველები; "და თქვეს: ვინ იხილნეს იგინი?" - თვითონ შეთქმულებას ყოფდნენ, რომ მოციქულებისთვის მახე დაეგოთ და თან ამბობდნენ, ამის შესახებ ვერავინ გაიგებსო, მაგრამ უფალი ძალიან ხშირად განაცხადებდა ხოლმე მათ ზრახვებს.

6. "გამოიძიეს უსჯულოებაი, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისაითა" - უსჯულოებას ეძიებდნენ - უსჯულოდ გამოიძიებდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მოციქულთა დაღუპვა და ამას ადამიანური გონებით წყვეტდნენ, მაგრამ მოციქულთა და ღვთის სიტყვის მქადაგებელთა მფარველი თავად უფალი იყო - ისინი ღვთის წინააღმდეგ შეითქმებოდნენ და ამიტომაც ვერას აკლებდნენ მოციქულებს.

7. "და ამაღლდეს ღმერთი. ისარ ჩჩვილთა იქმნეს წყლულებანი მათნი" - შეიძლება პირდაპირაც ვიგულისხმოთ, რომ დავითი აქ წინასწარმეტყველებს უფლის ამაღლების შესახებ, შეიძლება ასევე ვიგულისხმოთ, რომ, მიუხედავად იუდეველთა ამ ქმედებებისა, მთელ დედამიწაზე განივრცო ღვთის სიტყვა და ადამიანთა გულებში ამაღლდა უფალი. იუდეველების მიერ მიყენებული წყლულები, ზიანი კი ისევე იყო ქრისტიანებსა და ღვთის სიტყვის მქადაგებლებზე, როგორც პატარა ბავშვების მიერ გაკეთებული ისრები აყენებს წყლულებს ადამიანს, ანუ მათგან მიყენებული წყლულები უკვე უმნიშვნელო იყო ღვთის წყალობით, რადგან უფალი იფარავდა თავის მადიდებლებს.

8. "და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ" - თავიანთი უკეთურებით მოუძლურდნენ და აღარ შეეძლოთ ღვთის სიტყვის მქადაგებლთა წინააღდგომა. ხოლო ყველა, ვინც ხედავდა, ნახა, რომ ესენი, მოციქულები, იყვნენ ჭეშმარიტად ღვთის სიტყვის მქადაგებლები, შეძრწუნდნენ, რადგან მოციქულთა სიტყვა გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ისინი რომ სიცრუის მქადაგებელნი ყოფილიყვნენ, თავისთავად ვერ გავრცელდებოდა მათი სიტყვა.

9. "და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისხმა-ყვნეს" - ამ სასწაულების მხილველი ადამიანები შეშინდნენ, მიატოვეს თავიანთი უსჯულოება და გახდნენ ღვთის მადიდებლები და ქრისტიანები. ვიცით, რომ ბევრმა იუდეველმაც მიიღო ქრისტიანობა, მაგრამ გაცილებით მეტმა წარმართმა მიიღო ქრისტეს სჯული და ღვთის საქმეების განმაცხადებელი შეიქნენ ეს ადამიანები.

10. "იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას, იქნენ ყოველნი წრფელნი გულითა" - ღვთის მიმართ, ღვთის მიერ ქმნილი სიკეთეებით იხარებდეს და უფალს ესვიდეს, ღვთის იმედად იყოს ყოველი მართალი და ყოველი წრფელი გულითა - ის, ვინც წრფელი გულით შეუდგება უფალს.
ბეჭდვა
1კ1